Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოვა თუ არ შემოვა თურქეთიდან მტკვარი?


თურქეთიდან საქართველოში მტკვარი აუცილებლად შემოვა, - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა. ლაპარაკია ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის - "ბეშიქ ჰაიას" - მშენებლობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც სათავეს იღებს მტკვარი, აშენდება ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, მდინარეს შეეცვლება კალაპოტი და, საქართველოში წამოსვლის ნაცვლად, თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის. გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ლაპარაკობენ.
ზუსტად ვერ გეტყვით რა აშენდება ან რა არ აშენდება. ამწუთშიც, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველო-თურქეთს შორის...

გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველო-თურქეთის საზღვარზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ პირველ კომენტარს რადიო თავისუფლებასთან აკეთებს. გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის მინისტრი, ირწმუნება, რომ თურქეთიდან საქართველოში მტკვარი აუცილებლად შემოვა, თუმცა სრულყოფილი ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ ახერხებს იმის თქმას, თუ რა ტიპის მშენებლობის დაწყება იგეგმება და როდის. მიმდინარეობს საკმაოდ რთული ტექნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული მოლაპარაკებები, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

”ზუსტად ვერ გეტყვით რა აშენდება ან რა არ აშენდება. ამწუთშიც, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველო-თურქეთს შორის. არაფერი ისეთი კონკრეტული არ არის გადაწყვეტილი, რის თქმასაც აზრი ექნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა იმ აპოკალიპსური სურათის საწინააღმდეგოდ, რაც იხატება: თურქეთიდან მტკვარი საქართველოში ყოველთვის შემოვა. არ ვგულისხმობ მე თბილისში ჩამომდინარე მტკვარს და მის უამრავ შენაკადს. მე ვსაუბრობ კონკრეტულად საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საიდანაც ყოველთვის შემოვა მდინარე მტკვარი”, - ირწმუნება გოგა ხაჩიძე.

იმ პროექტის შესახებ, რომელიც წერილობითი ფორმით გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებს ჯერ არ უნახავთ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთი მტკვრის სათავეში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის - "ბეშიქ ჰაიას" - მშენებლობას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც სათავეს იღებს მტკვარი, აშენდება ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, მდინარეს შეეცვლება კალაპოტი - ის საქართველოში აღარ წამოვა და გადაგდებული იქნება მდ. ჭოროხის კალაპოტში იქ მშენებარე მდინარე ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - ”კილიჩისა” და ”ისპირის” - შესავსებად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტში ვიზიტით მყოფი არდაგანის ოლქის დეპუტატისაგან გახდა ცნობილი. როგორც ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე იხსენებს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მას ეს ინფორმაცია იმ მიზნით მიაწოდა, რომ ერთობლივი ჩარევის შედეგად შეჩერებულიყო პროექტზე მუშაობა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს შეუქმნის როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე თავად არდაგანის პროვინციას.

მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ალაპარაკდნენ გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიებიც. მდ.მტკვრის წყლის რესურსების შემცირება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს ბორჯომსა და თბილისს, სერიოზული პრობლემები შეექმნება აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას, აცხადებს გია გაჩეჩილაძე, ”მწვანეთა პარტიის” ლიდერი. მას მოსალოდნელი საფრთხეების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი აქვს:

”საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5-10 კილომეტრის ქვევით მტკვარში წყალი საერთოდ არ იქნება. ეს იქნება მშრალი ხევი, სანამ საქართველოში არსებული პატარა მდინარეები არ შეუერთდება მტკვრის ძირითად ნაკადს. კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება ბორჯომში. იქნება საშინელი ანტისანიტარიული პირობები. თბილისში მტკვარი მოაღწევს ძალიან მცირე რაოდენობით - ზაფხულის პერიოდში იქნება იმის ნახევარი, რაც დღესდღეობით არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ თბილისისა და რუსთავის კანალიზაცია, რომელიც უერთდება მტკვარს, რა მდგომარეობა იქნება ამ მიმართულებით ქალაქებში. აღმოსავლეთ საქართველო ისედაც დეფიციტურია წყლის რესურსების თვალსაზრისით. ბუნებრივია, როდესაც მტკვარში წყალი დაიკლებს, ჩვენ აგრარული სექტორის, სოფლის მეურნეობის განვითარება აღარ შეგვეძლება.”
ამის სანაცვლოდ სთავაზობენ მტკვრის და საქართველოს ენერგორესურსების ერთობლივ ათვისებას. რას ნიშნავს ეს?...

საქართველოს „მწვანეთა პარტია“ ავრცელებს სპეციალურ მიმართვას საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებების მიმართ, ის ასევე მიმართავს ევროკომისიას, ევროპის პარლამენტსა და გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, რათა არ დაუშვან იმ პროექტის განხორციელება, რომელმაც, გარდა ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემებისა, შესაძლებელია სახელმწიფოთაშორისი დაძაბულობაც გამოიწვიოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, რომელიც სოციალურ ქსელში ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა, საქართველოს მთავრობისათვის მიუღებელია მტკვრის კალაპოტის შეცვლა და, მდინარე მტკვრის რესურსის ერთობლივი ათვისების მიზნით, ამ ეტაპზე თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რატომ არ ახმაურებს საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პროექტის არსებობას? - ეს კითხვა ირაკლი მაჭარაშვილს, ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია და იქვე კითხულობს, რას ნიშნავს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ნახსენები მტკვრის რესურსის ერთობლივი ათვისება:

”თავად თქვეს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ მემორანდუმში ჩაიდება სხვა საკითხები. ამის სანაცვლოდ სთავაზობენ მტკვრის და საქართველოს ენერგორესურსების ერთობლივ ათვისებას. რას ნიშნავს ეს? იმას, რასაც ახლა ადგილი აქვს საქართველოში? რომ რამდენიმე მდინარეზე აშენდება და შენდება კაშხლები, რომლებმაც გაცილებით დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს საქართველოს ეკოსისტემას, ვიდრე თურქეთის ტერიტორიაზე დაგეგმილმა პროექტმა? და, რაც მთავარია, გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება თურქეთს”, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

როგორც ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, შექმნის როგორც ეკოლოგიურ პრობლემებს, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს სამხრეთ საქართველოში მდებარე ისტორიული ძეგლების განადგურებაც. ის საუბრობს იმ კონვენციაზეც, რომელიც თურქეთს ავალდებულებს მიაწოდოს საქართველოს სრული ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობის შესახებ:

”არც ერთ ზედა ბიეფში მყოფ ქვეყანას არ აქვს უფლება ქვედა ბიეფში მყოფს არ მისცეს წყალი. ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც თურქეთი დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი, არის სწორედ წყლის საკითხების მოუწესრიგებლობა. ერთ-ერთი კონვენციის მიხედვით, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებიდან გამომდინარე, თურქეთი ვალდებულია მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აშენებს და როგორ ჩვენს საზღვართან”, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მდინარე მტკვარი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი წყლის არტერიაა, რომლის წყლის რესურსები მთელი ამიერკავკასიის რესურსების 30 პროცენტს აღწევს.
XS
SM
MD
LG