Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს „აგენტების კანონი“ ხელმოსაწერად გადაუგზავნეს


საპროტესტო მსვლელობა "აგენტების კანონის" გაწვევის მოთხოვნით თბილისში ევროპის დღეს. 11 მაისი, 2024 წელი
საპროტესტო მსვლელობა "აგენტების კანონის" გაწვევის მოთხოვნით თბილისში ევროპის დღეს. 11 მაისი, 2024 წელი

პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს „აგენტების კანონი“ ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნა 14 მაისსვე, მესამე, საბოლოო, კენჭისყრის შემდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი, მიიღო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი.

კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება - ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს, განაცხადა, რომ მას ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“, რადგან დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს მედიასთან საუბარში თქვა, რომ ვერ იტყვის კონკრეტულად რა ჩაიწერება პრეზიდენტის ვეტოში, თუმცა იგი ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება.

"კონკრეტულად რა ჩაიწერება, ამას ვერ გეტყვით, უნდა დაველოდოთ. ამისთვის არის ორი კვირა. მაგრამ არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია."

მსხილაძე გამოეხმაურა შეკითხვას მმართველი გუნდის პოზიციის საპასუხოდ, რომ თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს არ წარადგენს, ეს შეფასდება კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლად.

"კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას რაც შეეხება, საკითხავია, ვინ არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იურიდიულად და ტექნიკურად იქნება აბსოლუტურად გამართული. ოღონდ იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო იმ ფორმით, იმ სახით და, ზოგადად, ამ კანონის არსებობა მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული ფორმით აღნიშნული კანონი ძალაში არ უნდა შევიდეს", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

კითხვას, ხედავს თუ არა პრეზიდენტი შესაძლებლობას, რომ კანონპროექტში შევიდეს იმგვარი ცვლილებები, რომლებითაც ის მისაღები გახდება, გიორგი მსხილაძემ უპასუხა.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია, გამორიცხულია, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება ვეტოში კონკრეტულად, ამას ნახავთ ორ კვირაში და ეს იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონზე მუხლობრივ შესვლაში და კანონის რაიმე ფორმით შეცვლაში ჩვენ არ შევალთ. ეს მორჩა. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნა გიორგი მსხილაძემ. მისი თქმით, დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და იმას, თუ რა ეწერება მასში და ამის მიხედვით ისაუბრებენ მოგვიანებით.

„მაგას ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას. რამდენიმე ვეტოა, რომელშიც ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები მთლიანად არის გათვალისწინებული", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 მაისს „აგენტების კანონის” მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცედურის თანახმად, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზიდენტის კანონპროექტი, ხოლო მეორე ალტერნატივა უკვე მიღებული კანონპროექტია:

„მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა. ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის”. ამისთვის, როგორც კობახიძემ თქვა, ვენეციის კომისიამ დასკვნა 28 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.

პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, დისკრედიტაცია და საქმიანობის შეზღუდვა იმ ორგანიზაციების, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი გაეწვია.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის აპრილიდან, საქართველოში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, რომელიც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოების შეფასებით, არაპროპორციული იყო. არის აქტივისტების და პოლიტიკოსების სასტიკად ცემის ფაქტებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG