ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა, არჩევნებამდე უკანასკნელი მიტინგი გამართა პენსილვანიაში - ერთ-ერთ მთავარ მერყევ შტატში, რომელშიც რამდენიმე სხვა მსგავს შტატთან ერთად გადაწყდება არჩევნების ბედი.
„ჩვენი ბრძოლა არის არა რაღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცისთვის... დღეს ვასრულებთ ისე, როგორც დავიწყეთ: ენერგიით, ოპტიმიზმით, სიხარულით,“ თქვა მან.
მან მიმართა ახალგაზრდებს და იმათ, ვინც პირველად მონაწილეობს კენჭისყრაში: „ვხედავ თქვენს ძალას და ვამაყობ თქვენით“.
როგორც BBC შენიშნავს, ჰარისმა იცის, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის მას ახალგაზრდა ამომრჩეველთა ხმები სჭირდება.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალ ტრამპი, არჩევნების წინ გამოვიდა ქალაქ გრანდ-რაპიდსში, მიჩიგანში - კიდევ ერთ საკვანძო მნიშვნელობის შტატში. მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიჩიგანში დაასრულა საარჩევნო კამპანია.
„დღეში ოთხი ასეთი [მიტინგის] ჩატარება ცოტა რთულია“, თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მხარდაჭერა, რომელიც მას გამოუხატეს ყოველ მათგანზე, ღირდა ამად.
„ჩემი უწყება თქვენთვის და ყველა ამერიკელისთვის დღეს ძალიან მარტივია: ასე არ უნდა ვიცხოვროთ,“ თქვა ტრამპმა.
თავის მომხრეებს მან უთხრა, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში და დასძინა: „პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იქნება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება“.
- კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
- კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
- არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი გახდება აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი.
- მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
ფორუმი