ცხრათვიანი პაუზის შემდეგ პარაპლანით იფრენთ... ოღონდ წესების დაცვით

პარაპლანით ფრენებს ახალი წესი დაარეგულირებს.

ცხრათვიანი აკრძალვის შემდეგ, პარაპლანით ფრენა, რომელსაც ახალი წესი დაარეგულირებს, დაახლოებით, თვე-ნახევარში უნდა განახლდეს. მანამდე კი, მფრინავებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა, შემოწმდეს მათი საფრენი აპარატები და ასაფრენი ადგილები. იზრდება როგორც პილოტების ვალდებულებები, ისე ფრენაზე კონტროლიც.
  • რას გულისხმობს ახალი წესი?
  • ვინ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო ფრენაზე?
  • რა ელით წესის დამრღვევებს?
  • ვინ გააკონტროლებს ფრენებს?

ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში პარაგლაიდინგით დაინტერესებულებს შეიძლება ჰქონდეთ.

ასევე ნახეთ პარაპლანით ფრენის დროებითი წესი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს

რა უნდა მოწესრიგდეს?

პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაპანაძე განმარტავს, რას ითხოვს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ახალი წესი:

  • პილოტების/მფრინავების კომპეტენციასა და უნარ-ჩვევებს - რაც ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც დაფრინავს, უნდა ჰქონდეს ცოდნა და გამოცდილება;
  • საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობას;
  • საფრენი ადგილების შეფასებას და აღიარებას.

ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი?

საქართველოში, პარაპლანით ფრენების პროცესს, პარაგლაიდინგის ფედერაცია გააკონტროლებს, ხოლო ფედერაციის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა ექნება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

უსაფრთხოების წესების დარღვევევის შემთხვევაში, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან.

რა ხდება წესის ამოქმედების შემდეგ?

წინ ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდია. ამ დროში:

  • პილოტებმა უნდა ჩააბარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა;
  • შემოწმდეს მათი აპარატურა;
  • შეისწავლონ ასაფრენი ადგილების უსაფრთხოება.

სავარაუდოდ, თვე-ნახევარში გაირკვევა, დაახლოებით 250-მდე პილოტიდან რამდენი ჩააბარებს გამოცდას. მაგალითად, თუ ასეთი აღმოჩნდა 30 და მათგან 25-ს ექნა ვარგისი საფრენი აღჭურვილობა, საქმეს სწორედ ეს 25 პილოტი შეუდგება.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ მათ მოწმობაში ჩაიწერება მათი კვალიფიკაციაც, როგორი პილოტია ის, დამწყები, გამოცდილი, სპორტსმენი თუ აკრობატი მფრინავი.

პარაპლანებით მარტო გუდაურში დაფრინავენ?

არა.

გუდაურმა, როგორც ირაკლი კაპანაძეც შენიშნავს, ყურადღება სწორედ იქ მომხდარი უბედური შემთხვევების გამო მიიპყრო.

დაფრინავენ სვანეთშიც, კახეთშიც და სხვა ადგილებშიც.

ირაკლი კაპანაძე

დღეს გუდაურში ფრენებით დაინტერესებული დაახლოებით ასი პილოტია, დანარჩენ საქართველოში კი, დაახლოებით, 150 პილოტამდე.

პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის, ვისაც ფრენა საკუთარი სიამოვნებისთვის სურს, უაპელაციოდ მისი აკრძალვა არასწორია.

ახლა ვინ შეამოწმებს?

ახალი წესით, პარაპლანით კომერციული, სპორტული ფრენების ადგილას პროცესს გააკონტროლებს ოპერატორიც.

ფედერაცია (სპეციალური კომისია) ვალდებულია ნახოს საფრენი ადგილი, შეამოწმოს, ასრულებენ თუ არა დადგენილ წესს პილოტი და ოპერატორი.

ამ კომისიას წელიწადში 2 გეგმური და 2 არაგეგმური შემოწმების ვალდებულება აქვს.

შემოწმების უფლება აქვს სამოქალო ავიაციის სააგენტოს ჯგუფსაც.

თუ ყველაფერი ახლა უნდა მოწესრიგდეს, რა გამოდის?

ის, რომ აქამდე მეტ-ნაკლებად ყველაფერი ქაოტურად იყო.

ირაკლი კაპანაძის თქმით, პილოტების უმეტესობამ კი იცოდა, რომ მათი საფრენი აღჭურვილობა წესრიგში უნდა ყოფილიყო და ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ მათ არავინ აკონტროლებდა.

ფედერაციას პილოტების შემოწმების და რეაგირების უფლება არ ჰქონდა. თუმცა, ყველა ხედავდა, ვინ დაფრინავდა ცუდად და ვინ კარგად. ვითარების გამოსწორების ვალდებულება არც პილოტს ეკისრებოდა.

ირაკლი კაპანაძე შენიშნავს, რომ ყველა უბედური შემთხვევა, რომელიც გუდაურში მოხდა, უკავშირდებოდა იმ სამ ძირითად საკითხს, რომლის მოწესრიგებაც იგეგმება ახალი წესით.

„არცერთი ეს უბედური შემთხვევა არ მომხდარა იმიტომ, რომ ვიღაცას მეხი დაეცა, - ამბობს ირაკლი კაპანაძე, - ეს იყო ოპერირების შეცდომა, ეს იყო მოუწესრიგებელი ფრენები, უვარგისი საფრენი აპარატები და დაბალი კვალიფიკაციის პილოტები“.

სულ, საქართველოში პარაპლანით ფრენისას დაღუპულია 7 ადამიანი.

მათგან 5 - გასულ წელს.

მსურველები უკვე ჩანან?

როდესაც ახალ წესზე მუშაობა დაიწყო, მფრინავებს აცნობეს, რომ შეედგინათ როგორც პროფესიული ბიოგრაფიები, ისე, მოეწესრიგებინათ საფრენი აღჭურვილობა.

ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ ამ წუთისთვის ფედერაციაში თავისი CV გაგზავნილი აქვს მხოლოდ 5 მფრინავს.

პარაპლანისტები ვალდებულები იქნებიან გადაიხადონ გადასახადიც - ამას, მათი ფრენების რაოდენობის მიხედვით, ოპერატორი აღრიცხავს.

პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარაპლანებით ფრენისას უბედური შემთხვევევისგან არც განვითარებული ქვეყნებია დაზღვეული, თუმცა იქ ზუსტად იციან ხოლმე, რა ხდება ამის მიზეზი. საქართველოშიც, მისი თქმით, ამ სფეროს მოწესრიგებამ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.

„ხოლო თუ მაინც მოხდება რამე, გვეცოდინება, რატომ მოხდა ესა თუ ის შემთხვევა და გვექნება რეაგირების მექანიზმიც“.

ასევე ნახეთ პარაპლანით ფრენის დროებითი წესი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს

2023 წლის 8 მაისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს დაარეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც იარსებებს.

უფრო კონკრეტულად, „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“ ადგენს:

  • პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს;
  • საფრენი ადგილების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას;
  • ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს;
  • მოთხოვნებს მფრინავის მიმართ;
  • მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს;
  • მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს;
  • პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას;
  • ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს;
  • ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე;
  • წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

„ვერცერთი ინდმეწარმე თუ იურიდიული პირი ვერ იფრენს, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი - არ აქვს ჩაბარებული გამოცდა; არ ექნება გამართული აპარატურა. ეს თითქოს ელემენტარული რაღაცებია, მაგრამ აქამდე არ არსებობდა ვალდებულება...“, - თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა 8 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რა ხდებოდა მანამდე

პარაპლანით ფრენების შეჩერებას წინ უსწრებდა 2022 წელს მოხმდარი უბედური შემთხვევები: 2022 წლის 16 ივლისს გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავდა.

29 ივლისს კი, ისევ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, კლდოვან ფერდობზე კიდევ 2 ადამიანი ჩავარდა - ერთი დაიღუპა.

მაშინ, მსხვერპლით დასრულდა სამაშველო ოპერაციაც, რადგან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და რვა ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ საბჭოთა MИ-8-ს გარდა რა ვერტმფრენები გვყავს სამაშველო ოპერაციებისთვის

სწორედ ამის შემდეგ განაცხადა გუდაურში ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომ პარაპლანით ფრენა დიდი პრობლემაა და წესების გამკაცრებამდე, პარაპლანით ფრენები დროებით აიკრძალებოდა.

ასევე ნახეთ რატომ ირჩევენ ტურისტები გუდაურს და რამდენად უსაფრთხოა პარაპლანით ფრენა - ინტერვიუ

ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში, გუდაურში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით პარაპლანისტმა პარაპლანით ფრენების აღდგენა მოითხოვა.