Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ კანონს დავიცავ, რომ გამოამზეუროს გახრწნილი ხალხი“ - რა ვნახე და მოვისმინე 29 აპრილის აქციაზე  


„ქართული ოცნების“ აქცია, 29.04.2024
„ქართული ოცნების“ აქცია, 29.04.2024

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი აქცია ჩატარდა. ეს იყო პასუხი იმ პროტესტზე, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში 17 აპრილის მერე იმართება. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

ხელისუფლებამ აქციას დაარქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და მის გასამართად თბილისში ათასობით ადამიანის რეგიონებიდან ჩამოსვლა დაგეგმა.

აქციის მოსაწყობად რუსთაველის გამზირზე, ყოველ 50 მეტრში დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, ხმის გამაძლიერებლებთან ერთად. ამ ეკრანებზე მთავარ სცენაზე გამომსვლელები ჩანდნენ. აქციის მონაწილეებს რუსთაველის მეტროსთან და მიმდებარედ ათობით სამარშრუტო ტაქსი უცდიდა, რომ ხალხი უკან რეგიონებში დაებრუნებინა.

18:00 - 22:00 საათი - რა ხდება რუსთაველზე

აქცია 6 საათზე დაიწყო, თუმცა უკვე საათ-ნახევარში მეტრო ხალხით გადაიჭედა, თავისუფლების მოედნიდან აქციის მონაწილეები მიდიან, ზოგი სახლში, ზოგი ქალაქში, თავის საქმეებზე.

ვინც ჯერაც აქციაზეა, ჯგუფ-ჯგუფად დგანან. ჟურნალისტებთან საუბარს უმეტესობა თავს არიდებს. რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რის გასაპროტესტებლად ან მოსათხოვნად მოვიდა აქციაზე, ბევრი პასუხის გაცემაზე უარს ეუბნება.

„რას ვაპროტესტებ? არაფერს“, - ამბობს კაცი დროშით ხელში.

„არ ვარ აქციაზე, გამოვისეირნე, ხალხი ვნახე, არ შეიძლება?“ - აქეთ გვეკითხება ქალი თავისუფლების მოედნიდან.

„ბოდიში, არ მცალია“.

„არ მინდა ლაპარაკი“.

„ხალხის მეტი რა არის, სხვა ჩაწერეთ“.

„ენა, მამული, სარწმუნოება!“

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს არ იკავებს.

„მე „ოცნებასთან“ ვარ. რას ვაპროტესტებ და როგორ შეიძლება ღმერთი ამოიღო? მამული, ენა, სარწმუნოება! სარწმუნოება კბილებით მოვიტანეთ აქამდე. იმ პერიოდში ვიპარებოდით და ეკლესიაში მაინც შევდიოდით. როგორ ფიქრობთ, დღეს მივატოვებთ? ამდენი ეროვნება მიატოვებს თავის ადათ-წესებს, თავიანთ ეკლესიებს და მეჩეთებს? მე ევროპა მინდა, მაგრამ ასეთი ევროპა, რომელიც თითს დამიქნევს - არა, რუსიდან რისთვის წამოვედი? - ამბობს ნინო ქუთათელაძე, - კიდევ არ მინდა ლგბტ-მ საქართველოში ჩამოიაროს. სახლში რაც უნდა, ის გაუკეთებიათ, არ ვეწინააღმდეგები. პოლიციელი ვარ, დღეს არ ვმუშაობ, აგერ ვცხოვრობ, თბილისში და გამოვედი, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა“.

„მე ორმაგი მოქალაქე ვარ საქართველოსი და კანადის, ჩამოვედი საქართველოში და წასვლას აღარ ვაპირებ. არ მიმაჩნია, რომ ეს კანონი რუსულია. ევროპაში ომის წამქეზებელი პარლამენტარები არიან. ახლა იქ არჩევნები იქნება, ორბანი იქნება [ევროპული საბჭოს - რ.თ.] თავმჯდომარე, უნგრეთი, ისევ მემარჯვენეები გავლენ და ის ევროპა მინდა. რუსეთი არ მინდა“, - ამბობს ირაკლი ნიკოლაშვილი.

„ჩემი სათქმელი ის არის, რომ გამჭვირვალე რომ არის, ის იყოს გამხილებული“, - ამბობს ქალი და თან გარბის.

გოგონა დროშით მოდის. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რა მოთხოვნით მოვიდა აქციაზე, დაბნეული დგება და თვალებით თანამგზავრ ბიჭს ეძებს.

„არა, არ გვინდა ჩაწერა“, - ამბობს ბიჭი და გოგონა დროშიანად თან მიჰყავს.

„ქართული ოცნების“ აქცია, 29.04.2024
„ქართული ოცნების“ აქცია, 29.04.2024

ორი კაცი სვანეთიდან არის ჩამოსული, საქართველოს გულისთვის მოვედით, ჩვენი ნებით, ოჯახის და კაცობის დასაცავადო. კითხვაზემ ემხრობიან თუ არა კანონს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, ერთ-ერთი პასუხობს: „ოო, ეგ უკვე ძალიან საჭოჭმანოა“...

„ევროპაში მივდივართ, ევროპა გვინდა. კანონი, ეგერ ე, პარლამენტმა გადაწყვიტოს“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

„კანონის მიღება ჩემი კომპეტენცია არ არის, მე ამომრჩეველი ვარ. მუხლობრივად როცა განიხილავენ, მოვუსმენ, დღესაც ვუსმენდი“, - ამბობს კიდევ ერთი, სახელსა და გვარს არც ის ამხელს.

ბორდიურზე მოხუცი ქალი ზის, ციური ლომსაძე, 84 წლის ვარო, ამბობს: „თბილისელი ვარ. ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვა, ლგპტ [სტილი დაცულია - რ.თ.] არის თუ რა ჰქვია, იმისგან. დეკლარაციას მეც კი ვავსებდი, რა იყო აქ ისეთი?! მე „ოცნების“ გადადებული თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ამათ რომ ებრძვი, უკეთესს ხომ უნდა ხედავდე და სად არის ის უკეთესი?!“

„საქართველოს პატრიოტი ვარ და მაგიტომ მოვედი. არ გვინდა რუსეთი და არ გვინდა ნაციონალები. ნაციონალები არიან უჯიშოები, გამყიდველები, სუყველა ენჯეოებზე და ასეთ რაღაცეებზეა აგებული. ამ კანონს დავიცავ, რომ გამოამზეუროს ეს გახრწნილი ხალხი“, - ამბობს ალექსანდრე წულეისკირი.

ბიძინა ივანიშვილი აქციაზე
ბიძინა ივანიშვილი აქციაზე

კონტრაქცია ათი საათისთვის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით დასრულდა. მან განაცხადა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო“. მისი ვარაუდით, ხელისუფლება, კანონის მიღების გარეშე, საარჩევნოდ მორიგი კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა: „იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ“.

მანამდე, შეკრებაზე მმართველი პარტიის ლიდერები გამოდიოდნენ. აქცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიჰყავდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG