16 მარტის საღამოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში, ხუროშვილების ბაღშია გადაღებული. ფოტოზე 4 შეიარაღებული ნიღბიანი პირი ბუჩქების, პატარა ხეების, ხის ღობისა და სახლის ნაწილის ფონზე დგას. ქაცარავას განცხადებით, ეს არის ფოტოფაქტი იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქის მიწის ნაკვეთში იმყოფებოდნენ. დავით ქაცარავა ფოტოს მიმწოდებლის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა თავად ირწმუნება, რომ ფოტოს სანდოობა ეჭვს არ იწვევს.
ინტერნეტში ფოტოს გავრცელებისთანავე ზოგიერთმა ხურვალეთელმა დაწერა, რომ ის გადაღებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ძუკაანთში, გურამ გუცაევის მიწის ნაკვეთზე. გუცაევის სახლის ნაწილი ფოტოზე, მართლაც, ჩანს, მაგრამ 16 მარტს სოფელში შესულმა ჟურნალისტებმა ეს ნაკვეთი და სახლი თავადაც გადაიღეს. რადიო თავისუფლების მიერ გადაღებულ ფოტოზეც იგივე ნაკვეთი, იგივე ხეები და ბუჩქები ჩანს, ღობის მიღმა კი გუცაევის სახლი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ბაღი კი, სადაც ჟურნალისტებმა ფოტოები გადავიღეთ, ხურვალეთს ეკუთვნის. ქაცარავას მიერ გავრცელებული ფოტოს შესახებ სახელმწიფო უწყებებმა დუმილი არჩიეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ, საერთოდ, არასერიოზულია ამ ფოტოზე კომენტარის გაკეთება.
მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი
ხურვალეთში ვითარება 15 მარტს დაიძაბა - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლუდა სალიამ, 14 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ და სოფლის მცხოვრებლების, ხუროშვილებისა და ბატონისაშვილების, ბაღი დაიკავეს.
ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში. ვაწარმოებთ კონსულტაციებს ტექნიკური შეხვედრის გამართვის შესახებ და ეს ტექნიკური შეხვედრა ატარებს პრევენციულ ხასიათს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გაუგებრობები ან რაიმე სახის არასასურველი ინციდენტი.ირაკლი ანთაძე
ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთის საგუშაგოზე შეიკრიბნენ, მაგრამ პოლიციამ მათ სოფლისა და გამყოფი ხაზისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა. იქვე იყვნენ სამოქალაქო მოძრაობის წევრები. პოლიციელები ამბობდნენ, რომ ამას ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აკეთებდნენ, თუმცა დაუბრკოლებლად უშვებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ამას ისიც დაემატა, რომ სახელმწიფო უწყებები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებდნენ. სუსი აცხადებდა, რომ რუსები სოფელში არ შესულან და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, გორის მერი კი ამბობდა, რომ, შესაძლოა, რუსებს გზა არეოდათ და სოფლის ტერიტორიაზე მოხვედრილიყვნენ. ხურვალეთში რომ ყველაფერი კარგად არ იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ სოფელში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები ჯიპებითა და პოლიციის მანქანებით დიდი სისწრაფით შერბოდნენ და გამორბოდნენ, ხოლო საგუშაგოზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდებოდა. თუ სოფელში სიმშვიდე იყო, ამხელა მოძრაობა და მობილიზება რისთვის გახდა საჭირო? საგუშაგოზე ვითარება მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც იქ თბილისიდან სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი ჩავიდა და სოფელში შესვლა მოითხოვა. ჟურნალისტებისთვის გზა ორსაათიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნა. პოლიციელებმა ისინი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მიიყვანეს და რუსეთის საგუშაგო კოშკამდე აღარ მიუშვეს. არადა, მანამდე იქ მისვლა უპრობლემოდ შეიძლებოდა. კიდევ ერთი მთავარი კითხვა გააჩინა ადგილზე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, დახვედრამ, რომელმაც თქვა, რომ სოფელში სიმშვიდე იყო, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეების ბაღში არ შესულან. თუ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ერგნეთის შეხვედრების მთავარი მომლაპარაკებელი ქართული მხრიდან საოკუპაციო ხაზთან რატომ იმყოფებოდა? თითქმის ყოველ კვირას რეგიონში ინციდენტები ხდება, მაგრამ სახელმწიფო მინისტრ ქეთი ციხელაშვილის გარდა ამ საკითხებზე თბილისიდან რეგიონში არავინ ჩამოდის ხოლმე. გარდა ამისა, ანთაძემ ისიც განმარტა, რომ რუსულ მხარესთან ტექნიკური, რიგგარეშე შეხვედრის ჩანიშვნაზეც აქვს კონსულტაცია, რათა რეგიონში შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.
„ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში. ვაწარმოებთ კონსულტაციებს ტექნიკური შეხვედრის გამართვის შესახებ და ეს ტექნიკური შეხვედრა ატარებს პრევენციულ ხასიათს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გაუგებრობები ან რაიმე სახის არასასურველი ინციდენტი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთის რიგითი შეხვედრა ისედაც 22 მარტს არის დაგეგმილი და საკითხავია, რატომ ჩნდება ტექნიკური შეხვედრის საჭიროება, თუ სოფელში არაფერი ხდებოდა?
ხურვალეთელების ნაწილი ერთმანეთისა და მედიის წინააღმდეგ
ჟურნალისტები ხურვალეთში პოლიციის თანხლებით 16 მარტსაც შევიდნენ. ამჯერად უკვე იმ ბაღთან მივედით, რომელსაც ლუდა სალია ორი დღით ადრე ახსენებდა. რუსები ბაღში აღარ იყვნენ. სამაგიეროდ, იქვე დაგვხვდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სალიასა და ქაცარავას პროვოკატორებად და სოფელში დესტაბილიზაციის შემტანებად აცხადებდა.
დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა შექმნან.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური
სოფელში შეკრებილები ჟურნალისტების მიმართაც აგრესიულები იყვნენ. სალიას მიმართ შეურაცხყოფა სოციალურ ქსელებშიც ფიქსირდებოდა. კომენტატორთა ნაწილის აზრით, სოფელში სიმშვიდე იყო, სამოქალაქო მოძრაობის წევრები კი რუსების გაღიზიანებით მათ საფრთხეს უქმნიდნენ. ლუდა სალია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მას რუსეთუმეები უპირისპირდებიან, ვისაც ბორდერიზაცია აწყობს კიდეც, რადგან ნათესავები ცხინვალსა და ვლადიკავკაზში ჰყავთ. ის კიდევ ერთხელ იხსენებს 15 მარტის შუადღეს. მისი თქმით, ქართველი პოლიციელები მკერდმიშვერილები იდგნენ შეიარაღებული რუსების პირისპირ, რომლებიც მოქალაქეების ბაღებში იყვნენ და ვითარება ძალიან დაძაბული იყო. სალიას თქმით, მას რომ ტყუილი ეთქვა, ახლა სუსში დაკითხვაზე ატარებდნენ, მაგრამ ეს ყველა ძალოვანმა, ვინც კი იქ იყო, საკუთარი თვალით ნახა. თავად იღებდნენ ფოტოებს და ვიდეოკადრებს. სალიამ ფოტოების გადაღება ვერ მოასწრო, რადგან პოლიციელებმა იმ ზონას სასწრაფოდ გაარიდეს. სალიას არ ესმის, რატომ მალავს სახელმწიფო ამ ფაქტს, როცა შეუძლიათ სიმართლე თქვან, რომ რუსები შემოსულები იყვნენ და მოლაპარაკების შემდეგ უკან გააბრუნეს.
საქართველოს ხელისუფლებას მადლობა დავით ქაცარავამაც გადაუხადა. 16 მარტს გაკეთებულ განცხადებაში იგი ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგად სამართალდამცავებმა შეძლეს და რუსები იმ ტერიტორიაზე დააბრუნეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ბაღებში შევიდნენ. ქაცარავა პოლიციას სოფელში 24-საათიანი პატრულირებისა და მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეების ბაღებში ბორდერიზაციის ახალ ეტაპს მალე დაიწყებენ. მისი თქმით, სოფლის სიახლოვეს საინჟინრო ტექნიკის გადაადგილება უკვე შეინიშნება.
წინაპირობები
ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, მუქარანარევი განცხადება უძღოდა წინ, შემდეგ კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობა, რომ ხურვალეთში პროვოკაცია იგეგმებოდა.
“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა შექმნან. მოძრაობის ლიდერი, ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ 13 მარტს გაავრცელა.
ქაცარავა მართლაც გეგმავდა ხურვალეთში ჩასვლასა და იქაური მოსახლეობისთვის მიწის დამუშავებაში დახმარებას, მაგრამ უამინდობის გამო ეს აქცია 15 მარტიდან ერთი კვირით გადასწია. ამის შესახებ ინფორმაცია მან 14 მარტის საღამოს გაავრცელა.
ხურვალეთის მოსახლეობას საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მიწის ნაკვეთები აქვს და, მათი თქმით, იქ რუსეთის მესაზღვრეები ხშირად უსაფრდებიან და ხაზს მიღმა გადაჰყავთ. შარშან მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ღობეზე გადაათრიეს და ცხინვალის საპატიმროში 11 დღე ამყოფეს. მანამდე ხურვალეთელი დავით ხუროშვილი ლობიოს კრეფისას გაიტაცეს საკუთარი ნაკვეთიდან და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, როდესაც რუსეთის მესაზღვრეები ხურვალეთის ბაღებში ადგილობრივ მოქალაქეებს უსაფრდებიან და აკავებენ.
ასევე ნახეთ გაზაფხული და შემოდგომა - ყველაზე საშიში პერიოდი საოკუპაციო ხაზთანერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 22 მარტს გაიმართება, სადაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი ხურვალეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.