ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თანხლებით, ხურვალეთში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს საგუშაგო კოშკურა აქვთ მოწყობილი. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუროშვილებისა და ბატონისაშვილების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე შენიშნეს საოკუპაციო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი, გოგა აფციაური იტყობინება ხურვალეთიდან, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თავიანთი თვალით ნახეს, რომ ამ დროისთვის ადგილზე შეიარაღებული პირები არ იმყოფებიან. მათ საშუალება ჰქონდათ მხოლოდ ხუროშვილების ნაკვეთში შესულიყვნენ, არ უნახავთ ბატონისაშვილების ნაკვეთი, რომელიც ამ ტერიტორიიდან მოშორებითაა.
ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობასაც. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, ადგილობრივები, სავარაუდოდ, ორგანიზებულად დახვდნენ ხურვალეთში შესულ ჯგუფს და ინტერვიუს მიცემისასაც აქტიურობდნენ. ადგილობრივებმა მათ განუცხადეს, რომ 15 მარტს პროვიკაციას ჰქონდა ადგილი, ოკუპანტები მათ სოფელში არ უნახავთ და ვითარება ხელოვნურად დაიძაბა.
ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ხურვალეთში ყოფნის დროს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა გადაადგილდებოდა საოკუპაციო ძალების უაზის მარკის ავტომანქანა. შეიარაღებული პირები ჯგუფის წევრებს საგუშაგოსთან არ უნახავთ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც ხურვალეთში სამართალდამცავთა თხოვნით პირადად არ ყოფილა, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სოფლის დაცვა და პატრულირება გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის რეჟიმში განაგრძონ.