წაგებული მატჩის შემდგომი დღე ყოველთვის ნაბახუსევს ჰგავს. სულ გუშინდელზე გეფიქრება, ბევრი არაფერი გახსოვს, მაგრამ რაღაცებს გრძნობ ისეთს, რაც არ გასვენებს. ყველას დასვენება სჭირდება, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, და ქომაგებსაც.
მაღვიძარას ვთხოვე გავეღვიძებინე. საუზმე ათის ნახევრამდეა, მერე სულ რომ სახე დაიკაწრო, ერთი ცალი ვაშლის მეტს არაფერს მოგცემენ. თან, თამაშის დღეა, კაცმა არ იცის, ეს დღე რას მოიტანს, იმედი კი ყველას გვაქვს, შემართება არავის აკლია.
ვუპერტალის გარეუბნისკენ გავწიე, აქ არის ჩემი სასტუმრო, ნამგზავრი ძალიან დავიღალე და ერთი სული მქონდა, როდის დავდებდი ბარგს და მომდევნო დღის თამაშებისთვის მოვემზადებოდი. ვუპერტალის გარეუბნები ფეხბურთით არ ცხოვრობს, ხანდახან მგონია, რომ საერთოდ არაფრით ცხოვრობს, ზედმეტად ჩუმია აქაურობა.
ევროპის ჩემპიონატი ორი დღის გახსნილი იყო, როცა გერმანიისკენ ავიღე გეზი. თბილისი-სტამბოლი-ჰამბურგის მიმართულებით.