FBI-მ აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოების შესახებ
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სამშაბათს გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ორი ახალი ყალბი ვიდეოს შესახებ.
სააგენტომ, კერძოდ, განაცხადა ფალსიფიცირებული საინფორმაციო ვიდოეს გავრცელების შესახებ, რომლის ავტორობა მცდარად მიეწერება თავად FBI-ს. მასალა შეიცავს ამერიკელებისადმი მოწოდებას, დისტანციურად მისცენ ხმა, ვინაიდან თითქოს საარჩევნო უბნებზე მაღალია ტერორიზმის საფრთხე, იუწყება „ამერიკის ხმა“.
ასევე სიცრუეს უწოდებენ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია FBI-ის ყალბი პრესრელიზი. მასში ნათქვამია, რომ ციხის ხელმძღვანელებმა რიგ საკვანძო შტატებში გააყალბეს პატიმართა კენჭისყრის შედეგები და ერთ-ერთ პარტიასთან გარიგებაში შევიდნენ.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.
კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრები სწორედ ასეთ შტატებში გამართეს.
აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს
5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.
არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით ისარგებლა 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია.
კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების რუკა - 2024
ფორუმი