"აჩუქე წიგნი" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. და კარგი იქნებოდა, თუ ერთი ასეთი დღე საქართველოშიც იქნებოდა:
„რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ წიგნების ჩუქების ტრადიცია სწორედ ამ დღეს დამკვიდრდება.
„მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეტ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ“, - მოუწოდებენ წიგნის გაჩუქების მსურველებს იდეის ავტორები.
გიორგი კეკელიძე იხსენებს მწერალ ჯაბა ზარქუას რამდენიმე წლის წინანდელ ინიციატიავას, როცა ქალაქში „მოსიარულე წიგნები“ გამოჩნდა - ადამიანები კონკრეტულ წარწერია წიგნებს სხვადასხვა ადგილას ტოვებდნენ და მათ ახალი პატრონი პუულობდა.
„ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
სოციალურ ქსელ ფეისბუკში წიგნის ჩუქების კამპანიის ჰეშთეგია #აჩუქე წიგნი.