ალბათ იმავეს გრძნობს მილიარდობით ადამიანი პლანეტაზე, მიუხედავად იმისა, პაწაწინა პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მხარესაა თუ ისრაელის.
ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელებული კოშმარული კადრები და აფხაზური საზოგადოების თვისება, ყველაფერი ჩვენს პრობლემებს შეადაროს - ალბათ ამის ბრალია, რომ მხატვარმა და საზოგადო მოღვაწემ, მადინა ბიგუამ ფეისბუკზე ეს პოსტი გამოაქვეყნა (გთავაზობთ შემოკლებით):
„ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ მიუხედავად მეზობელთან დიდხნიანი კონფლიქტისა, რომელიც 1992-1993 წლებში დამანგრეველი ომით დასრულდა, აუნაზღაურებელი დანაკარგით, მოუშუშებელი წყენით… დასრულდა კი არა, გრძელდება, არ გადაწყვეტილა… უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ (მე ასე ვხედავ) და ჩვენმა მეზობლებმა ადამიანურობის ნიშანწყალი მაინც შევინარჩუნეთ… არ გვინდა ბავშვების სიკვდილი, პირველივე შეხვედრაზე არ ვანთხევთ ბოღმას, არ ვიწყევლებით უკანასკნელი სიტყვებით... იქნებ, მოგვეზღვება ამის გამო და გვექნება შანსი... უნდა დავაზუსტო, მეზობელთან კონფლიქტში მე ვხედავ ისტორიულ უსამართლობას აფხაზებთან მიმართებით. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ აქ სიმართლე ჩვენს მხარესაა. და ეს სიმართლე, მართალია, სუსტად, მაგრამ მაინც ისმის საქართველოში. ესეც იმედს იძლევა“.
კომენტარებში ზოგმა მას მხარი დაუჭირა:
„ჰო, ჩვენს შემთხვევაში, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლე ჯერ კიდევ ნიშნავს რაღაცას“.
„გეთანხმებით, ფეისბუკზე აფხაზური სეგმენტი ხალხს მიწისძვრის დროსაც თანაუგრძნობდა, თბილისში გაზის აფეთქების დროსაც, შოვის მეწყრის დროსაც“.
სხვები, პოსტის ავტორთან პირდაპირ დისკუსიაში არ ჩაებნენ, მაგრამ მაინც შეეწინააღმდეგნენ.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს 260 მილიონი ლარით გაიზრდება“.
„ომისთვის უნდა მოვემზადოთ. რაც უფრო ორგანიზებულად და გულმოდგინედ გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი. ჩვენი წინდაუხედაობა და მშვიდობის იმედი ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდება. როგორც კი მომენტი ჩაუვარდებათ ხელში, ისე დაარტყამენ მძინარე ქალაქებს, თვალსაც არ დაახამხამებენ“.
პოსტის ავტორმა ბოლო კომენტარს ასე უპასუხა:
„იქნებ, მაინტერესებს ვიცოდე, ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენია, თანამედროვე პირობებში ომისთვის როგორ მოემზადება? სევდიანი და სასაცილოა ეს ყველაფერი. მხოლოდ სწორი საშინაო პოლიტიკა და დიპლომატია მოგვცემს შანსს“.
მოკლედ, ახლო აღმოსავლეთში მომხდარ საშინელებასთან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედარება საზოგადოების ნაწილს იმედს აძლევს, რომ „ყველაფერი ცუდად არაა“. რას იზამ, ყველაფერი შეფარდებითია. ქართულ-აფხაზური და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების შედარებისას ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენ ისე არ გვძულს ერთმანეთი, როგორც სამხრეთელ მეზობლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს... თან ეს სხვაობა მუდმივი არაა, ასევე სულ სხვანაირია ვითარება ომში და მშვიდობიან პერიოდში.
აფხაზეთის დიდი სამამულო ომის 30 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ტელევიზია რამდენიმე კვირის განმავლობაში გადასცემდა ინტერვიუების ციკლს: „როდესაც იყო ომი“. ეს ინტერვიუები ტელევიზიის ახლანდელ ხელმძღვანელს ირინა აგრბას ათი წლის წინ აქვს ჩაწერილი აფხაზეთის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც ქართული ჯარის ოკუპაცია გამოიარეს, ძირითადად ოჩამჩირის რაიონში. თავის დროზე ეს მასალა აფხაზურ ენაზე გადაიცემოდა, ახლა კი რუსული დუბლირება გაუკეთებიათ - თვითმხილველების ისტორიები ყველას რომ მოესმინა.
ცალკეული ეპიზოდების შესახებ ჯერ კიდევ ომის დროს მქონდა გაგონილი. ზოგის შესახებ თავადაც დამიწერია. მაგრამ ყველაფერი ერთად, რეალური მონაწილეების მიერ უბრალო ენით გადმოცემული, უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა. დაწყებული იმით, თუ როგორ უხდებოდათ სოფლის გზაზე, ცელოფანშემოკრული, დახეული ფეხსაცმლით სიარული, დამთავრებული ომის დღეებით - ყოფილი მეზობლები, ვისთანაც ერთად ადრე ჭირსა და ლხინს იყოფდნენ, ავტომატებით ხელში ნადირობდნენ აფხაზ თანასოფლელებზე, მიზეზები ასეთი იყო: „აი, მისი ძმისშვილი ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის“, „უუ, გუშინ აფხაზმა პარტიზანებმა ჩვენები დახოცეს“...
რა თქმა უნდა, ისეთებიც იყვნენ და ამას ირინა აგრბასაც უყვებოდნენ, ვინც აფხაზი მეზობლები გადაარჩინა, დამალა, და მათ ვინაობასაც ამბობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისშიც ომმა მხოლოდ სადიზმი და არაადამიანობა გააღვიძა. ამ ეპიზოდების მოყოლას აღარ დავიწყებ, ზოგი მათგანისგან მართლაც სისხლი გეყინება. თუნდაც იმიტომ არ მოვყვები, რომ ამით ეთნოკონფლიქტის გაღვივებას არ შევუწყო ხელი, მაგრამ ისიც აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რას უშვრება ომი ადამიანებს, თან სადღაც შორს, ტელევიზორში მომხდარი ომი კი არა, არამედ ის, რომელიც შენს ნაცნობებს, მეგობრებს, ახლობლებს ეხება.
დღესაც ე.წ. გაყინული კონფლიქტის პირობებში ყველაფერი იოლი არ არის. ნებისმიერ ერშია ხალხი, რომლებიც უკონფლიქტოები, მშვიდობაზე ორიენტირებულები არიან და ხალხი, ვისაც ომისკენ აქვს მიდრეკილება. აი, მაგალითიც სოციალური ქსელებიდან:
წინა კვირას „ეხო კავკაზას“ საიტზე სოხუმელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოღვაწემ, ახლა ფერმერმა ასტამურ კაკალიამ დემპინგურ ფასებზე თავისი აზრი გაგვიზიარა. ამ ფასით შემოდის აფხაზეთში სიმინდის თესლი, შემოდის არალეგალურად, ენგურის გავლით. ეს აფხაზეთის მესიმინდეობას სერიოზულად აზიანებს. ასტამურ კაკალიას, როგორც ბლოგერს, ამის შესახებ ადრეც დაუწერია. ქართველი ინტერნეტმომხმარებელი ამ თემას მასთან საკმაოდ კეთილგანწყობილი განიხილავდა. „ეხო კავკაზაზე“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი ასტამური სოციალურ ქსელში გაოგნებული წერდა:
„არასოდეს მიფიქრია, რომ სიმინდზე სტატიის გამო მთელ ერს რისხვა დატყდებოდა თავს, მაგრამ ასეა. აღმოჩნდა, რომ მე მაქცია ვარ, აფსუა, დაზომბილი ერის წარმომადგენელი, მანქურთი, რომელმაც საკუთარი მიწისა და გვარის ისტორია არ იცის, ავადმყოფი, ფაშისტი, აპართეიდის მომხრე... ყველაფერს ვერ გავიხსენებ, იქ კიდევ ბევრნაირი შეურაცხყოფა მომაყენეს სრულიად უცნობმა ხალხმა. მოკლედ, მათი კომენტარების მიხედვით, დაღუპული ადამიანი ვარ. ვცადე მომეყვანა წერილობითი წყაროები, რომლებიც ჩემს გვარს წინა საუკუნეებში აფხაზეთში მოიხსენიებენ. ვწერდი, რომ შემიძლია ჩემი წინაპრების ისტორია ქრონოლოგიურად და დოკუმენტურად წარმოვადგინო. ამან მხოლოდ ნაწილობრივ მიშველა. ჩემი ოპონენტების მთავარი არგუმენტი მაინც ის იყო, რომ იყვნენ ძველი აფხაზები. შემდეგ აფსუები მთიდან ჩამოვიდნენ და აფხაზებიც გაააფსუეს, ანუ „აფსუებს“ აფხაზები დაერქვათ. მაგრამ მე თუ მკითხავთ, კიდე უფრო დიდი უაზრობა გამოვიდა. გამოვიდა, რომ მე ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზი ვარ და ეს მიწა ნებისმიერ შემთხვევაში ჩემია“.
როგორც ჩანს, ასტამურ კაკალიას აქამდე უბრალოდ უმართლებდა და არ გადასწყდომია იმას, რაშიც ხშირად ქართულ-აფხაზური კამათი გადაიზრდება ხოლმე. ხანდახან, ხედავ, რომ ფორუმზე რაღაც პატარა, უწყინარი, აპოლიტიკური ინფორმაციაა, აფხაზეთში მომხდარ ამბავზე. და უცებ, ამას მოჰყვება აღშფოთებული ქართველების კომენტარები. რა მოხდა? თურმე, ამ ინფორმაციაში რამდენიმე ისეთი გვარი გაკრთა, რომელიც „ია-ზე“ მთავრდება. ალბათ აფხაზების ნახევარს ასეთი გვარი აქვს.
გავიმეორებ: ინტერნეტში იმის ნახვა, თუ როგორ მოუწოდებს ორივე მხარე მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ, გაცილებით სასიამოვნო სანახავია, ვიდრე მორიგი ჩხუბისა და ერთი და იმავე ვერსიების მოყვანა (აფსუების თემაზე ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზურ ომამდე ლაპარაკობდნენ). მაგრამ რეალისტებად უნდა დავრჩეთ. როგორც კი ზოგადი ლაპარაკიდან კონკრეტულზე გადავდივართ... აი, ამ დღეებში აფხაზი ჟურნალისტი ინტერნეტში წერდა:
„ამ 30 წლის განმავლობაში არც სამშვიდობო შეთანხმება, არც სინანული, არც 13 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურება... თუმცა კარგი მეზობლების იმედი ბოლოს კვდება“.
უეჭველია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს. მაგრამ ისევ სოციალურ მედიაზე დაყრდნობით, მე მაშინვე წარმოვიდგინე, ამაზე ქართველებს რა რეაქცია ექნებოდათ. უმრავლესობას უეჭველად სუნთქვაც კი შეეკვრებოდა რისხვისგან - „კიდევ ჩვენ უნდა მოვინანიოთ, საკუთარი სახლებიდან რომ გამოგვყარეთ?“ მოკლედ, ურთიერთგაგებამდე ჯერ კიდევ შორია, რომ არაფერი ვთქვათ, თავად კონფლიქტის დარეგულირებამდე.
ხოლო ომის ცეცხლში ხალხი იმისდა მიუხედავად იღუპება, ამ ცეცხლის ტემპერატურა ასი ცელსიუსია თუ ათასი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.