Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანერებს „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ აუდიტის სამსახური შეისწავლის


ბილბორდები პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პორტრეტით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების ფოტოკოლაჟითა და წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“, თბილისში ერთი კვირის წინ გამოჩნდა. ვაშაძის ოპონენტის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყო ინფორმირებული ამ იდეის შესახებ. ეს გარემოება არ არის მნიშვნელოვანი აუდიტის სამსახურისათვის, რომელიც დაადგენს საბოლოო ჯამში ვის დეკლარაციაში აისახება ბანერების ხარჯი.

ბანერები წინანდალში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დაამზადა და განათავსა, რაც მას 51 841 ლარი დაუჯდა. ბიზნესმენმა საინფორმაციო პორტალ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკანონოდ დააკავეს, დიდი თანხა გამოსძალეს და ბანერების გამოფენით მან საკუთარი პროტესტი გამოხატა ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ.

შეიძლება თუ არა ბიზნესმენის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩაითვალოს?

ლადო ბოჟაძე, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად ბიზნესმენის მტკიცებისა, მისი ეს ჟესტი ნაწილია საარჩვნო კამპანიის, ემსახურება ამომრჩევლის განწყობების შექმნას, რაც პირდაპირი აგიტაციაა:

„აუცილებლად გამოსაკვლევია, რამდენად იყო სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში და რამდენად იყო მის საარჩევნო შტაბთან შეთანხმებული ამ ბანერების განთავსება, რადგან თუკი მათ წინასწარ იცოდნენ ამ ბანერების შესახებ, ეს დეკლარაციაში აუცილებლად უნდა ასახონ. მათ, ამ გზით მიიღეს უფასო შემოწირულობა კონკრეტული პლაკატების გზით. შესაბამისად, კანდიდატის დეკლარაციაში უნდა აისახოს ის თანხა, რაც ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ბანერების დასამზადებლად და განსათავსებლად გადაიხადა. ეს არის შემოწირულობა, რომელიც მათ მიიღეს უფასოდ“.

მოხვდება თუ არა ალექსანდრე მეგუთნიშვილის მიერ გაწეული ხარჯები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დეკლარაციაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის:

„პოლიტიკურ სუბიექტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო წარმოადგინონ დეკლარაციები. თუკი სალომე ზურაბიშვილის დეკლარაციაში არ მოხვდება ეს ხარჯი, აუდიტის სამსახური მას [ალექსანდრე მეგუთნიშვილს] სხვადასხვა პირთან ერთად გამოკითხვაზე დაიბარებს“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა 2016 წელს 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ამჯერად ის ამბობს, რომ ბანერები საკუთარი სურვილით, სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმების გარეშე დაამზადა და განათავსა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, ფიზიკურ პირს სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ არ შეუძლია 60 ათასზე მეტი ლარის შესწიროს. ალექსანდრე მეგუთნიშვილის მიერ ბანერების შექმნასა და განთავსებაზე გაწეული ხარჯი არ აღემატება 52 ათას ლარს.

XS
SM
MD
LG