მკვლელობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული, თუმცა ბრალს არავინ აღიარებს. ჯაბიევების ოჯახმა რუსეთში კიდევ ერთი ადვოკატი დაიქირავა, მაგრამ ის ცხინვალში ჩასვლას ვერ ახერხებს. გარდაცვლილის ცოლი, ოქსანა სოტიევა, ამბობს, რომ ადვოკატს ცხინვალიდან ემუქრებიან და ადგილზე ჩასვლას უკრძალავენ. რუსეთიდან მიწვეული ადვოკატი, უკვე ორი კვირაა, აკრედიტაციის მიღებას ელოდება, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. დე ფაქტო რესპუბლიკის კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის იურისტებმა ადგილზე სამუშაოდ აკრედიტაცია დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში უნდა გაიარონ. მხოლოდ სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ მათ უფლება საადვოკატო საქმიანობა ადგილზე განახორციელონ. ოქსანა სოტიევას თქმით, მათი ადვოკატი, ორ კვირაზე მეტია, აკრედიტაციას ელოდება. დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ ის საგარეო უწყებიდან ელოდება რუსეთში ადვოკატის სამუშაო ადგილის დადასტურებას. სოტიევა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადვოკატი ჯერ ცხინვალშიც არ ჩასულა და უკვე მუქარის მესიჯებს იღებს.
„იმ პიროვნებამ, რომლის მეშვეობითაც ის (ადვოკატი) მოვძებნეთ და ვისი საშუალებითაც მოვილაპარაკეთ, თქვა, რომ როდესაც ის მანქანით ცხინვალისკენ მოდიოდა, დაურეკეს და უთხრეს, თუ აქ მოხვალ, უზარმაზარი პრობლემები გექნებაო. როცა უკან გაბრუნდა, მას ისევ ემუქრებოდნენ, თუ კიდევ მობრუნდები, პრობლემები შეგექმნებაო. მან კი უპასუხა, რომ არაფრის ეშინია, რომ ეს მისი საქმეა და ბოლომდე მიიყვანს. იმედი მაქვს, რომ იუსტიციის სამინისტრო მისცემს მას ნებართვას. ზოგი ჩვენი ახლობელი ეჭვობს, რომ აკრედიტაცია მისცენ, მაგრამ აქ უკანონო არაფერია. ყველას აქვს იურისტის მოწვევის უფლება. ბრალდებულებს თუ აქვთ უფლება მოიწვიონ ადვოკატი სხვა სახელმწიფოდან, რატომ ჩვენ არ გვაქვს ასეთი უფლება?"
ასევე ნახეთ დე ფაქტო გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მაგრამ თანამდებობაზე რჩებამიმდინარე წლის 6 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ინალ ჯაბიევის საქმის წინასწარი გამოძიება დასრულებულია, რის შემდეგაც ბრალდებულებმა და დაზარალებულმა მხარემ საქმის მასალების გაცნობა დაიწყეს.
„მე 8 აპრილიდან დავიწყე საქმის მასალების გაცნობა და 13 აპრილს დავასრულე. საქმე ადვოკატს გავუგზავნე. თითოეულ ფურცელს ფოტო გადავუღე და მეხსიერების ბარათით გავუგზავნე. ის ამ ფორმით ეცნობა საქმის მასალებს“, - ამბობს ოქსანა სოტიევა.
საქმის გაცნობისას ჯაბიევის ცოლმა არაერთი შეუსაბამობა აღმოაჩინა, რაც მას ეჭვს უღრმავებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ბრალდებულებს ხელს აფარებს.
„გენერალურმა პროკურორმა ჯაგაევმა ცენტრალური ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ინალი საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს და 15 წუთის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა. პრეზიდენტმაც იცრუა, როცა მასთან მივედით. ისიც გვარწმუნებდა, რომ ინალი საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ის უკვე მკვდარი მიიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა სიკვდილი დააფიქსირა კრიმინალური მილიციის შენობაში, სადაც ის გამოიძახეს 13:52 წუთზე“.
სოტიევას ისიც აკვირვებს, რომ მისი ქმრის მკვლელობის საქმეში აღიარებითი ჩვენებები საერთოდ არ არის.
„შემძრა იმ ფაქტმა, რომ ბრალს არავინ აღიარებს, არავის არაფერი დაუნახავს. დაკავებულები ერთ ხმაში ამბობენ, რომ არ არიან ამ მკვლელობასთან კავშირში. მაშინ კრიმინალური მილიციის შენობაში ეს ვინ ჩაიდინა, ვინაა კავშირში? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის“.
ასევე ნახეთ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციები შეწყდა, თუმცა ჯაბიევის ოჯახი ბრძოლას განაგრძობსოქსანა სოტიევას თქმით, ბრალდებულები პირველ ჩვენებაში იმასაც ამბობდნენ, რომ ინალი მათთან კაბინეტში იმყოფებოდა და თბილად ესაუბრებოდნენ.
„შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინალი სარდაფში ჰყოლიათ, სადაც მათ სპორტული დარბაზი აქვთ მოწყობილი. მათი პირველი ჩვენებები და განმარტებები შემდგომ ჩვენებებს არ ემთხვევა, ერთმანეთს ეწინააღმდეგება და, რაც მთავარია, არავინ აღიარებს დანაშაულს“.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ცხინვალში დიდი ინტერესით ელოდებიან ინალ ჯაბიევის საქმის სასამართლო განხილვას, თუმცა, მისი აზრით, საგამოძიებო უწყებამ საქმე უკვე გააფუჭა და მტკიცებულებებიც გაანადგურა.
„ცხინვალში ამ საქმის დეტალები მალე გავრცელდა, როგორც კი ის დაზარალებულ მხარეს გადაეცა. დასკვნა ისაა, რომ ძალოვანები ძალოვანებს ხელს აფარებენ და ისე გამოდის, რომ ჯაბიევი არავის მოუკლავს. რა პასუხს გასცემენ ოჯახს ამის შემდეგ, არ ვიცი. ეს საქმე ასე მარტივად არ ჩაივლის. ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ და უამრავი კითხვა გვაწუხებს. რატომ ჭიანურდება პროცესის დაწყება, რატომ ვერ ჩამოდის ინალის ოჯახის მიერ მოწვეული პროფესიონალი ადვოკატი - ადვოკატი, რომელიც ამ გაფუჭებულ საქმეს გამოამზეურებს და მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორისასაც? ეს უკვე ნათელია, რადგან საქმეში უამრავი შეუსაბამობა და დარღვევაა“.
ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის განხილვა დე ფაქტო სასამართლოში კიდევ დიდხანს ვერ დაიწყება, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობიან ჯაბიევთან ერთად დაკავებული ის პირები, ვინც დე ფაქტო ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ნანიევზე თავდასხმაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ცხინვალში ჯერ ვერც ადვოკატი ახერხებს ჩასვლას.
ასევე ნახეთ ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამოძიება დასრულდა. ყველა მხარე უკმაყოფილოაცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. გასული წლის 4 დეკემბერს ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით. აქცია უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა.