აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სამშაბათს გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ორი ახალი ყალბი ვიდეოს შესახებ.
სააგენტომ, კერძოდ, განაცხადა ფალსიფიცირებული საინფორმაციო ვიდოეს გავრცელების შესახებ, რომლის ავტორობა მცდარად მიეწერება თავად FBI-ს. მასალა შეიცავს ამერიკელებისადმი მოწოდებას, დისტანციურად მისცენ ხმა, ვინაიდან თითქოს საარჩევნო უბნებზე მაღალია ტერორიზმის საფრთხე, იუწყება „ამერიკის ხმა“.
ასევე სიცრუეს უწოდებენ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია FBI-ის ყალბი პრესრელიზი. მასში ნათქვამია, რომ ციხის ხელმძღვანელებმა რიგ საკვანძო შტატებში გააყალბეს პატიმართა კენჭისყრის შედეგები და ერთ-ერთ პარტიასთან გარიგებაში შევიდნენ.
FBI-ს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ამ ჩანაწერების დამზადებისთვის. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სააგენტომ რუსეთის გავლენის აგენტები დაადანაშაულა ფალსიფიცირებული ონლაინ პუბლიკაციებისა და ვიდეოების გავრცელებაში, რაც ოფიციალური პირების თქმით, ფართო მასშტაბის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით დილის 11 საათისთვის არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები კენჭისყრის პროცესში რაიმე რეალური ან ფართო მასშტაბის შეფერხებების შესახებ.
ფორუმი