აფეთქების კერა მეოთხე სართული იყო, გამომწვევ მიზეზს კი ახლაც სწავლობენ ექსპერტები. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება, რომელსაც აფხაზეთის ომის ვეტერანი, 80 წლის არკადი გულბანი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავდა სამი მოსახლე, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ის და კიდევ ერთი დაშავებული, უკვე გაწერეს კლინიკიდან. რაც შეეხება მესამეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს “ნიუ ჰოსპიტალში”, კაცს ქალა-ტვინის დაზიანება აქვს და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
9-სართულიანი კორპუსი ახლაც ყვითელი ლენტებითა და სამართალდამცავებითაა შემოსაზღვრული. პირადი და პირველადი საჭიროების ნივთების წამოსაღებად მოსახლეობის ბინებში შეშვება შუადღისთვის ჯგუფებად დაიწყეს.
კორპუსის დაზიანებულ ნაწილთან მიახლოება მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. მეოთხე სართულის ფასადი მთლიანად გადმონგრეულია. გარეთაა გადმოყრილი ავეჯი, სახლის ნივთები. ფანჯრის ჩარჩოზე ისევ კონწიალობენ საახალწლო "სანტა კლაუსები". კორპუსის შუშები მეექვსე სართულის ჩათვლითაა ჩამსხვრეული.
ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილები 30 წელზე მეტია ცხოვრობენ. ელენე ქობალია, ჩხეიძის 17 ნომერში 1992 წელს დასახლდა. ახლა გარეთ დგას და ელოდება თავის რიგს, როდის შეუშვებენ პირადი ნივთების წამოსაღებად:
„კომპიუტერთან ვიჯექი, ძლიერი აფეთქების ხმა რომ გავიგე. ხალხი ძველით ახალ წელს აღნიშნავდა და ვიფიქრე, საახალწლო ფეიერვერკი გაუშვეს-მეთქი, მაგრამ უცებ მეზობლებმა ატეხეს ყვირილი, გამოდით, გამოდითო. გამოვიქეცი, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მეორედ გავხდი ლტოლვილი. ყველაფერი ბინაში დამრჩა. გამოსაცვლელი ტანსაცმელიც არ ამიღია“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
მასთან ერთად ელოდება თავის რიგს მანანა არახამიაც. ის ქმარ-შვილთან ერთად, მეშვიდე სართულზე ცხოვრობს.
„ასე თქვეს, გაზი აფეთქდაო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. მე სუნი არ მიგრძნია, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. წუხელ მეზობელთან გავათენე ღამე. ახლა ველოდები, რომ სასტუმროში გაგვიშვებენ. მეზობლების ნაწილი უკვე შეასახლეს სასტუმროებში“.
„აი, იმ ვარდისფერ ზეწარს ხომ ხედავთ, იქ ვცხოვრობ 20 წელია“, - მეუბნება აფხაზეთიდან დევნილი ზაირა და აღწერს იმ წუთებს, როცა აფეთქების შემდეგ, სახლიდან გამოიქცა:
„ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ჩამოვრბოდით კიბეებზე და მთელი სადარბაზო წყლით იყო სავსე, ალბათ კანალიზაცია დაზიანდა. წუხანდელი ღამე შვილთან გავათენე. ახლა ჩავეწერე სასტუმროების სიაში და ალბათ გაგვანაწილებენ სადმე“.
ელენე დავითაია, კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, პრეზენტაციას ამზადებდა, როცა აფეთქების ხმა გაისმა. ის, დასთან და დედასთან ერთად მეოთხე, სწორედ იმ სართულზე ცხოვრობს, სადაც აფეთქების ეპიცენტრი იყო.
რადიო თავისუფლებას უყვება, რომ აფეთქებასთან ერთად სახლში შუქი გაითიშა, ის კი შუშის ნამსხვრევებსა და ჩამოვარდნილ ფარდაში გაეხვია. აფეთქებისას მიიღო თვალის დაზიანება.
ახლა დროებით ნათესავთან ცხოვრობს. დედა და და წუხელ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სასტუმროს ოთახი არ თბებოდა და დედამ და დამ სასტუმროდან წამოსვლა გადაწყვიტეს:
„ჩემი საწოლის უკან შუშის ვიტრაჟი გვქონდა. აფეთქებისას ეს ვიტრაჟი ჩამოიმსხვრა და ფარდასთან ერთად ჩემს საწოლს დაემხო. მე ამ დროს საწოლში ვიწექი და თან ლეპტოპში, პრეზენტაციაზე ვმუშაობდი. თვალები რომ გავახილე, სრული სიბნელე იყო.
საშინელმა პანიკამ მომიცვა. ჩაიხერგა ბინიდან გასასვლელი კარიც. ვერც მე, ვერც დედამ ვერაფრით მოვახერხეთ კარის გაღება, სანამ მეზობელი არ მოვიდა და არ დაგვეხმარა გამოსვლაში. 112-ში 12:16 წუთზე დავრეკე. როგორც მივხვდი, ჩემგან შევიდა პირველი შეტყობინება“.
ელენემ მალევე იგრძნო, რომ თვალი აწუხებდა:
„ადგილზე მოსულმა სასწრაფომ გამსინჯა, მაგრამ რაკი ზედაპირული დათვალიერებით ვერაფერი ნახეს, გადამიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალში“. სანამ სამედიცინო მომსახურება მივიღე, უამრავი ბიუროკრატიული კითხვა დამისვეს, ისიც კი მკითხეს, თანხა თუ გაქვს თან, რომ გადაიხადოთო? საღამურით ვიყავი, წინდების ჩაცმაც ძლივს მოვასწარი. დიაბეტიანი მამიდა მახლდა თან. საბოლოოდ სასწრაფოს ექიმმა ამიყვანა ექიმთან. სავარაუდოდ, შუშის ჩამომსხვრევის დროს დამიზიანდა რქოვანა. მკურნალობა დამინიშნეს“.
აფეთქებისას დაღუპული არკადი გულბანის დისშვილის, ირმა გალანცკაიას ოჯახიც ამავე კორპუსში ცხოვრობს. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მოინახულა ბიძა და არ უგრძნია ბუნებრივი აირის სუნი. ამბობს, რომ კაცი არასდროს ტოვებდა გაზის გამათბობელს ღამით ჩართულს და ფანჯარაც ყოველთვის შეღებული ჰქონდა:
„მე პირველ სართულზე ვცხოვრობ. ამ კორპუსის თავმჯდომარე ვარ. ამბობენ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია აფეთქებაო, მაგრამ ეს არ იქნებოდა ბიძაჩემის სახლში, რადგან ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო. ვიღაცამ თქვა, თითქოს გუშინ გაზის სუნი იყოო, თუ გაზის სუნი იყო, მაშ, რატომ არ გამოიძახეს 114? ახლაც ექსპერტები მუშაობენ. კრწანისის გამგეობიდან მოვიდნენ. დევნილთა სამინისტროდანაც. ხალხი გადავიყვანეთ სხვადასხვა სასტუმროში. სხვებსაც გადავიყვანთ.
მესამე და მეოთხე სართული ძლიერ არის დაზიანებული. იქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ალბათ დიდი დრო დასჭირდება. სრულად დაზიანებულია. ჩაწყდა ლიფტები. თუმცა, ეს საკმაოდ მდგრადი კორპუსია, არ არის ავარიული და ვფიქრობთ, რომ დანარჩენ სართულებზე მალევე დაბრუნდება ხალხი“.
ნიკოლოზ ჩხეიძის 17 ნომერში მისული იყო კრწანისის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე. ამბობს, რომ როგორც კი ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას, მაშინვე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები:
„მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მალე დაბრუნდნენ ეს ადამიანები სახლებში. აფეთქებისას შეიქმნა წყალკანალიზაციის პრობლემა, ლიფტის პრობლემა. ყველა კონტრაქტორი მუშაობს და გვინდა, რომ სწრაფად დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები. პირველადი ინფორმაციით, თვითონ შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, არის, ელემენტები, რომლებიც დასამუშავებელია და ამას გავითვალისწინებთ“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ამბობს, რომ ისინი დაფარავენ აფეთქებისას დაღუპულის დაკრძალვის ხარჯებს. დაზარალებულ ოჯახებს კი ერთჯერად დახმარებას ჰპირდებიან.
- 2015-19 წლებში, ბუნებრივი აირის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა ეს აფეთქება საცხოვრებელ სახლებში მოხდა.
- 2020 წელს, სოფელ საზანოში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა დედა-შვილი.
- 2021 წელს, თბილისში, ქეთევან წამებულის 29 ნომრის მიმდებარედ ორი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
- 2022 წელს, ბუნებრივი აირის გაჟონვას დიდ დიღომში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
- 2023 წელს, თბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს უკანასკნელ წლებში, ბუნებრივი აირის აფეთქებისას დაღუპულთა არასრული ჩამონათვალია.
ფორუმი