Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: "მშვიდობის დამცველთათვის მანდატის გაგრძელებაზე ჩვენი წინადადება უარყოფილ იქნა"


აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერთა შეხვედრა. სოჭი, 31 ოქტომბერი.
აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერთა შეხვედრა. სოჭი, 31 ოქტომბერი.

სოჭში 31 ოქტომბერს ჩატარებული სამმხრივი შეხვედრის დროს სომხეთი გამოვიდა წინადადებით, ვადა გაუგრძელდეს რუსეთის მშვიდობის დამცველთა მისიას, რომელიც მთიან ყარაბაღშია დისლოცირებული. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი სიტყვებით, საქმე ეხებოდა მშვიდობის დამცველთა მანდატის გაგრძელებას გაურკვეველი ვადით - 20, 15 ან 5 წლით. ფაშიანის თქმით, ვადის გაგრძელება არ იქნა მიღებული.

„მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აღქმით, საკითხი დღის წესრიგში შევიდა,“ თქვა სომხეთის პრემიერმა.

მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა რუსი პარტნიორების პოზიცია. პრემიერის თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკითხის განუსაზღვრელი დროით გადადება. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ამჟამად შეუძლებელია ურთიერთმისაღები სტატუსის გამონახვა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობის პოზიცია 100 პროცენტით შეესაბამება ამ ხედვას.

როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთის მხარე მოითხოვდა, რომ სოჭის სამმხრივ განცხადებაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ცნობილი წინადადებები.

„მაგრამ ჩვენი რუსი კოლეგების მოწოდებით შევეცადეთ, უფრო მოქნილი ვყოფილიყავით, რათა ვითარება ჩიხში არ შეგვეყვანა,“ თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სოჭში გამართული რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის ნახსენები მთიანი ყარაბაღი. დოკუმენტში მხოლოდ აღნიშნულია „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საკვანძო მნიშვნელობის წვლილი მისი განლაგების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

XS
SM
MD
LG