კურორტ საირმეში 20 ოჯახს პროკურატურა მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, თაღლითობაში სდებს ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში სატყეო სააგენტოს საჩივრის გამო დაიწყო.
რამდენიმე ოჯახი თავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ნაკვეთები, რომლებსაც იქამდე ათეულობით წლები ფლობდნენ, სახელმწიფოს გადასცა.
ბრალდებული მესაკუთრეების ნაწილი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის ინტერესებს ემსახურება. ბიზნესმენი თემურ კოხოძე, რომელსაც კურორტი და მისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ 2011 წელს გადასცა, ახლახან ნიკა გვარამიას საქმეში გამოჩნდა პროკურატურის მოწმედ.
- „დანაშაულებრივი გეგმა”
- ვინ ფლობს კურორტ საირმეს
- თაღლითები თუ მესაკუთრეები
- ვინ არის თემურ კოხოძე
- „ვიღაც პიროვნების ინტერესი დევს აქ”
- რას ეყრდნობა პროკურატურის ბრალდება?
- „უნდა ალბათ ეს ადგილი“
- დათმე ქონება - მიიღე თავისუფლება
- რა ხდებოდა სასამართლოს ამ განაჩენამდე?
„დანაშაულებრივი გეგმა”
ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის რაიონში - კურორტი “საირმე” უკვე საუკუნეზე მეტია ოთხი მინერალური და ერთი თერმული წყლითაა განთქმული. გელა სოსელიას კურორტის თერმული წყლის სპაცენტრიდან დაახლოებით 150 მეტრში აქვს კარმიდამო. ის და მისი მეუღლე აქ 30 წელია ცხოვრობენ. ქმარი 300 ოჯახ ფუტკარს უვლის, ცოლი იქვე, საირმის გზის პირას თაფლს და ფიჭას ყიდის. გელას ბაბუა სამეგრელოდან იმერეთში 1947 წელს გადასახლდა, საირმეში ხის სახლი ჩადგა და რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი მიწის დამუშავება დაიწყო.
„ბავშვობიდან აქ ვარ გაზრდილი, ჩემი მეხსიერება რაც არის, აქ ვარ, ბაბუაჩემი 1974 წელს აქ გარდაიცვალა, 1992 წელს - ბებიაჩემი… მამაჩემი, ბიძა აქაა დაბადებული, აკვანი ძველ სახლში არის კიდევ და აპა, ციდან ხომ არ ჩამოვვარდებოდით, კაცო… 1993 წელს მეუღლე რომ მოვიყვანე, სადაც მიწას ვამუშავებდით, იმ ადგილს დავდგით საცხოვრებელი ვაგონი, შემდეგ გავაკეთეთ ზედ მიშენება და ვცხოვრობდით, ბავშვებიც აქ გავზარდეთ, აქაურობის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება”, - ამბობს გელა სოსელია.
ბაბუის დანატოვარი მიწის ნაწილი ბიძამისმა გაცილებით ადრე გაიფორმა, მან კი დარჩენილი 1095 კვ.მ ერთი წლის წინ დაიკანონა.
„კანონით რომ გაიოლდა გაფორმება, მივმართე საჯარო რეესტრს, მთელმა ბაღდათმა იცის, რომ აქ ვცხოვრობ. ორი მოწმე მომთხოვეს, ვცხოვრობდით აქ თუ არა, გავაკეთეთ ნახაზი, მივიყვანე მოწმეები, მალევე მომივიდა, რომ დაგირეგისტრირდა”.
53 წლის მეფუტკრეს დღეს პროკურატურა თაღლითობას ედავება. ბრალდებაში წერია, რომ 2021 წელს მან „განიზრახა სახელმწიფოს ტყის ფონდის კუთვნილი მიწის მითვისება”, რისთვისაც აზომა მიწა და განცხადება დაკანონების მოთხოვნით საჯარო რეესტრში შეიტანა; საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა, „რითაც სისრულეში იქნა მოყვანილი გელა სოსელიას დანაშაულებრივი გეგმა”.
2022 წლის გაზაფხულზე, გელა სოსელიას ნაკვეთი უკვე ერთი წლის გაფორმებული ჰქონდა, როდესაც მასთან კურორტ საირმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მივიდა.
„მთხოვა, თემურ კოხოძე, ვინც არის საირმის მეპატრონე, არის დაინტერესებული, თუ დაუთმობთ, ან მიყიდით, ან სანაცვლოდ მამანეთში [სოფელი საირმესთან ახლოს] კოტეჯს აგიშენებსო. მე უარი ვუთხარი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ადგილის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია”…
გადის ერთი თვე და სოსელიას ბაღდათის გამგებელი, კახა ენუქიძე იბარებს.
„მივედით, შევხვდით და გვითხრა, კურორტის განვითარებისთვის არის საჭირო თქვენი ტერიტორიაო, ბატონ თემურის უნდაო, როგორც ბატონმა კახა ენუქიძემ მითხრა, საბაგიროს ფეხის (საყრდენი ბოძის) დადგმა უნდათ მაქო, მე ვუთხარი, ტყის პირას არის დიდი ადგილი და იქ გააკეთეთ, ჩვენ ხელს შეგიწყობთო, მასე არ უნდაო, შენ არ უნდა, იქ რომ იყოო…
ყველამ ვთქვით უარი, ბიძამაც უარი თქვა, მეც, შეუფასებელია რა ჩემთვის ეს ადგილი, კარგიო, ბატონმა კახა ენუქიძემ”...
გადის კიდევ ერთი თვე - გელა სოსელია იმერეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელმა დაიბარა. ჯერ მოწმედ დაკითხეს. 2022 წლის 4 აპრილს უკვე ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სოსელიამ ტყის ნაწილი მიითვისა და სახელმწიფო სატყეო სააგენტოს „განსაკუთრებით დიდი ოდენობის” დაახლოებით 40 ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
„წარმიდგინეს ბრალი თაღლითობის მუხლით, 6-დან 9 წლამდე ბრალდება წერია შიგნით… [ვითომ] ჩვენი მოფიქრებული სქემით შევიყვანეთ საჯარო რეესტრი შეცდომაში, წამიყენეს ბრალი და მის მერე მიდის დავა.
მანამდე არავის არასდროს არ გამოუთქვია პრეტენზია, რომ ეს არის სატყეოს ტერიტორია…
რატომ უნდა წავიდე აქედან, როცა სახელმწიფომ კანონი გამოუშვა, მე გამოვუშვი კანონი? გამოუშვა დებულება და კეთილი ნებით დამირეგისტრირა და ახლა რატომ უნდა წავიდე?! ახლა რა გამოდის, დევნა გამოდის, აბა, რა გამოდის?!”
ვინ ფლობს კურორტ საირმეს
ბალნეოლოგიური კურორტი საირმე საბჭოთა საქართველოში სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მისი ნაწილ-ნაწილ პრივატიზაცია დაიწყო. 2011 წელს კურორტი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით და მიმდებარე ნაკვეთებით სახელმწიფომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატს (2008-20012წწ.), თემურ კოხოძეს, 60 ათას ლარად გადასცა და მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება დაავალა.
კოხოძის კომპანიამ კურორტი საირმე განავითარა, მოაწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ააშენა 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სპა და გასართობი ცენტრები.
ბოლო წლებში კურორტის განვითარება საირმის ძველ საზღვრებს გასცდა, მომიჯნავე სოფელ მამანეთში აშენდა სასროლეთი, საჯინიბო, გაფართოვდა თერმული წყლების სპაცენტრი და მას ახალი საირმე ეწოდა.
კოხოძე და მისი კომპანიები იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2012 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ბლოგში ასე აღწერა საირმის გარშემო განვითარებული მოვლენები: 2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ, 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება. მოგვიანებით „ნაჩუქარი” ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მაჟორიტარი დეპუტატის თემურ კოხოძის კომპანია დარეგისტრირდა. კოხოძე მაშინ მიწების იძულებით დათმობასთან კავშირს უარყოფდა.
ის ახლაც უარყოფს იმ ნაკვეთებით დაინტერესებას, რომლებსაც პროკურატურა საირმელ მესაკუთრეებს ედავება.
გელა სოსელია ფიქრობს, რომ მას სწორედ კურორტის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესის გამო დევნიან.
„ეჭვით ასე ვფიქრობ, მისდღემჩი დაინტერესება არ ყოფილა ამ ადგილზე, მოდავე არ გვყოლია არასდროს, მის მერე დაიწყო პროცესი და თქვენ ჩემს ადგილზე რას იფიქრებდით?!“
კოხოძე ადასტურებს, რომ სოსელიას ნაკვეთის დათმობა შესთავაზა, მაგრამ უარყოფს პროკურატურის გამოძიებასთან კავშირს. ამბობს, რომ გამოძიება პროკურატურამ 4 თვით ადრე დაიწყო, ვიდრე ის სოსელიას ნაკვეთის დათმობას სთხოვდა.
თაღლითები თუ მესაკუთრეები
ის, რასაც თემურ კოხოძე მიწების მითვისებას უწოდებს, საქართველოს კანონმდებლობით ხშირ შემთხვევაში მიწის ფლობაა - მფლობელებს შეუძლიათ მიწის გამოყენება, მაგრამ არა განკარგვა. „კურორტ საირმის“ ინფრასტრუქტურის მიღმა, გელა სოსელიას მსგავსად, ათეულობით ადამიანი წლების განმავლობაში ფლობდა მიწებს. ზოგიერთის წინაპარი აქ 50, 70 და ზოგიც თითქმის 100 წლის წინ დასახლდა. მათ უმრავლესობას ქონების ფლობის საბუთები არ ჰქონდა, თუმცა მიწას ფაქტობრივად ფლობდნენ და ამუშავებდნენ. ზოგი აქ მუდმივად ცხოვრობდა, ნაწილი საზაფხულოდ ჩამოდიოდა, აგარაკებად იყენებდა; ზოგსაც ფუტკარი ან საქონელი ჰყავდა და საირმის მიწებზე მხოლოდ მეურნეობის დამხმარე ნაგებობები ჰქონდათ. ასეთი ნაკვეთების დაკანონების უფლება სახელმწიფომ მოქალაქეებს 2016 წლიდან მისცა. ვინც დაადასტურებდა, რომ 2007 წლამდე ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელია, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, სახელმწიფო ქონების დაკანონების შანსს აძლევდა.
ამისთვის საჭირო იყო, მიწის მფლობელს დაექირავებინა ამზომველი, მოემზადებინა თავისი ნაკვეთის ნახაზები და მიემართა საჯარო რეესტრისთვის. ამის შემდეგ საჯარო რეესტრი მიმართავს ადგილობრივ მერიას და რწმუნებული გასცემს ცნობას, რომ ამ კონკრეტული ნაკვეთით 2007 წლამდე და დღესაც ესა თუ ის მოქალაქე სარგებლობს და მიწა მას საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ჰქონდა გადაცემული.
რწმუნებული ცნობას ნოტარიულად დადასტურებული ორი მოწმის ჩვენებით ამყარებს. შემდეგ, საჯარო რეესტრი თუ მიიჩნევს, რომ დოკუმენტები წესრიგშია, ნაკვეთს მოქალაქეს საკუთრებად უკანონებს.
ამ წესით 2016 წლიდან 2021 წლის დეკემბრამდე 1 მლნ 100 ათასი ნაკვეთი დარეგისტრირდა მთელ საქართველოში.
ასე დაიკანონეს მიწის ნაკვეთები ბოლო ორი წლის განმავლობაში საირმეში და მის მოსაზღვრე სოფლებშიც მათ, ვისაც დღეს პროკურატურა თაღლითობის ბრალდებით დევნის. მათ ნაწილს სჯერა, რომ დევნის უკან თემურ კოხოძის ინტერესებია.
ვინ არის თემურ კოხოძე
„კურორტ საირმის” მფლობელი, წარმოშობით ბაღდათელი ბიზნესმენი თემურ კოხოძე, ქვეყნის უმსხვილესი საავტომობილო სერვისის და ავტონაწილების სარეალიზაციო კომპანიის, „თეგეტა მოტორსის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
მისი ბიზნესჯგუფი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - პორშეს, მაზდას, ტოიოტას, მანის ავტომობილებს ყიდის. თეგეტას ჯგუფში შემავალი კომპანიები ყოველწლიურად მილიონობით ლარის სახელმწიფო შეკვეთებს იღებენ და ემსახურებიან სახელმწიფო ავტოპარკს. თემურ კოხოძეს აქვს სამშენებლო ბიზნესიც.
„თეგეტა მოტორსმა“ 2017 წელს საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ 120 ათასი ლარი გადაურიცხა. მმართველ პარტიას 2017 წლიდან თემურ კოხოძის კომპანიების დირექტორებმა და სხვა მეწილეებმა ჯამში 450 ათასი ლარი შესწირეს.
კოხოძე ბოლოს მედიის ყურადღების ცენტრში 2020 წელს მოექცა, როცა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჯაროდ დაწერა, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ "მთავარი და ყალბი" ჩვენება თეგეტას დამფუძნებელმა მისცა. ნიკა გვარამიას სასამართლოს განაჩენის მიხედვით 3 წელი და 6 თვე იმ ეპიზოდისთვის აქვს მისჯილი, სადაც პროკურატურის მნიშვნელოვანი მოწმეები კოხოძე და თეგეტა ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
თემურ კოხოძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე მხოლოდ სიმართლე თქვა, მისი ჩვენება პროკურატურამ და სასამართლომ როგორ გამოიყენეს, მისი გასარკვევი არ არის.
„მე ვილაპარაკე ობიექტურად, მე ვილაპარაკე, რაც იყო სიმართლე სასამართლოზე, ზუსტად ის ვთქვი, რაც იყო სიმართლე, ვის სასარგებლოდ შეიძლება ეს გამოიყენოს, მოსამართლის გადაწყვეტილებაა და მე ვერაფერს ვერ გეტყვით”, უთხრა თემურ კოხოძემ რადიო თავისუფლებას.
„ვიღაც პიროვნების ინტერესი დევს აქ”
74 წლის ვალიკო მესხიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ბრალდებით, მან 2020 წელს „განიზრახა დაუფლებოდა” სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთს, რომელსაც წარსულში "კანონიერად არ ფლობდა" და "სახელმწიფოს 156 ათასი ლარის ზარალი მიაყენა".
ადგილს, სადაც მესხიამ 9 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2020 წელს დაიკანონა, ტაბუცეთი ჰქვია. საირმიდან 2კმ. - ან ფეხით, ან ცხენით უნდა იარო საცალფეხო ბილიკზე, მესხიების სახლამდე რომ მიხვიდე.
სახლი 90-იან წლებში ხის მრგვალი მორებისგანაა აწყობილი - რამდენიმე ვიწრო ფანჯრით, ორი საძინებლით, სამზარეულოთი და ბუხრით. თუნუქის სახურავი ნაწილობრივაა განახლებული - მასალა ცხენით ამოიტანეს.
შემოღობილ ეზოში მწკრივშია გაშენებული უზარმაზარი კაკლები, ნამყენი ხილი, წრიულად - თხილის ნარგავები.
„მამას დარგული მსხალი არის ალბათ 80 წლის, ვაშლები, თხილები, ბალი, ტყემლები და ძირითადად ნიგოზი, ხან დათვი გვასწრებს და ხან ჩვენ, ესენი იქნება - ნიგვზები 60 ან 70 წლის”, - ვალიკო მესხია ამბობს, რომ ტაბუცეთში მამამისს თითქმის მთელი ცხოვრება აქვს გატარებული.
„ძალიან დიდხანს იყო აქ მამა, 80 წელი ალბათ. 1925 წლიდან, 9 წლის იყო, მას შემდეგ აქ იყო, მამა 2005-ში გარდაიცვალა. 1 თვე არ ექნება გათეული ბაღდათში. ხან ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე ყავდა სტუმრად, ედუარდ შევარდნაძეც არის ნამყოფი. მისი ელარჯი და დედაჩემის ქოთნის ლობიო მოსწონდათ”.
ეზოში საქონლის სადგომი და საფუტკრეა - მესხიები ათეულობით წელია აქ მესაქონლეობას და მეფუტკრეობას მისდევენ.
ვალიკოს პროკურატურის ბრალდება თავიდან ხუმრობა ეგონა.
„ცდებოდნენ, მეგონა. მერე რომ მითხრეს, პროკურატურა გედავება შენ, თაღლითურად ის ქენიო, ორი პიროვნება დაიჭირესო.
თაღლითობაში გედება ბრალიო, მე ვუთხარი, მე ბრალდებულად არ ვთვლი თავსო, იმიტომ რომ მე მამა-პაპის მიწაზე ვცხოვრობ-მეთქი. თავიდან გვეუბნებოდნენ, 2020 წელს შემოღობეს და დაიკანონესო, არადა, სულ შემოღობილი იყო.
ვიღაც პიროვნების ინტერესი დევს აქ, რომ რაღაც უნდათ გააკეთონ, ყური მოკრული მაქვს, რომ სამონადირეო [მეურნეობა] უნდათ და მოლის მოსუფთავება უნდათ, რომ ხელი არ შევუშალოთ”.
რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ თემურ კოხოძის კომპანიამ „კურორტმა საირმემ” ბაღდათის რაიონში სამონადირეო მეურნეობის შექმნის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს წარადგინა. სამონადირეო მეურნეობის სავარაუდო საზღვრებში ბაღდათის ტერიტორიაზე ათასობით ჰექტარი ტყე და მიმდებარე ტერიტორია მოხვდება, მათ შორის, შესაძლოა მესხიების მიწის ნაკვეთებიც.
„ორი პიროვნება”, რომელთა დაკავებაზეც ლაპარაკობს ვალიკო მესხია, სოფლის რწმუნებულები იყვნენ.
რას ეყრდნობა პროკურატურის ბრალდება?
თუ დაადასტურებ, რომ მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდი და დღემდე იყენებ, კანონით ეს მთავარი პირობაა მიწის დასარეგისტრირებლად. ორი მოწმე და სოფლის რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი საკმარისი საფუძველია ფლობის დადასტურებისთვის. რწმუნებულის ოქმს მერი აწერს ხელს და რეესტრში აგზავნის. მიწის დაკანონების მსურველი მხოლოდ განცხადებას წერს რეესტრში, დანარჩენს სახელმწიფო უწყებები ერთმანეთში არკვევენ და აზუსტებენ.
მესხიები, სოსელიები და კიდევ 10-ობით ოჯახი საირმეში ასე მოიქცა და რწმუნებულების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრმა მათ მიწები დაუკანონა.
2022 წლის აპრილის ბოლოს პროკურატურა ორ რწმუნებულს აპატიმრებს - ბრალს სდებს, რომ სოსელიას, მესხიას და კიდევ 20-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ ყალბი ცნობები გასცეს. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ერთ თვეში ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებში რწმუნებულები კანონის დარღვევას უარყოფენ.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა რწმუნებულმა, ნუგზარ კბილაშვილმა ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოჯახები, ვისზეც ცნობა გასცა, მართლა ფლობდნენ ცნობაში მითითებულ მიწის ნაკვეთებს.
პროკურატურის მთავარი მტკიცებულება რწმუნებულებისა და მიწის მფლობელების წინააღმდეგ სატყეო სააგენტოს წერილებია: სააგენტო იშველიებს 1993-94 და 2011 წლის დოკუმენტებს იმის დასადასტურებლად, რომ ნაკვეთები, რომლებიც საჯარო რეესტრმა საირმეში მოქალაქეებს დაურეგისტრირა, სატყეო ფონდში შედიოდა.
ამ წერილებში ახალი არაფერია. ნაკვეთების დაკანონებისას მესაკუთრეებმა იცოდნენ, რომ მიწა ფორმალურად ტყის ფონდს ეკუთვნოდა, თუმცა საჯარო რეესტრს კანონი უფლებას აძლევდა, მიწის ფაქტობრივი მფლობელის სასარგებლოდ ტყის საზღვრები შეეცვალა. რეესტრი ასეც მოიქცა.
რადიო თავისუფლებამ გელა სოსელიასა და ვალიკო მესხიას ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლა „საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტს სთხოვა.
მაგდა ჯიმშელეიშვილი ამბობს, რომ მასალებში მესაკუთრეების მხრიდან კანონდარღვევის ნიშნები არ ჩანს, და „რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მოქალაქე ვერ იქნება”.
სისხლის სამართლის საქმეში საჯარო რეესტრის ათეულობით თანამშრომელია გამოკითხული, ყველა ერთხმად ამბობს, ტყის ფონდიდან ბრალდებულებისთვის დაკანონებული ნაკვეთები კანონის სრული დაცვით ამოიღეს.
რადიო თავისუფლების მოძიებულ და შესწავლილ მასალებში არის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, თანამგზავრული რუკის ფრაგმენტი (ორთო-ფოტო), სადაც აღნიშნულია, რომ გელა სოსელიასა და ვალიკო მესხიას ნაკვეთებში შენობები ჯერ კიდევ 2005 წელს იდგა.
1997 წელს სამოყვარულო კამერით გადაღებულ საოჯახო ვიდეოკადრებში ჩანს ვალიკო მესხიას სახლი საირმეში, სამეურნეო შენობებიც. 25 წლის წინანდელ ვიდეოში ვალიკოს მშობლები ამბობენ, რომ ამ ადგილას ათეულობით წლის წინ დასახლდნენ.
მესხიების ოჯახში შემონახულ მონადირის მოწმობაში, რომელიც 1959 წელსაა გაცემული, ვალიკოს მამის, ვლადიმერ მესხიას საცხოვრებელ მისამართად კურორტი საირმეა მითითებული.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ბაღდათის რაიონში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მესხიები და სოსელიები საირმეში ათეულობით წელია ცხოვრობენ.
პროკურატურამ რადიო თავისუფლების კითხვებს წერილობით უპასუხა, თქვეს, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, თითქოს მესაკუთრეების დევნა „კურორტ საირმის” ინტერესებთანაა დაკავშირებული. პროკურატურა ადასტურებს, რომ გელა სოსელიასა და ვალიკო მესხიას ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობებია, თუმცა მიუთითებს, რომ ტყის ფონდში შემავალი ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება აკრძალულია და მოაქალაქეებმა ეს თაღლითურად მოახერხეს
„უნდა ალბათ ეს ადგილი”
პროკურატურის კიდევ ერთი ბრალდებული, 64 წლის ისტორიკოსი ზურაბ თოლორდავა, ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობს, მისი წინაპრები, ფიფიების ოჯახი საირმის მიმდებარე სოფელ მამანეთში 1928 წლიდან ცხოვრობდნენ. ზურაბ თოლორდავა და ფიფიების სხვა მემკვიდრეები დღეს პროკურატურის მიერ თაღლითობაში არიან ბრალდებულნი. პროკურატურა მათაც მიწების მითვისებას ედავება.
„მე რა მივითვისე, რეესტრში დავწერე და დამირეგისტრირეს.
მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვატყუე რეესტრი, ბაღდათი პატარა რეგიონია, ყველა ყველას იცნობს, ჩვენ მოდავე არავინ არ გვყავდა. მარტო ფიფიები ცხოვრობდნენ აქ, როგორც ტაბუცეთში მესხიები”, ეუბნება ზურაბ თოლორდავა რადიო თავისუფლებას.
„ვიზედაც ეჭვი გვაქვს, ჩვენი კურორტის მფლობელია, აქვე სასროლეთი მოაწყო, თავლა გააკეთა და უნდა ალბათ ეს ადგილი”.
რადიო თავისუფლებამ პროკურატურის ბრალდებები ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს გააცნო:
„ამ მასალებში ჩანს, რომ მოქალაქემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, მისმა განცხადებამ გაიარა ადმინისტრაციული ორგანოების ფილტრი და საბოლოოდ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა”, - ამბობს ჩოფიკაშვილი და მიუთითებს, რომ პროკურატურას ბრალში უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები, თუ მესაკუთრეებმა წინასწარ განზრახვით მოიტყუეს, რაიმე გააყალბეს, ვინმეს წინასწარ გაურიგდნენ. „პროკურატურის ლოგიკით, ყველა, ვინც საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართავს და რეესტრი უარს ეტყვის, ეს შეიძლება თაღლითობის მცდელობად დაკვალიფიცირდეს, თუ რეესტრი მას ქონებას დაუკანონებს და შემდეგ რაიმე გარემოების გამო ეს რეგისტრაცია გაუქმდება, მაშინ ეს დასრულებული თაღლითობა გამოდის, ეს აბსურდია. იმისთვის არსებობს რეესტრიც და მუნიციპალიტეტიც, ზოგს დაურეგისტრიროს, ზოგს უარი უთხრას, ამისთვის მოქალაქის ბრალდება აბსურდულია”.
დათმე ქონება - მიიღე თავისუფლება
ყველა ბრალდებულს, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, პროკურატურამ ბრალის წარდგენასთან ერთად საპროცესო შეთანხმებაც შესთავაზა: უნდა ეღიარებინათ, რომ მიწა მათ არ ეკუთვნოდათ და თაღლითურად დაიკანონეს. აღიარების შემდეგ სახელმწიფო მათ ნაკვეთებს ჩამოართმევდა, ისინი კი ციხეს გადაურჩებოდნენ.
„ყოველ ჩასვლაზე შემოთავაზება იყო, წავსულიყავი საპროცესოზე. საკუთრება უნდა დამეთმო და გამეფორმებინა იჯარა. ამას მთავაზობს პროკურატურა!” - ამბობს გელა სოსელია.
20-ზე მეტი ბრალდებულიდან, სულ მცირე, 4 მესაკუთრე უკვე დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას და მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს თავისუფლების სანაცვლოდ დაუთმო, მიიღეს პირობითი სასჯელი და ნასამართლობა - ეს საპროცესო შეთანხმებები ქუთაისის სასამართლომ უკვე დაამტკიცა.
„ამ ბრძოლას უნდა საშუალება”
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა საპროცესო შეთანხმებების შემდეგ გამოტანილი განაჩენები, სადაც წერია, რომ მიწის მესაკუთრეები „აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს”.
გამოძიების დაწყებისას მიცემულ ჩვენებებში მესაკუთრეები გამომძიებლებს საპირისპიროს უმტკიცებდნენ.
60 წლის თორნიკე კბილაშვილის განაჩენის მიხედვით, მას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული” მიწის ნაკვეთი. დაეკისრა 2 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელი და მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს.
რა ხდებოდა სასამართლოს ამ განაჩენამდე?
საირმიდან რამდენიმე კილომეტრში 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთი თორნიკე კბილაშვილმა საჯარო რეესტრში 2021 წლის იანვარში დაირეგისტრირა - და რამდენიმე თვეში შვილს აჩუქა.
ერთი წლის შემდეგ პროკურატურა ამ ნაკვეთს აყადაღებს და თორნიკე კბილაშვილს და მის შვილს გამოკითხვაზე იბარებს.
მისი შვილი ეთერ კბილაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ თანახმაა, მამისგან ნაჩუქარი ქონება, რომელიც პროკურატურამ 45 ათას ლარად შეაფასა, სახელმწიფოს დაუბრუნოს.
თუმცა, რადგან თორნიკე კბილაშვილის შვილი, იმ დროს, რეესტრის მიხედვით, კეთილსინდისიერი მესაკუთრე იყო და სახელმწიფო მას ქონებას ვერ ჩამოართმევდა, პროკურატურამ მარტივი და სწრაფი გზა გამონახა. ეთერ კბილაშვილი მიდის საჯარო რეესტრში და მამისთვის ნაკვეთის უკან ჩუქების განცხადებას წერს, მაგრამ ეთერ კბილაშვილის ქონებას ყადაღა ადევს და ჩუქება ვერ ხერხდება. სამ დღეში იმერეთის პროკურატურა და ქუთაისის სასამართლო ყადაღას უხსნიან კბილაშვილების ქონებას - მამა იბრუნებს შვილისთვის ნაჩუქარ მიწას და სახელმწიფოს უთმობს.
რადიო თავისუფლებამ ნახა სხვა განაჩენებიც, სადაც მესაკუთრეები ქონებას სახელმწიფოს გადასცემენ და სანაცვლოდ მხოლოდ პირობით სასჯელს იღებენ და ყოფილ მესაკუთრეებს ჰკითხა, რატომ დათმეს უძრავი ქონება?
საქმის მასალების მიხედვით, ყოფილი მესაკუთრეების ნაწილთან საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო, სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით გაფორმდა. თავად საქმის გამომძიებელი წერს, რომ ამ მესაკუთრეებს არ აქვთ კერძო ადვოკატის დაქირავების საშუალება.
ჯამში ათეულობით ბრალდებულს სახელმწიფო 5 ჰექტარი ტყის დასაკუთრებას ედავება, მათ ნაკვეთებს პროკურატურის მოთხოვნით უკვე რამდენიმე თვეა ყადაღა ადევს და მესაკუთრეებს ამ მიწების განკარგვა ეკრძალებათ.
ბრალდებულების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მათთვის წართმეულ ნაკვეთებს სახელმწიფო მოგვიანებით თემურ კოხოძის კომპანიას გადასცემს.
ბრალდებულებთან სადავო 5 ჰექტარი ზღვაში წვეთია იმ ტერიტორიასთან, რომელსაც კოხოძის კომპანია საირმეში 2011 წლიდან ფლობს და აფართოებს.
კურორტ საირმეს ტყით დაფარული მრავალი ნაკვეთი ეკუთვნის, მათ შორის მხოლოდ ერთი ნაკვეთის მოცულობაც კი აღემატება ყველა ბრალდებულისთვის სადავო ნაკვეთების ჯამს.
კურორტის კუთვნილ ერთ-ერთ ნაკვეთში, რომელიც კოხოძის კომპანიას 2011 წელს გადაეცა, მდინარის 800-მეტრიანი მონაკვეთი ხვდება. რამდენიმე მცირე ზომის ნაკვეთი ბიზნესმენს სახელმწიფომ 2020 წელსაც გადასცა, ეს ნაკვეთებიც ტყის ფონდს ეკუთვნოდა და სახელმწიფომ შპს „კურორტ საირმისთვის“ გადასაცემად ეს მიწა ტყის ფონდიდან ამორიცხა. საჯარო რეესტრის ინტერაქტიულ რუკაზე „კურორტ საირმის” კუთვნილი ნაკვეთების მონიშვნის შემდეგ ჩანს, რომ თითქმის მთელი საირმის ტერიტორია თემურ კოხოძის კომპანიის საკუთრებაა. კომპანიას დაახლოებით 40 ჰექტარი მიწის ფართი ეკუთვნის, რაც დაახლოებით 70 საფეხბურთო მოედნის ტოლია.
„ფუნდამენტი არ აქვს ამ ბრალდებას, როგორც ობობას ქსელია ჩამოკიდებული, ისეა ესეც… სტრასბურგში ჩავალ, სიმართლის გამო, თუ არა, ტყუილი რომ იყოს, ჩავჩუმდებოდი პირველივე სასამართლო სხდომაზე. ჩემი მამა-პაპის არის, როგორ დავთმო?!” - 74 წლის ბრალდებული ვალიკო მესხია სასამართლო განხილვებისთვის ემზადება. მესაკუთრეები, რომლებმაც ნაკვეთები საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ არ დათმეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში 21 ივლისს დაიწყო.