საქართველოს პარლამენტმა შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს განხილვა საკანონმდებლო ინიციატივის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ქუჩაში გამოსვლის თავისუფლება და ხელისუფლებას საშუალება მისცეს დამნაშავედ აქციოს ყველანაირი საპროტესტო აქციის მონაწილე, მთავრობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი დემონსტრანტის გამოკლებით.
ამ სტატიაში ჩვენ ავხსნით. რამდენად ზუსტი და რეალისტურია ეს შეფასება, რომელიც ეხება პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანების ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს.
რა საკანონმდებლო ინიციატივაზე ვლაპარაკობთ?
საინიციატივო ჯგუფი ითხოვს:
- კანონით აიკრძალოს „ისეთი საჯარო დემონსტრაციები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდაა”;
- აიკრძალოს რომელიმე რელიგიის მიმდევართა რწმენის შეურაცხმყოფელი ან საწინააღმდეგო და ომისა და ძალადობის პროპაგანდის შემცველი, შუღლის გამღვივებელი საპროტესტო გამოსვლები;
- თუკი ასეთი აქციები მაინც ჩატარდება, მკაცრად დაისაჯონ მათი მონაწილეები გაზრდილი ჯარიმებითა და ერთ თვემდე პატიმრობით, გამეორების შემთხვევაში გასამართლდნენ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები;
ვისია ეს ინიციატივა?
დოკუმენტი პარლამენტს გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ და კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წლის ბოლოს გაუგზავნეს.
საზოგადოება მათ იცნობს, როგორც პროპაგანდისტული მედია “ალტ ინფოს” წამყვანებს და პრორუსული, ჰომოფობიური პოლიტიკური გაერთიანება “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლებს. თითქმის ყველა მათგანი მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ძალადობრივ აქციაში.
რატომ დაიწყო ამ კანონის განხილვაზე ლაპარაკი ახლა, თუკი ის პარლამენტს ერთი წლის წინ გაუგზავნეს?
“ლგბტ პროპაგანდის” კანონით აკრძალვის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკი განახლდა 30 აპრილს “უცნობის” აქციაზე, სადაც 8 მოთხოვნას შორის ერთ-ერთი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა იყო.
“ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ვაზის, ხელოვნების, ლხინის, სიყვარულის და სრულფასოვანი სიცოცხლის კულტურის შვილები და ამიტომაც უარვყოფთ ყველაფერს, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდება: აბორტები; ლგბტ პროპაგანდა; ნარკოტიკები; ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები; ევთანაზია და სხვა”, - ითქვა ამ აქციაზე.
აქციიდან მესამე დღეს “კონსერვატიული“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ბოლოს და ბოლოს პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც წლებია ითხოვს, მათ შორის კანონს გეი პროპაგანდის წინააღმდეგ. ამავე დღეს, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ მზადაა დაარეგისტრიროს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.
ამ განცხადებების ფონზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს უნგრეთში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც თქვა, რომ თავად მას, ოთხი შვილის მამას, სურს თავისი შვილები და მომავალი თაობები აღზარდოს “ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებებზე” და დაამატა, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ, კონსერვატიულ ოჯახურ ღირებულებებს. მან ასევე პირობა დადო, რომ არც უმცირესობებზე ძალადობას დაუშვებს, მაგრამ არც მათ მისცემს უფლებას, იძალადონ უმრავლესობაზე.
“როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით - მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით. ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, ადვილია. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია”, - ესაა ფრაგმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბუდაპეშტში გამოსვლიდან.
პარლამენტის საიტზე კანონპროექტის განხილვის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირაა მითითებული: 4 მაისს უნდა ყოფილიყო საკომიტეტო მოსმენა, 5 მაისს მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე - ეს თარიღები 2022 წელს ჩაინიშნა, როცა ინიციატივა პარლამენტში შევიდა. დღეს რადიო თავისუფლებას პარლამენტში ვერ დაუზუსტეს, როდის არის მოსალოდნელი ამ საკითხის განხილვა.
კონკრეტულად რისი შეცვლა უნდათ?
ინიციატორები 3 კანონში ითხოვენ ცვლილებების შეტანას. ესენია:
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“;
- „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”
- „სისხლის სამართლის კოდექსში“.
ავტორებს სურთ, რომ აიკრძალოს როგორც კონკრეტული შინაარსის დემონსტრაციები, ასევე გაიზარდოს ჯარიმები პროტესტის მონაწილეებისთვის და მეტიც, “ურჩები” ჩაითვალონ სისხლის სამართლის დამნაშავეებად.
შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს უნდა დაემატოს შემდეგი ჩანაწერი:
„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას;
აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” კი იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ კანონდამრღვევი დაჯარიმდეს 3000 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 25 დღემდე. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - დაჯარიმდება 5000 ლარით ან 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.
კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევებისთვის კი „სისხლის სამართლის კოდექსში“ გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელთა თანახმად, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის“ სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი აღწევს.
როგორ ხსნიან საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ინიციატორები?
“საფრთხე არ შეექმნას საჯარო წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“ - ესაა მიზანი.
5 ივნისის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება ასეა განმარტებული: “ცვლილებების მიზანია შექმნას მყარი ბერკეტი, რათა შემცირდეს და აღმოიფხვრას შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებებით ბოროტად სარგებლობის ფაქტები”.
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგების გრაფაში კი ცვლილებების “სარგებელი” კიდევ უფრო დაკონკრეტებულია. ავტორების აზრით, ცვლილებები დაიცავს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა, სექსუალურ უმცირესობათა და სექსუალურ უმრავლესობათა უფლებებს. გაანეიტრალებს სოციალური და რელიგიური შუღლის საფრთხეს და აღმოიფხვრება სოციალურ ჯგუფებს შორის ძალადობრივი საფუძვლები.
ავტორები ცვლილებების სიკეთეს ხედავენ იმაშიც, რომ გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტი, ვინაიდან ჩნდება ახალი სამართალდარღვევები და იზრდება ჯარიმები.
და მაინც რა საფრთხეა ამ ინიციატივაში?
“ეს სიმახინჯე ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების ყველა ფუნდამენტურ სტანდარტს ეწინააღმდეგება. თუ დავუშვებთ, რომ “მოსულა” ადამიანისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იმის გამო, რომ ეს რომელიღაცა ჯგუფს არ მოსწონს, ძალიან მარტივი მისახვედრია, რა მალე გაიზრდება ამ ჯგუფების წრე, რა მალე დავიწროვდება “შესაძლო სათქმელების” სია და როგორ სახელმწიფოშიც გავიღვიძებთ მოულოდნელად”, - ასე შეაფასა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა საბა ბრაჭველმა 2 მაისს, ფეისბუკის პირად გვერდზე.
“ეს იქნება ცალსახად კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი მნიშნელოვანი ბარიერი შექმნას კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მორიგი ანტიდასავლური მოქმედება, რამდენადაც ეს გააძლიერებს კრემლის პოზიციებს და შეასუსტებს საქართველოს სუვერენულ არჩევანს, იყოს დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ოჯახის წევრი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, რომელიც “აგენტების კანონს” ადარებს ამ ინიციატივას.
“ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით. ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა. ესენი არიან რუსები. იქცევიან როგორც რუსები. გვექცევიან როგორც რუსები”, - ეს არის ფრაგმენტი ზურა გირჩი ჯაფარიძის ფეისბუკსტატუსიდან, სადაც ის წერს, რომ “აგენტების კანონის” ჩავარდნის შემდეგ ჰქონდა მორიგი საბოტაჟის მოლოდინი ხელისუფლებისაგან. ჯაფარიძე თვლის, რომ ამ ახალ ინსტრუმენტს ხელისუფლება გამოიყენებს რეპრესიებისთვის და ციხეში ჩასვამს ყველა აქტივისტს იმის მიუხედავად, ვინ რა მოთხოვნით გამოვა ქუჩაში ან რომელ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება დაკავშირებული.
“ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, - უთხრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანელმა დეპუტატმა კრიტიან პეტრიმ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შეფასება სთხოვეს. მან თქვა, რომ ქვეყნები და მთავრობები იმით ფასდება, როგორ იცავენ ისინი სხვადასხვა ჯგუფის უფლებებს.
რატომ ამბობენ, რომ ეს ცვლილებები მსგავსია და კიდევ უფრო უარესი, ვიდრე “აგენტების” შესახებ კანონი?
სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ამგვარი შემზღუდავი ნორმები მუშაობს, აჩვენებს, რომ მისი რეალური მიზანი ხელისუფლებისთვის არასასურველი ხმების ჩახშობა და მისი რეპრესიულ იარაღად გამოყენების შესაძლებლობაა.
მაგალითად, რუსეთმა “გეი პროპაგანდის” აკრძალვა 2013 წელს დაიწყო და ამან ფაქტობრივად საფრთხის ქვეშ დააყენა არა მარტო უმცირესობების ფიზიკური უსაფრთხოება, არამედ ყველასი, ვინც ისე არ ფიქრობს როგორც ხელისუფლება.
2022 წლის მიწურულს, როცა ცხადი გახდა, რომ უკრაინაში წამოწყებული ომი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას რუსეთის მთავრობა ისურვებდა, რუსეთმა უკვე მიღებული კანონი გაამკაცრა და ფაქტობრივად აკრძალა ჰომოსექსუალობის ხსენებაც კი.
რუსეთში, ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციების მიმართულებით, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა საპროტესტო აქციის ჩატარება ისე, რომ ეს კრიმინალად არ ითვლებოდეს.
“ოცნება” დაუჭერს მხარს ცვლილებებს პარლამენტში?
საჯაროდ და ოფიციალურად “კონსერვატიული მოძრაობის” საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.
მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პირიქით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა “ქართული ოცნების” ინტერესებში არ არის.
„პირველი, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე, არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. მესამე, მე პირადად დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს. მერე შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა.
პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“, - ეს არგუმენტები მედიამ 3 მაისს მამუკა მდინარაძისგან მოისმინა. მას არ განუმარტავს, რას გულისხმობდა “კარგ” და “ცუდ” პროპაგანდაში.
თუ საჯაროდ განაცხადეს რომ მხარს არ დაუჭერენ, მაინც შესაძლებელია ეს მოხდეს?
ვერავინ გამორიცხავს. “ქართული ოცნების” ამგვარი დაპირებები ნაკლებად სანდოა წინა გამოცდილების გათვალისწინებით - მათ უკან წაიღეს 20 ივნისის შემდეგ გაცემული დაპირება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, მოულოდნელად დატოვეს “შარლ მიშელის შეთანხმება“, ასევე მოულოდნელად დანიშნეს პარლამენტში “აგენტების კანონის” კენჭისყრის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა თარიღი ჰქონდათ ნათქვამი. უფრო ადრე კი, საერთოდაც უარყოფდნენ ამ კანონის მიღების შესაძლებლობას.