გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ 17 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში.
ოთხშაბათ დილას მისი ვიზიტი ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, შემდეგ კი სახელმწიფო სტრუქტურებში გაგრძელდა. ის შეხვდა:
- ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს;
- პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს;
- გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, ბაკურ აბულაძეს.
შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მათი დეტალური შინაარსი - კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ამა თუ იმ შეხვედრაზე - უცნობია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რიჩარდ ნეფიუსთან, ფაქტობრივად, „ყველაფერზე“ ისაუბრეს, რასაც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრობლემად ხედავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის თქმით, ისაუბრეს „კონკრეტულ საკითხებზეც, სტრატეგიულ თემებზეც და ინსტიტუციურ გადაწყვეტებზეც“.
„მთავარი გამოწვევა - ელიტური კორუფცია“
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI-ის) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს მთავარი გამოწვევა ელიტურ კორუფციასთან ეფექტური ბრძოლაა.
2023 წელს ქართულ მედიაში არაერთი შემთხვევა გაშუქდა სავარაუდო ელიტური კორუფციის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უფროსი ვაჟისათვის ჩარტერული რეისი იყო.
- აგვისტოში პრემიერის ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა; მის უფროს ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა;
- 9 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ ღარიბაშვილები ჩარტერული რეისით, სამთავრობო თვითმფრინავით წავიდნენ ევროპაში;
- ამავე ცნობებით, ღარიბაშვილებს სამთავრობო ბორტი დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა მიუნხენში
- მოგვიანებით ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჩარტერული ფრენის ხარჯი - 34 000 ევროს ეკვივალენტი ლარში - ანუ დაახლოებით 95 000 ლარი - ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ტარიელ ღარიბაშვილი პრემიერის პენსიონერი მამაა, რომელიც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა;
- ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ხელისუფლებამ ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან ამ შემთხვევაზეც ვისაუბრეთო, უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, თინა ხიდაშელმა.
მაგრამ კორუფციის რისკებსა და შესაძლო კორუფციულ სქემებზე საქართველოში უფრო ფართო კონტექსტშიც ბევრს და ხშირად საუბრობენ, - მათ შორის სახელმწიფო ტენდერების გამარტივებული შესყიდვების სქემის გამოყენებით.
დღესაც, 17 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ 2023 წელს იმ 10 კომპანიიდან, რომლებმაც გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებისგან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, 4 კომპანიასთან დაკავშირებული პირები „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.
TI-ის თანახმად, მათ შარშან 375 000 ლარი შესწირეს „ოცნებას“.
ანტიკორუფციული ბიურო - ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
„ელიტურ არსებული სისტემა არ არის ეფექტური [ამ პრობლემასთან საბრძოლველად]. ის უწყებები, რომლებიც ელიტურ კორუფციას უნდა ებრძოდნენ, არ არიან ეფექტურები. ამიტომ ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს გარშემო გაძლიერებული სისტემის შექმნას - რომ ანტიკორუფციულ ბიუროს დაემატოს კორუფციული საქმეების გამოძიების მანდატი“, - განუცხადა IDFI-ის ხელმძღვანელმა, გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ნეფიუსთან შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის პრესცენტრის თანახმად, სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა რიჩარდ ნეფიუსთან შეხვედრისას ისაუბრა „უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით“ და „მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს“.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ერთ-ერთი რეკომენდაციის საფუძველზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სააგენტოს შექმნით საქართველომ ერთ-ერთი ევრორეკომენდაცია შეასრულა.
მაგრამ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების კითხვის ნიშნები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც გაითვალისწინეს.
როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, საქართველოს მანამდე გაცემული 12 რეკომენდაციიდან არაერთი დათქმა გადაჰყვა წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.
საქართველოს თუ სურს, ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოუწევს, უზრუნველყოს „ანტიკორუფციული ბიუროს … ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.
ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ამ უწყებასთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით“ და „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება“.
როდესაც ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა წარადგინა, მისი ერთ-ერთი პუნქტი ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავდა.
თუმცა კორუფციის საკითხებზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბიუროს მუშაობის მთავარი პრობლემა სისტემურია. კერძოდ:
- ბიუროს არ აქვს თავად გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა;
- ბიუროს ხელმძღვანელის პრემიერი ნიშნავს.
TI-ის შეფასებით, პრემიერის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის.
2023 წლის 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ ეს არგუმენტი გაიზიარა და განაცხადა, რომ „ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს სამსახურის სათანადო დამოუკიდებლობას. პოლიტიკური პარტიების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგში მისი უფლებამოსილება დამატებით გარანტიებს მოითხოვს“.
თინა ხიდაშელის თქმით, ნეფიუსთან შეხვედრაზე ანტიკორუფციულ ბიუროზეც ისაუბრეს: „მთავარი ორი მიმართულება, რომელიც რეალურად სახეზე უნდა ყოფილიყო - სააგენტოს დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილება, არ არის სახეზე, ამაზე ვენეციის კომისიამაც მიგვითითა და ძალიან ნათელი და ღია ჩანაწერი გაჩნდა მათ შეფასებაში და, ბუნებრივია, ამაზე იყო საუბარი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
პოლიტიკური გამოხმაურებები
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი პოლიტიკურმა პარტიებმაც შეაფასეს.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარტნიორები „კარგად ხედავენ იმ კორუფციულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ააწყო“.
„ეს ინფრასტრუქტურა კარგად ჩანს თბილისის მერიის მაგალითზე, ჩავარდნილი ტენდერების მაგალითზე და ყველგან, სადაც „ოცნება“ აფათურებს ხელს. პარტნიორების ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული, რაიმე პოზიტიური ნაბიჯი იქნას გადადგმული ანტიკორუფციული მიმართულებით“.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის ბოლოს მესამედ გადაწყვიტა პოლიტიკაში ფორმალურად შემოსვლა, თქვა, რომ ის „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესრულებას გეგმავს და გუნდის ცდუნებებისგან, მათ შორის - კორუფციული ცდუნებისგან დაცვას აპირებს.
მაგრამ, საბა ბუაძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი კორუფციული ინფრასტრუქტურის არქიტექტორი: „[ივანიშვილმა] რეალური რეფორმების ნაცვლად მოიყვანა კორუფციის მთავარი სიმბოლო, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საკუთარი თავის ქვეშ შექმნა გაუგებარი დაწესებულება, რომელიც არის ლეღვის ფოთოლი იმ კორუფციული საქმიანობის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან“, - ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველო „წარმატებული სახელმწიფოა ანტიკორუფციული მიმართულებით“. ეს სიტყვები პარლამენტარ მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის, რომელმაც ჟურნალისტებს ნეფიუს ვიზიტზე საუბრისას განუცხადა:
„კარგი შესაძლებლობაა ასეთი ვიზიტი, რომ უშუალო კომუნიკაციის გზით, ფაქტებზე დაფუძნებით ვისაუბროთ და მათ შორის, ვისაუბროთ არა მხოლოდ იმ კრიტიკულ მოსაზრებებზე თუ ვარაუდებზე, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ხელოვნურად, ზოგჯერ ბუნებრივად კითხვის ნიშნის სახით არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს, არამედ ვისაუბროთ ფაქტებზე, კონკრეტულ შედეგებზე, რაც გვაქვს და ასახულია უკლებლივ ყველა ავტორიტეტულ შეფასებაში, რომლითაც ფასდება სახელმწიფო“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლო „კორუფციის აღქმის ინდექსში“ წერია, რომ „ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ჩემპიონი იყო, ახლანდელი მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლის ნებისმიერ მცდელობას ახშობს“. ამავე ანგარიშის თანახმად, კორუფციული შემთხვევების „ბუნებას, მასშტაბს და მზარდ რაოდენობას მივყავართ შემაშფოთებელ დასკვნამდე, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის ფორმას იღებს“.
რუსეთი, ჩინეთ, ეროვნული უსაფრთხოება და არჩევნები
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს იმასაც, რომ კორუფცია, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები და სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ. დღეს კი ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მან.
ხიდაშელმა გაიხსენა „სინოჰიდროს“ მაგალითი: 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ 95 მლნ ლარიანი კონტრაქტი შეწყვიტა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“ - მას შმდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას „ადგილზე საკმარისი პროგრესი არ ჰქონდა“.
ხიდაშელი ამბობს, რომ დღეს საქართველოსთვის საგანგაშოა „სტრატეგიული კორუფცია, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: 2024 წელი საარჩევნო წელია.
„მალე საარჩევნო კამპანია დაიწყება, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო ამოცანებისთვის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყოველდღიური და ყოველწუთიერი მონიტორინგი იმისთვის, რომ უმძიმესი შედეგები არ დადგეს, რომელიც რთულად დაეტყობა ამ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - ამბობს იგი.
რა თქვა ნეფიუმ?
ამერიკელ მაღალჩინოსანს არ გაუკეთებია კომენტარები მედიასთან - და ამას არც გეგმავს.
პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, პაპუაშვილთან შეხვედრაზე მან „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“.
„მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე“, - იუწყება პარლამენტის პრესცენტრი.
საქართველომდე იგი სომხეთში იმყოფებოდა.
ერევანში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებსა და მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
კომენტარები არც ერევანში გაუკეთებია.