Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“ - მდინარაძე "ლგბტ პროპაგანდის" შეზღუდვის ინიციატივაზე


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება არ გეგმავს ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას შეეხება. მდინარაძემ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადება შეაფასა. ინჯიამ 2 მაისს პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს კანონპროექტების პაკეტის ინიციირებას, რაც, მათ შორის, "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას გულისხმობს.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი კანონპროექტის მიღება სამი მიზეზით არ არის საინტერესო მმართველი გუნდისთვის. მისი განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ „შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი“.

„ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები: პირველი, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე, არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს. მერე შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა.

პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“, - განაცხადა მდინარაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ნიშნავს "ლგბტ პროპაგანდა", რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ ამაზე შეუძლია სემინარის ჩატარება, ვინაიდან მოკლე კომენტარში ამ საკითხის განმარტება შეუძლებელია.

მისი განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს.

“ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი „კლასტერი“ და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ - ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება სამართლებრივი მოსაზრებების გამო. იმის გამო, რომ თქვენ, რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით ისარგებლებთ. აბსოლუტურად სხვა რამეა ადამიანების, ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლების უფლების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა, არაერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. ამისგან, რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა“, - აღნიშნა მდინარაძემ. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი იქნება "ლგბტქ+ პროპაგანდის" შემზღუდავი ნებისმიერი კანონპროექტი იმის მიუხედავად, ვინ იქნება მისი წარმდგენი - რადიკალური, ჰომოფობიური გაერთიანება "ალტ ინფო" თუ დეპუტატი ფრიდონ ინჯია.

პარლამენტში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება. ამ ინიციატივის განხილვის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირაა მითითებული (4 მაისი - საკომიტეტო მოსმენა; 5 მაისი - პლენარულ სხდომაზე განხილვა).

პარალელურად, 2 მაისს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის ინიციატივები, რაც გასულ კვირას "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა იყო.

XS
SM
MD
LG