სასწრაფო სამედიცინო სადგურის მთავარი ექიმი ემზარ კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ზარების რაოდენობა რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, მედპერსონალის დეფიციტი კი პრობლემებს უფრო ამწვავებს.
“ოთხი ჯგუფი მუშაობს: სამი - თერაპიული გუნდი, ერთი - ბავშვებისთვის. მე ექიმები არ მყავს, რომ ჯგუფები გავზარდო. გუშინ 62 ზარი მივიღეთ, გუშინწინ - 70-ზე მეტი. დღეს უკვე 30-მდე ზარია მიღებული. ექთნები ცდილობენ გავიდნენ ყველა ზარზე. დღეში ოთხიდან შვიდი პაციენტი გადაჰყავთ რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებაში", - აცხადებს კულუმბეგოვი.
ასევე ნახეთ ცხინვალიდან კოვიდინფიცირებულების თბილისში გადაყვანა დაიწყეს. ბიბილოვს კორონავირუსი აქვსმთავარმა ექიმმა აღნიშნა, რომ, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფო დახმარება მიდის იქ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
“ისე ხდება, რომ დაბალი სიცხის მქონე პირები სასწრაფო დახმარებას იძახებენ. მოსახლეობაში უფრო მეტად პანიკაა ", - თქვა მან.
ცხინვალის სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმი მონიკა ჯიოევა ამბობს, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის გაჩენისთანავე მუშაობა უფრო ინტენსიური გახდა.
"ჩვენ ვემსახურებით ქალაქს და ზოგიერთ დასახლებულ ადგილს. დაძაბული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ხალხს ეშინია და ნებისმიერ მიზეზზე სასწრაფო დახმარებას იძახებს. ჩვენ უამრავი გამოწვევა გვაქვს. დღეს სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ხალხი პანიკაშია", - განაცხადა ჯიოევამ. მისი თქმით, კოვიდინფექციის დიდი ნაწილი იმ ადამიანებს დაუდასტურდაც, ვინც რუსეთიდან ჩამოვიდა.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით რუსი სამხედროებიც დაინფიცირდნენრადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ხალხი, მართლაც, შეშფოთებულია, რადგან აღარც საავადმყოფოშია ადგილები და აფთიაქებშიც მედიკამენტების დეფიციტი შეინიშნება.
„ახლა ისეთი პანიკაა, რომ ერთ დახველებაზეც კი ხალხი სასწრაფოს იძახებს. ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, სასწრაფოს გამოძახებებზე მისვლა აგვიანდება. როცა საზოგადოება იგებს, რომ პრეზიდენტი და მთავრობის შემედგენლობის დიდი ნაწილი კორონავირუსითაა დაავადებული, დაუცველობის განცდა უჩნდებათ. ნდობა ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნულია. აფთიაქებში სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო წამლები აღარ იშოვება, ესეც ხომ პანიკის ნიშანია. უკვე ისმის მოწოდებები, რომ რუსეთთან გზა ისევ ჩაიკეტოს, თუმცა ამ შემთხვევაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გვაქვს. მთელმა ცხინვალმა იცის, რომ წითელ ჯვარს პაციენტები უკვე გადაჰყავს თბილისისკენ. მოკლედ, ხალხი თვითონ უნდა გაუფრთხილდეს თავს, რადგან არავის იმედი აღარ აქვთ“, - ამბობს ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი.
სააგენტო „რესის“ინფორმაციით, დღეს ცხინვალის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლებელი 2 ნოემბრამდე დაიხუროს და ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაკეთდა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდადე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, დინა გასიევის თქმით, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.
ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე კოვიდჰოსპიტლის მოწყობა იგეგმება, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში საწოლების რაოდენობა საკმარისი აღარ არის. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაციამ ცხინვალიდან მძიმე ავადმყოფების გადაყვანა თბილისის კლინიკებში დაიწყო.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარია თედეთი ამბობს, რომ საქართველოს კლინიკებში ცხინვალიდან პაციენტების გადაყვანის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება.
„შეზღუდვების მიუხედავად, რაც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ პაციენტების სამედიცინო გადაყვანას თბილისის ჯანდაცვის კლინიკებში. ეს ხელისუფლებასთან (დე ფაქტო ხელისუფლება) შეთანხმებით და ნებართვით ხდება და ამას ჩვენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ვაკეთებთ. 2020 წლის იანვრიდან დღემდე, დაახლოებით, 60 სამედიცინო გადაყვანა განვახორციელეთ. ამას ვაკეთებთ, როცა ადამიანს სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი დახმარება სჭირდება“, - ამბობს მარია თედეთი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამ დილით დაადასტურეს კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“, ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან, ინფიცირებულია 206 მოქალაქე. ოკუპირებულ რეგიონში სულ აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 296 შემთხვევა, მათგან ერთი - გარდაცვალების.
კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მისი ადმინისტრაციისა და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები.