Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2 თვეში - ჯერ არ ვიცით, ვის რა მოეთხოვება


COVID 19-ის გამო კლინიკებსა თუ საკარანტინო სივრცეებში მყოფმა პირებმა 31 ოქტომბერს შესაძლოა ვერ აირჩიონ მათთვის სასურველი მაჟორიტარი დეპუტატები - ეს ალბათობა უკვე ჩაიდო ახლახან შეცვლილ საარჩევნო კოდექსში. საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრი აკრძალვების სწრაფად დასაწესებლადაც შეიცვალა. თუმცა არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჯერ არ არის გამოქვეყნებული კონკრეტული რეგულაციები არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. საჭიროებების შეფასებისა და თადარიგის დაჭერის მიზნით ამ რეგულაციებს ელოდება პოლიტიკური სპექტრიც და არასამთავრობო სექტორიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს და, შესაბამისად, რამდენიმე დღეში წინასაარჩევნო კამპანიის 2-თვიანი ოფიციალური პერიოდის ათვლაც დაიწყება.

ამ დრომდე არ არის შემუშავებული კონკრეტული რეგულაციები საარჩევნო კამპანიაში თუ კენჭისყრის პროცესებში ჩართული მხარეებისთვის - ამომრჩევლებისთვის, პოლიტიკური ძალებისთვის, საარჩევნო კომისიებისთვის თუ დამკვირვებლებისთვის.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი საფუძველი უკვე შექმნილია და ახლა მთავრობამ უნდა განსაზღვროს ყველა ის პრევენციული ზომა, რაც საჭიროა უსაფრთხო არჩევნების ჩასატარებლად.

მაჭარაშვილის თქმით:

  • „მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ასევე კენჭისყრის დღისთვის ყველა დეტალი გაწეროს - იქნება ეს სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე, დისტანციის დაცვა თუ ასე შემდეგ... რათა მინიმუმამდე დავიდეს რისკები“;
  • „მოქალაქეებისთვის დადგენილი ზოგადი და კონკრეტული ჯგუფებისთვის დადგენილი რეგულაციები ქვეყენაში დღესაც მოქმედებს... და მით უფრო, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანია, ამოქმედდება მთავრობის ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა“;
  • „აი, როგორც, მაგალითად, გამოცხადდა, რომ გაიხსნას კინოთეატრები, სკოლები და ცოტა მოგვიანებით საბავშვო ბაღები, ასევე იქნება... - კანდიდატებისა და პარტიების შეხვედრები რამდენ ადამიანზე, რა ლოკაციებზე, როგორ შეიძლება და ასე შემდეგ... თუ შეზღუდვები დაწესდება, ბუნებრივია, ამას უნდა დაექვემდებაროს ყველა“.

როგორც რადიო თავისუფლებას ასევე ცესკოსა და ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს - სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში და შედეგიც მალე იქნება; თუმცა - როდის, ამას ჯერჯერობით ვერავინ აზუსტებს.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში მუშაობს საპარლამენტო დელეგაცია სპიკერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით. ორიოდე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველო სრულად არის მზად საერთაშორისო მეთვალყურეების მისაღებად არჩევნებზე და როდესაც ისინი მზადყოფნას განაცხადებენ, ჩარტერული რეისებიც დაინიშნება.

  • 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისიის ძირითადმა ჯგუფმა (14 საერთაშორისო ექსპერტი) საქართველოში მუშაობა 19 სექტემბერს დაიწყო,
  • 26 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო მუშაობა ამ მისიის 28 გრძელვადიანმა მეთვალყურემ;
  • უშუალოდ არჩევნების დღეს კი, მეთვალყურეობის პროცესში ჩართული იყო 350-მდე მოკლევადიანი მეთვალყურე.

ამ დრომდე არც საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის სპეციალურად განკუთვნილი უსაფრთხოების რეგულაციები გამოქვეყნებულა.

რეგულაციებს ელოდება პოლიტიკური სპექტრიც. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, სერგო ჩიხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, წესები და ნორმები დროულად უნდა გამოქვეყნდეს, რათა, მათ შორის - პოლიტიკურმა ძალებმა თადარიგი დროულად დაიჭირონ.

„ეს გვჭირდება აუცილებლად იმისათვის, რომ დროულად განვსაზღვროთ საჭიროებები და ხარჯები. უნდა ვიცოდეთ - მაგალითად, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა დაშვების შესაძლებლობები - რამდენი და როგორ დაიშვება...

ასევე უნდა შეფასდეს - ხომ არ იქნება ამ რეგულაციებში დისკრიმინაციული შინაარსის ჩანაწერები. ამიტომ კონკრეტული რეკომენდაციები ოქტომბერში კი არ უნდა გამოქვეყნდეს, არამედ მალევე, 1 სექტემბრისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის“, - ამბობს ჩიხლაძე.

წინასაარჩევნო პერიოდისა და კენჭისყრის დღისთვის განსაზღვრულ რეგულაციებს მოელიან არასამთავრობო სექტორშიც. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, იმედი აქვთ, რომ ამ რეგულაციების შეფასების შესაძლებლობაც მიეცემათ.

წარსულის გამოცდილება და ბერკეტები მთავრობის ხელში

28 აგვისტოს 18:00 საათის ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ის რვა ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში სულ 1455 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდშიც არაერთხელ განაცხადეს, რომ ვითარება სახიფათო არ არის, დამატებით აკრძალვებს არ მოითხოვს და არც არჩევნების გადავადების საფრთხე არსებობს; მაგრამ ვირუსის მეორე ტალღის პროგნოზირება არავის შეუძლია.

თუკი ვითარება საქართველოშიც გართულდება, მთავრობას აქვს ყველა ბერკეტი, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის ჩართვის, ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, დააწესოს მკაცრი აკრძალვები და შეზღუდოს მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებებიც კი.

კანონის ეს ნორმა ივლისში 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა.

ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად,

ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი“, - აცხადებდა 14 ივლისს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.

პოლიტიკური სპექტრის გარდა, ეს ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც იქცა კრიტიკისა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დისკუსიის საგნად.

პარლამენტის მიერ დაწესებული რეგულაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ასევე სადავოა ახლახან შეცვლილ საარჩევნო კოდექსში დამტკიცებული ნორმებიც.

რა წერია საარჩევნო კოდექსში?

თუკი, მაგალითად - საბურთალოს ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩეველი კენჭისყრის დღეს სტაციონარში ანდა საკარანტინო სივრცეში, ვთქვათ, ისნის ოლქის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ის ვერ შეძლებს სასურველი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2 ივლისს დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად, 199-ე მუხლში ჩაიწერა, რომ:

  • კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ჯანდაცვის სამინისტრომ ცესკოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია - სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ინფიცირებული პირებისა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.
  • ამ ინფორმაციისა და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, ცესკო იღებს გადაწყვეტილებას ამ ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.
  • თუკი ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება, კლინიკებსა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ - არჩევნების პროპორციული წესით (საარჩევნო სიებით) გასამართ ნაწილში.
  • მაგრამ მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი მათი რეგისტრაციის მისამართი და მათი იმჟამინდელი ადგილსამყოფელი „ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული“.

ასეთივე შეზღუდვაა გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემთხვევაში. თუმცა აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩეველი ვერც პროპორციული წესით კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი 31 ოქტომბერს ის, მაგალითად, თბილისის კლინიკაში ანდა საკარანტინო ზონაში აღმოჩნდება.

28 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 806 პირი, ხოლო სტაციონარში - 230 პირია განთავსებული.

„მართალია, ეს აკრძალვა არ შეეხება ადამიანების დიდ რაოდენობას, მაგრამ ჩანაწერი აშკარად დისკრიმინაციულია და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ისევ გახდება მწვავე კრიტიკის საგანი... რეგულაციების გამოქვეყნებაც იმიტომ არის დროულად საჭირო, რომ ასეთი ჩანაწერები არ იყოს იქაც“.

მსოფლიოს გამოცდილება

2020 წლის თებერვლის ბოლოდან COVID-19-ის მიზეზით 50-ზე მეტ ქვეყანაში შეიცვალა რეგიონული თუ ადგილობრივი არჩევნების ვადები. თუმცა არაერთმა ქვეყანამ და განსაკუთრებით სამხრეთმა კორეამ - დაამტკიცა, რომ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების პირობებში, არჩევნები განსაკუთრებულ პრობლემებს არ ქმნის.

არჩევნებს მღელვარება მოჰყვა, მაგალითად, სერბეთში.

  • კორონავირუსის პანდემიის პირობებში პირველი ეროვნული არჩევნები სერბეთში ჩატარდა, თუმცა 2-თვიანი დაგვიანებით: 2020 წლის 26 აპრილს დაგეგმილი არჩევნები 20 ივნისს გაიმართა;
  • 15 მარტს, როცა სერბეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში საარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული;
  • ოპოზიციის ნაწილი სერბეთში მწვავედ აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; თუმცა 16 მარტს მუშაობის შეწყვეტა მოუწია სერბეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიასაც;
  • სერბეთი ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესში იყო, როდესაც, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია გამოვლინდა;
  • 7 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა და სერბეთის პრეზიდენტმა ბელგრადში მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა, რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

21 ივნისს, არჩევნების მეორე დღეს, ბალკანეთის გამოძიების გაშუქების ქსელმა (BIRN) ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა „COVID-19-ის ოფიციალური საინფორმაციო სისტემიდან მიღებული მონაცემები“, რომლის თანახმად, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა, რეალურთან შედარებით, ორჯერ მაინც იყო შემცირებული.

15 მარტს, როდესაც საფრანგეთში ორტურიანი მუნიციპალური არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ქვეყანაში 4 500-მდე ინფიცირებულს ითვლიდნენ. თუმცა შემდეგ, როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, ვითარება საფრანგეთშიც დამძიმდა და მეორე ტურის ზაფხულისთვის გადადება მაინც გახდა საჭირო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG