Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1918 წლის ოთხი წუთი კინოფირზე - რას გვიამბობს ახლად ნაპოვნი ვიდეო?


საქართველოს პარლამენტის არქივის დირექტორმა ირაკლი იაკობაშვილმა ორიოდე დღის წინ თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა ძველ კინოფირზე აღბეჭდილი უნიკალური ვიდეო, რომელიც ასზე მეტი წლის წინ, 1918 წელს ტრაპიზონშია გადაღებული. ვიდეო ახლახან იპოვეს ინტერნეტში - ირაკლი იაკობაშვილი მას დიდხანს ეძებდა. კინოფირის დედანი, სავარაუდოდ, თურქეთის არქივებში უნდა იყოს დაცული და ირაკლი იაკობაშვილს იმედი აქვს, რომ მასაც მალე მიაკვლევს.

ვიდეოზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის ვიზიტია აღბეჭდილი. ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან შემდგარ დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობს. ისინი ოსმალეთის ხელისუფლებას ხვდებიან სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით.

ამ შეხვედრამ მაშინ ბევრი რამ გადაწყვიტა. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც.

კადრებში ქართული დელეგაციის მამაკაც წევრებთან - აკაკი ჩხენკელთან, გიორგი ლასხიშვილთან, გიორგი გვაზავასთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან, ჰაიდარ-ბეგ აბაშიძესა და სხვებთან ერთად მოჩანს ამ დელეგაციის წევრი ქალიც, რუსუდან მიქელაძე, პირველი ქართველი დიპლომატი ქალი, როგორც მას ირაკლი იაკობაშვილი უწოდებს.

ისტორიის ეს ოთხ წუთ-ნახევარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველ იმ ერთსაათიან ვიდეომასალას მიემატა, რომელიც ჩვენამდეა შემონახული.

XS
SM
MD
LG