რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, 22 და 23 ნოემბრის აქციების მონაწილეებმა გააპროტესტეს არა მხოლოდ პუტინისა და ლუკაშენკას ვიზიტი, არამედ სომხეთის ОДКБ-დან გამოსვლაც მოითხოვეს. იტყობინებოდნენ, სულ ცოტა, 4 მომიტინგის დაკავების შესახებ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ლიდერებს და მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტს, იმედგაცრუებული დახვდა სომხეთის ხელისუფლებაც. ვლადიმირ პუტინის ერევანში ჩასვლის ძირითად მიზნებად ექსპერტები სწორედ სომხეთის გულის მოგებასა და სახელგატეხილი ОДКБ-ს შენარჩუნებას ასახელებენ.
სომხეთში რუსეთის მიმართ მზარდ უნდობლობასა და უკმაყოფილებაზე ლაპარაკობენ ექსპერტები.
იმედგაცრუებული მასპინძელი
ОДКБ-ს თავყრილობას სომხეთი იმედგაცრუებული მასპინძლობს და მოკავშირეების მიმართ საყვედურები პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 23 ნოემბერს, 6 სახელმწიფოს ლიდერთა სხდომაზეც გაიმეორა. მან თქვა, რომ ОДКБ-მ არ შეისმინა თხოვნა და არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო ძალის შეჩერებაში.
"სომხეთი ასრულებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. მართალია, ეს საიუბილეო წელი იყო, მაგრამ ის სულაც არ იყო საიუბილეო სომხეთისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს [სომხეთი], სულ ცოტა, სამჯერ დაესხა თავს აზერბაიჯანი და, ფაქტობრივად, ამ ეტაპამდე ვერ ვნახეთ ОДКБ-ს რეაგირება აზერბაიჯანის აგრესიაზე, რაც წარმოადგენს დიდ დარტყმას ამ ორგანიზაციის იმიჯზე", - განაცხადა ფაშინიანმა და ეს ფაქტი "ყველაზე დიდ ჩავარდნად" შეაფასა.
ОДКБ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსია, რომელშიც 6 ქვეყანა (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი) შედის. ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ერევნის უკმაყოფილება, პირველ რიგში, სწორედ რუსეთისკენ არის მიმართული.
პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად ერევნის ქუჩებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ისინი საგანგებო გულისწყრომას გამოხატავდნენ კიდევ ერთი სტუმრის - ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მისამართით.
"პუტინი, ლუკაშენკა და სხვები არ უნდა ჩამოვიდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ისინი იმსახურებენ პატიმრობას და მხოლოდ პატიმრობას. აქ ვნახე პლაკატები წარწერით - ბუჩა, ირპენი... - რაც იქ გააკეთა რუსეთის ჯარმა და ამას დავამატებ, რაც აზერბაიჯანმა, რუსეთის დახმარებით გააკეთა გადრუტში, შუშაში", - აცხადებდა "ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების" პროგრამების კოორდინატორი.
სომეხი პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი კი ამბობს, რომ "სომხეთს არ ჰყავს და ვერც ეყოლება მეგობრები ОДКБ-ში".
მთიანი ყარაბახის გამო შეიარაღებული კონფლიქტის განახლებისას ერევანმა ოფიციალურად მოსთხოვა მოსკოვსა და ОДКБ-ს სხვა დედაქალაქებს, დახმარებოდნენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ. შედეგად, ორგანიზაციის წესდება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთის სახედრო დახმარებას ავალდებულებს, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
რატომ ჩავიდა პუტინი ერევანში?
ვლადიმირ პუტინი ერევანში 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა.
"განხილული იქნება თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებები ორგანიზაციის [ОДКБ] ფარგლებში, აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები", - წერია კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ვლადიმირ პუტინის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით. წინასწარ იყო დაგეგმილი მისი პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან.
რუსი პოლიტოლოგი, პრიმაკოვის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ალექსეი მალაშენკო ასახელებს ორ ძირითად მიზანს, რამაც, მისი აზრით, პუტინი სომხეთში ჩაიყვანა:
- შეინარჩუნოს სომხეთი - „[რუსეთმა] უნდა დაიბრუნოს ის ქულები, რომლებსაც იგივე სომხეთი იღებს ურთიერთობებით ფრანგებთან და დასავლეთთან, ზოგადად“;
- შეინარჩუნოს ОДКБ - „ღიად გამოითქმება კრიტიკული მოსაზრებები ОДКБ-ს მიმართ... საჭიროა რაღაცის ახსნა, რაღაცის ჩვენება, შესაძლოა - რაღაც დათმოს, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს“.
„ეს [ერევანში ჩასვლა] საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი ჯერ ისევ იქ არის და წარმოადგენს ფაქტორს, რომელსაც შესაძლოა ეწოდოს მშვიდობისმყოფელი. თუმცა ამას ბევრი უკვე ერთგვარი ეჭვით უყურებს“, - მალაშენკოს სიტყვებს რუსეთის მედია ავრცელებს.
ასევე ნახეთ ერევანში აქციებზე მოითხოვენ ОДКБ-დან გასვლას, მიესალმებიან ნენსი პელოსისასევე ნახეთ სომხეთში ნენსი პელოსიმ დაგმო აზერბაიჯანის „უკანონო“ თავდასხმები
რუსეთის მედიასაშუალებები აქვეყნებენ ერევნელი პუბლიცისტისა და მიმომხილველის ედუარდ აიანიანის კომენტარს, სადაც ის რუსეთის მიმართ ხალხის დამოკიდებულების გაუარესებაზე ლაპარაკობს.
„იკვეთება საკმაოდ არსებითი ძვრები ხალხის ცნობიერებაში და უნდა ვთქვა, რომ - ეს რუსეთის სასარგებლოდ არ ხდება... არ ვიჩქარებ, ვთქვა, რომ ეს არის ურთიერთობების გამწვავება და არც მასობრივი პროტესტია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენს რეგიონში რუსეთის ნეიტრალური როლი საკმაოდ ბევრ შეკითხვას იწვევს“, - ამბობს ედუარდ აიანიანი.
სომხეთში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ОДКБ-ს წინააღმდეგ მიმართული აქციები ხალხმრავალი არ არის და არც პერმანენტული.
ОДКБ - სავსე პრობლემებით
ОДКБ-ს ავტორიტეტი დიდწილად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს შეეწირა და ეს, სომეხი ექსპერტების თქმით, განპირობებული იყო სწორედ რუსეთის ინერტულობით.
მართალია, წლის დასაწყისში, შიდა არეულობის ჩასახშობად ОДКБ-ს სამხედრო ძალა ყაზახეთმა დაიხმარა, მაგრამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ყაზახეთის ხელისუფლებაც უნდობლობით უყურებს.
ასევე ნახეთ ფაშინიანი: "მშვიდობის დამცველთათვის მანდატის გაგრძელებაზე ჩვენი წინადადება უარყოფილ იქნა" ასევე ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში
ОДКБ-ს საზრუნავი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება არ არის. უმეტესი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში ან მის ზღვარზე არიან: რუსეთი და ბელარუსი მოკავშირეები არიან უკრაინასთან რუსეთის მიერ დაწყებულ ომში; მდორე, მაგრამ განუწყვეტელია სამხედრო დაპირისპირება ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლის აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. სროლის შესახებ ინფორმაცია 23 ნოემბერსაც გავრცელდა, ერევანში ОДКБ-ს ლიდერთა სხდომის პარალელურად.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობს