3 ივლისს, 18 საათზე დასრულდა განაცხადების მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურში. რეგიონული მაუწყებლის ხელმძღვანელობის სურვილი 12 - მა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის მათ, ვინც წინა კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსში მონაწილეობენ: ბაჩო გურაბანიძე, თინათინ ცისკარაძე, ირმა ზოიძე, ციალა ქათამიძე, გიორგი კოხრეიძე, გიორგი წულაძე, ნუგზარ ჩხეიძე, დავით ჩხარტიშვილი, მერაბ წულუკიძე, შოთა ზოიძე, დავით დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო განაცხადებს სამი დღის ვადაში გადაარჩევს. 5 ივლისს კი შერჩეულ კანდიდატებს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას ,8 ივლისიდან დაიწყება ღია გასაუბრებები კანდიდატებთან.
კანდიდატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვისა და განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ. მომდევნო კვირას გაიმართება ფარული კენჭისყრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 5-მა წევრმა ხმათა უმრავლესობით რეგიონული მაუწყებლობის დირექტორი უნდა აირჩიოს. ამისთვის კი კანდიდატმა აუცილებელი სამი ხმა უნდა მიიღოს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წელს მეორედ გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგად 31 მაისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა სამი ხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტითაა არჩეული, ერთი კი - „ქართული ოცნების“, თითო-თითო წევრიც - რესპუბლიკური პარტიისა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით.
ამ შემადგენლობით მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას 19 აპროლს მხარი დაუჭირა. სწორედ ამ დროიდან რეგიონული მაუწყებლის დირექტორის თანამდებიობა ვაკანტური გახდა. თავის მხრივ, ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.