ციალა ქათამიძე აჭარაში ორი წელი სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. მანამდე იგი საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობდა გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო პროექტებზე. 2018 წლიდან საჯარო მოხელეა - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვაა, დახმარება ამ უფლებების რეალიზებასა და განხორციელებაში, ამ უფლებების გაცნობიერებაში. არც ერთი მოსაზრება არ უნდა იყოს უგულებელყოფილი და უარყოფილი, განსაკუთრებით კი განსხვავებული აზრი“, - ამბობს ციალა ქათამიძე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას თავისი დღის წესრიგი და თვითონ უნდა მივიდეს საზოგადოებასთან, კონკრეტული ჯგუფები და მათი პრობლემები თავად უნდა მოიძიოს და არ დაეყრდნოს სხვა სექტორს ამბების მისაწოდებლად.
სწორედ ამ მოსაზრებით დაინტერესდა იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსით:
„ამ წლების განმავლობაში ყველა მედიასაშუალება გვეხმარებოდა ადამიანების პრობლემების წარმოჩენაში... თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემი ზრით, სხვა ტიპის პასუხისმგებლობაც აკისრია, რაც ჩემს უფლებადაცვით საქმიანობასთან კავშირშია, კერძოდ კი, სხვადასხვა ადამიანის ხმა, თუნდაც მიუღებელი, უნდა ისმოდეს მაუწყებელში. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმის გამოყენებით ადამიანის უფლებების დაცვა და მათი ინტერესის წარმოჩენა უნდა მოხდეს. ჩემი გამოცდილება უფლებადაცვით და მენეჯერულ საქმინობაში, ვფიქრობ, მაძლევს უფლებას საკუთარი თავი შევთავაზო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად“, - ამბობს ციალა ქათამიძე.
ციალა ქათამიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის შექმნა, რომელიც მას დააახლოებს საზოგადოების ინტერესებთან:
აჭარის ტელევიზიამ და რადიომ - თავისი დღის წესრიგი უნდა შექმნას, სამეცნიერო წრეებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით თავად უნდა შესთავაზოს ამ პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზები საზოგადოებას, რადგან ეს საკითხები უშუალოდ ეხება ადამიანებს და მათი ცხოვრების წესზე ახდენს გავლენას.
„დღეს დღის წესრიგს ქმნის ან საჯარო სექტორი, ან სამოქალაქო სექტორი. არ ვაკნინებ არც ერთ სექტორს, მაგრამ ორივეს აქვს თავისი კონკრეტული მიზნები და ინტერესები, რომელიც არის ძალიან ვიწრო. ორივე სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას თავისი დღის წესრიგი და თვითონ უნდა მივიდეს საზოგადოებასთან, კონკრეტული ჯგუფები და მათი პრობლემები თავად უნდა მოიძიოს და არ დაეყრდნოს სხვა სექტორს ამბების მისაწოდებლად“.
ციალა ქათამიძე ამბობს, რომ რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ უფრო დიდი როლი აქვს, აჭარის რეგიონის სპეციფიკის გამო. ამიტომ, მისი აზრით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის მთავარი რეგიონალური ამბები უნდა იყოს, რადგან რეგიონი პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, თავისი საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლებით, ექვსი თვითმმართველობით, ბიუჯეტითა და პოლიტიკური კონტექსტით:
“არის ეკონომიკური კონტექსტიც, არის გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური კონტექსტი, შავიზღვისპირა რეგიონია, რომელიც არამხოლოდ ეკოლოგიური კონსტექსტით უნდა განვიხილოთ. არის ჰესების მიმდინარე მშენებლობები, რაც დიდ გავლენას ახდენს რეგიონის ეკოსისტემაზე. ამას ემატება ძალიან დიდი რაოდენობა სტიქიით დაზარალებულებისა. მათი პრობლემა ბოლო წლებში მინელდა, თუმცა არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაიჭრა. არის ტურისტული კონტექსტიც რეგიონში. არის ურბანული განვითარების პროცესი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. არის დემოგრაფიული საკითხები, უმცირესობების თემები და სხვა. ვფიქრობ, სწორედ ამ კონტექსტებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - აჭარის ტელევიზიამ და რადიომ - თავისი დღის წესრიგი უნდა შექმნას, სამეცნიერო წრეებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით თავად უნდა შესთავაზოს ამ პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზები საზოგადოებას, რადგან ეს საკითხები უშუალოდ ეხება ადამიანებს და მათი ცხოვრების წესზე ახდენს გავლენას“. - ამბობს ციალა ქათამიძე.
განათლება
2012 - 2014 წწ. - მაგისტრის ხარისხი, კვალიფიკაცია - იურისტი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.
2004 - 2008 წწ. - ბაკალავრის ხარისხი, კვალიფიკაცია - იურისტი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის მარტიდან დღემდე - აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
2016 - 2018 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი;
2011-2016 - ორგანიზაცია „ბორჯღალი“, სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერი;
2012 - 2016 - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), აჭარის რეგიონალური კოორდინატორი;
2007-2010 - ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში თავდაპირველად 12 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 ივლისს გასაუბრებაზე არ გამოცხადდა დირექტორობის კანდიდატი დავით დიასამიძე. გასაუბრება 8 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება, 10 ივლისს კი მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კონკურსანტებს. დირექტორის გამოსავლენად კონკურსანტს მრჩეველთა სამი ხმა სჭირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველად კონკურსი 31 მაისს ჩატარდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
მეორე ჯერზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა წინა კონკურსში მონაწილე ექვსმა და ახალმა ექვსმა კანდიდატმა, რომელთაგან ერთი კონკურსს გამოეთიშა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.