Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება სურს


2018 წლის 18 ივნისს სენატმა დაამტკიცა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელშიც საქართველო, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, დასახელებულია აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

კანონპროექტის 1235-ე ქვეთავში, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას შეეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE), აღნიშნულია, რომ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების სტრატეგიას წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატოს ძალებთან თავსებადობას.“

აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ პროექტში ხაზი ესმება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ხელი შეუწყოს ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის რესურსების მობილიზებას და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სრულად გამოყენებას. დოკუმენტის თანახმად, უნდა გაფართოვდეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოსა და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების მასშტაბი და გაიზარდოს სიხშირე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სენატის სამხედრო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის პარტნიორებისათვის ევროპაში და, სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებასთან ერთად, არღვევს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში ნახსენებია უკრაინა და საქართველო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების მიხედვით, უნდა შეჯამდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ვერსიები, რაც უახლოეს თვეებში მოხდება. ამის შემდეგ კი, საერთო ტექსტს კენჭს უყრიან როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. დოკუმენტს საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG