შეიძლება ზოგი ცოტათი მეტს ან ნაკლებს მოელოდა, მაგრამ გერმანიის კანცლერმა საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი დატოვა იმით მაინც, რომ თავისი სახელი დაარქვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. მართალია, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს, მაგრამ ანგელა მერკელს სჯერა, რომ ქვეყანას ასეთი პერსპექტივა აქვს. რაც შეეხება რუსეთთან მტკიცე ენერგეტიკულ კავშირს, რასაც საფრთხედ მიიჩნევენ შეერთებული შტატები და არაერთი ევროპული ქვეყანა, გერმანიის კანცლერისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მტკიცედ უჭერს მხარს მშენებარე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას. თუმცა, პარალელურად, ის გამოხატავს ინტერესს გაზისა და ნავთობის ახალი წყაროების მოძიებისადმი. სხვა საკითხია, რამდენად ძლიერია ინტერესი ალტერნატიული წყაროების მიმართ.
ოკუპაციას დაერქვა ოკუპაცია
თუკი საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს, 23 აგვისტოს, საჯაროდ დიპლომატიურ ენას იშველიებდა და ოკუპაციას „უსამართლობად“, ხოლო საოკუპაციო ხაზს „კონტაქტის ხაზად“ მოიხსენიებდა, 24 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს, მან ტერმინი „ოკუპაციაც“ გამოიყენა.
24 აგვისტოს ანგელა მერკელი, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის თანხლებით, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისშიც ჩავიდა და თავისი თვალით ნახა რუსული ოკუპაციის ნამოქმედარი. გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს და საჭიროა მათ მოგვარებაზე ზრუნვა. გერმანია კვლავაც მზად არის სამშვიდობო დახმარებისთვის.
ნატო და ევროკავშირი - კი, მაგრამ არა მალე
ანგელა მერკელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, უკრაინასთან ერთად, აქვს რეალური ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ევროკავშირის კართან ჯერ ბალკანეთის ქვეყნები დგანან, საქართველომ კი, მისი თქმით, მანამდე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს განვითარების შანსი, რასაც მას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აძლევს. მერკელის ხედვით, ასევეა ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც - საქართველოს აქვს ნატოს არსებითი პაკეტი და სხვა ინსტრუმენტები ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად, თუმცა გაწევრიანების მხრივ დაჩქარებულ ტემპებს არ უნდა მოველოდეთ.
ნატოში სწრაფად ვერგაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სახელდება. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ენერგეტიკული კავშირების გამო გერმანია ანგარიშს უწევს რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებსაც და ამით არის განპირობებული ბერლინის სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებისადმი. ნატოში მალე გაწევრიანება ვერაო, მაგრამ, როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, ალიანსი და თავად მისი ქვეყანა დიდად აფასებენ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ანგელა მერკელი სწავლება „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილე გერმანელ სამხედროებსაც შეხვდა.
რუსეთი პარტნიორი თუ დიდი საფრთხის წყარო?
ანგელა მერკელმა თბილისში ყოფნის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ გერმანიას ყველა ქვეყანასთან მხოლოდ განვითარებაზე დამყარებული სამშვიდობო ინტერესები ამოძრავებს. ასეთივე მიდგომაა რუსეთთანაც. ანგელა მერკელი საფრთხედ არ მიიჩნევს მასშტაბურ დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე და ხაზგასმით ამბობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საჭიროებით განპირობებული პროექტია, გერმანია კი არ აპირებს პუტინის ნება-სურვილზე სიარულს.
მართალია, გერმანიის კანცლერმა თბილისში ისიც თქვა, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანული გაზითაც არის დაინტერესებული და სამომავლოდ, შესაძლოა, თურქმენული გაზიც აქტუალური გახდეს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთთან ენერგოკავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სწორედ გერმანია-რუსეთის მტკიცე ენერგეტიკული კავშირით მხარდაჭერილ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს მიიჩნევენ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გამაძლიერებელად როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად საჯაროდაც წუხს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი შეფასებები 24 აგვისტოს კიევში ჯონ ბოლტონმაც გაიმეორა. თეთრი სახლის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. მან უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ნებაყოფლობით ნუ შეიბოჭავენ თავს რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებით.
ტრანსადრიატიკის გაზსადენი (TAP), რომელსაც თეთრი სახლი რუსეთის სახიფათო ენერგეტიკული ბერკეტების ალტერნატივად განიხილავს, საქართველოს ინტერესებშიც შედის. ის ევროპას აზერბაიჯანის გაზს რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის და საშუალებას მისცემს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსაც) არა მარტო ეკონომიკურად იხეირონ, არამედ უსაფრთხოებაც განიმტკიცონ. ანგელა მერკელს ამ საკითხზე საუბარი ბაქოში მოუწევს, სადაც ის შაბათს ჩავა. სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში გერმანიის კანცლერი საქართველოდან 24 აგვისტოს სომხეთში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანს ესტუმრება.