Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელები კვლავ გზის გახსნას ითხოვენ. გადადებული აქცია


„131 დღეა, ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი.

10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება.

მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა, აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი - არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან.

მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას.

გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო თბილისამდე ჩასაღწევად. ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია მისი გამოყენება დოკუმენტის (საშვი) არარსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება - თარიღისა და ბეჭდის დასმა, მაგრამ თვეებს ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არა აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით, საშვი არა აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, "არ ისარგებლესო".

თქვენ მეტი ძალა გაქვთ გადასცეთ ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას - ვითხოვთ გადაადგილების თავისუფლებას. ან მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას“, - ეს ტექსტი სოციალურ ქსელში დღეს სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გამოაქვეყნა და დახმარებისთვის ადამიანის უფლებადამცველებს მიმართა.

გასული წლის ბოლოს ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა, და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა გაიმართა. ახალგორელები მას გზის გახსნას სთხოვდნენ.


ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, მას პირდაპირ უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა დაბაში მცხოვრებლებისთვის ახალი წელი მიელოცა. მიუხედავად პროტესტისა, ეს ქალი თბილისისკენ ამ დრომდე არ გამოუშვიათ.

კვლავ მძიმეა ახალგორის მცხოვრებ თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმმა ის თბილისისკენ არ გამოატარა. პირველი სამედიცინო დახმარება ცხინვალში გაუწიეს, მაგრამ ამით დაშავებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. თამარ გიგაურის ძმისშვილი, ნანა გიგაური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამიდას ისევ ტკივილები აწუხებს.

სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის თქმით, ვითარება დაბაში საგანგაშოა და მოსახლეობა სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, საშვის მქონე მოქალაქეებისთვის სინაგურის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია, მაგრამ უმრავლესობის საშვს ვადა გაუვიდა, ზოგს გადაადგილება უჭირს. ახალგორიდან ცხინვალის გავლით საჩხერემდე ჩასვლას 6 საათზე მეტი სჭირდება, საჩხერიდან თბილისამდე - კიდევ დამატებითი დრო და ხარჯი. ჯამში, 300 კილომეტრზე მეტი გზაა გასავლელი ახალგორიდან სინაგურის გავლით თბილისამდე, მაშინ როცა ოძისის გავლით 40 წუთზე ნაკლებია საჭირო. ანატოლი ბიბილოვი კი ამ გზის გახსნას წნელის-ჩორჩანის საგუშაგოების საკითხის გადაჭრამდე არ აპირებს.

ახალგორელები დღეს ოძისის საპოლიციო პოსტთან ღამის 12 საათისთვის აქციის გამართვას აპირებდნენ. მათი სურვილი იყო დაბაში დარჩენილებისთვის ძველით ახალი წელი მიელოცათ და მიემართათ მათი ყურადღება იმ პრობლემისკენ, რომელიც ახალგორში დარჩენილებს აწუხებთ. წეროვანში მცხოვრები ახალგორელები ოძისისკენ გამგზავრებას ღამის 11 საათზე გეგმავდნენ, მაგრამ, როგორც მათთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე ადამიანს გადაადგილების უფლება მისცეს და ინფორმაციაც გავრცელდა, რომ გზა შესაძლოა თვის ბოლოს გაიხსნას, ამიტომ ეს აქციაც იანვრის ბოლომდე გადაიდო.

ნანა გიგაური რადიო თავისუფლებასთან ხაზგასმით ამბობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი აქცია, დაბაში დარჩენილთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად და გზის გახსნის პრობლემისთვის როგორც საქართველოს, ისე დე ფაქტო ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად.

იმედის ნაპერწკალი ახალგორელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მოსაბრუნის გამშვებ პუნქტზე რამდენიმე პაციენტს გადაადგილების უფლება მისცეს, თუმცა ჯერ ისევ შეუსრულებელია დე ფაქტო პრეზიდენტის პირობა, რომ პენსიონერებსაც მიეცემოდათ საშუალება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ და კუთვნილი პენსია მიეღოთ. ახალგორელების ნაწილის ოპტიმიზმს არ იზიარებს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი აზრით, გზა არც თვის ბოლოს გაიხსნება.

ახალგორის ე. წ. გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული. ამ თემაზე საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არაერთი უშედეგო შეხვედრა გაიმართა. ბიბილოვის ხელისუფლება გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქრთველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. ახალგორელები კი, ოთხ თვეზე მეტია, დახმარებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG