„არჩევნების პირველ დღეს გილოცავთ! ჩვენს ხმას ვაძლევთ თავისუფალ რუსეთს“, - წერს 15 მარტს, თავის ტელეგრამარხზე ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ [Свобода России], რომელმაც სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ - „ლეგიონი არჩევნებზე მიდის!“.
- რა არის რუსი მოხალისეების გეგმა და რატომ ითხოვენ ადგილობრივების ევაკუაციას?
ცეცხლოვანი „ბიულეტენები“
თითოეულ ჭურვს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე ისვრიან, რუსი მოხალისეები უწოდებენ „საარჩევნო ბიულეტენსა“ და „საარჩევნო ხმას“, რომელსაც ისინი „თავისუფალ რუსეთს“ აძლევენ.
ერთ-ერთ ვიდეოში, მორიგი გასროლისას, „რუსეთის თავისუფლების“ მებრძოლი ამბობს, რომ - იმედი აქვთ, „ბიულეტენი“ პირდაპირ ვლადიმირ პუტინის მაგიდაზე აღმოჩნდება - რადგან მთავარი სამიზნე რუსეთის პრეზიდენტია.
ასევე ნახეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ორ ოლქში ბრძოლები განახლდა
„ის [პუტინი ] აპირებს წავიდეს კიდევ ერთ ვადაზე და [რუსეთი] მართოს სიკვდილამდე. ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ ისეთივე რუსები ვართ, როგორიც თქვენ. ჩვენც გვაქვს ნების გამოვლენის უფლება და ჩვენი ნებაა არ ვაღიაროთ სისხლიანი დიქტატორი რუსეთის პრეზიდენტად... ლეგიონი მიდის არჩევნებზე!“ - ამ სიტყვებით მიმართა ლეგიონმა რუსეთის მოქალაქეებს 12 მარტს, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
„გვინდა, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყოს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარება რეგიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებებია [კურსკი, ბელგოროდი - რ.თ.] ... შესაბამისად, ჩაითვლება არალეგიტიმურად. ეს არჩევნები ისედაც არალეგიტიმურია, მაგრამ ეს უფრო თვალსაჩინო იქნება“, - განაცხადა 14 მარტს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (РДК) შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ „ფორტუნამ“.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც - თითქოსდა, ბელგოროდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აფეთქება მოხდა. თუმცა, კრემლის თანახმად, პუტინისთვის უკონკურენტო არჩევნების პირველი დღე ბელგოროდში არ ჩაშლილა და 15:00 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს.
ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ ამ შინაარსის ცნობებს აბსურდს უწოდებს - ორივე ოლქში მიმდინარე „განუწყვეტელი სროლისა“ და „მასშტაბური ნგრევის“ ფონზე.
„ბელგოროდისა და კურსკის ამომრჩეველი ახლა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ისინი სანდო სამალავებს ეძებენ და არა უზურპატორის გვარს [პუტინი] საარჩევნო ბიულეტენში“, - ვკითხულობთ ლეგიონის მიერ 15 მარტს, გვიან საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსებო! არ ენდოთ პუტინს და მისი „არჩევნების შედეგებს“. თქვენი ხმები კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე მოიპარეს“, - ასევე წერია ტექსტში.
მოხალისეები აცხადებენ, რომ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში გარკვეული ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე „მასირებულ შეტევას“ ამზადებენ და ადგილობრივებს კვლავ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. უკვე დაკავებულ ტერიტორიებს შორის დასახელდა, მაგალითად - ტიეტკინო [ბელგოროდი] და ლოზოვაია რუდკა [კურსკი].
რა (არ) დასტურდება?
ფაქტების გადამოწმება შეუძლებელია და ამ ეტაპზე, ბევრი რამ ჯერ ისევ სადავოა, მათ შორის - რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორისაც.
თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები ექსპერტებს მინიმუმ იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ რუსმა მოხალისეებმა საზღვარი ნამდვილად გადალახეს, რასაც - რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.
„ვნახეთ გარკვეული მტკიცებულებები... მათ შორის - არის ვიდეო, გადაღებული ერთ-ერთი რუსულ სოფელში მცხოვრები ქალის მიერ - ჩანს ტანკი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ დროშით და ქალი უცებ ხვდება, რომ რაღაც ხდება და ეს ტანკი მთლად რუსეთის არ უნდა იყოს...“, - ეუბნება „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ სამხედრო მიმომხილველი თელ-ავივიდან, დავიდ შარპი.
ვიდეომასალების მიხედვით, მეთვალყურეებისთვის ასევე უტყუარად გამოიყურება ის ფაქტი, რომ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აფეთქებების მთელი სერია და სროლა იყო.
ბელგოროდის მერმა გამოაქვეყნა ვიდეო ერთ-ერთი საწარმოდან, სადაც, როგორც იუწყებიან, აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის მხარე დილიდან აცხადებდა, რომ ბელგოროდში 1 დაიღუპა, 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და აქედან 2 მძიმე მდგომარეობაშია. იყო ცნობები, რომ 7 მრავალსართულიანი კორპუსის 23 ბინა განადგურდა; ასევე ჭურვი მოხვდა სავაჭრო ცენტრს, რომლის სახურავი და ზედა სართულები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
14 მარტით დათარიღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იწვის ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე. ტელეგრამარხებზე წერენ, რომ „საფრთხე ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული“.
მოსკოვამდე
მიზანი მოსკოვია, მაგრამ არა ახლა.
„ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი. ადრე თუ გვიან ასეთი ლაშქრობა [მოსკოვზე] შედგება და სწორედ ამისთვის არის წამოწყებული, რაც ხდება... მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ მომენტში ჯერ არ ვართ მზად მოსკოვზე გასალაშქრებლად...
როცა ჩვენ გვეყოლება ამ ამოცანის შესასრულებლად საკმარისი რაოდენობის მებრძოლები, ამის გაკეთებას აუცილებლად შევუდგებით“, - ეუბნება უკრაინულ ტელეარხს „რუსეთის თავისუფლების“ მებრძოლი - ალექსეი ბარანოვსკი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მოხალისეთა კორპუსი იზრდება, მაგრამ „ძალიან ნელა“, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებმა მათ უკვე არაერთი ე.წ. მებრძოლი შეუგზავნეს და ამიტომ თითოეული პირის შემოწმება დიდ დროს მოითხოვს.
ბარანოვსკი 14 მარტს ამბობდა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები 3-5 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობდა.
არჩევნებისთვის მიძღვნილ საბრძოლო მოქმედებებს რუსი მოხალისეები „შეზღუდულ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.
ევაკუაცია
რუს მოხალისეთა შენაერთები უკვე რამდენიმე დღეა ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს; ხოლო მათ, ვინც ევაკუაციას ვერ ასწრებს - კარგი სამალავების ძებნას ურჩევენ.
ასევე ნახეთ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდასოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ვიდეომასალა, სადაც ჩანს - რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან, გზებზე და ასევე ჩანან ადამიანები ბარგით, რომლებიც ფეხით გარბიან.
ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ 15 მარტს, საკუთარ ტელეგრამზე გაავრცელა ცნობები, რომ:
- წინა ღამით [14/15 მარტს] ჰუმანიტარული დერეფნით, ბელგოროდის დასატოვებლად, ისარგებლა 7000-მა მსუბუქმა ავტომობილმა; ხოლო კურსკიდან 600 მსუბუქი ავტომობილი გავიდა.
- როგორც ლეგიონი აცხადებს, ეს ინფორმაცია მათ რუსეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში მომუშავე ოპოზიციურად განწყობილმა პირებმა მიაწოდეს.
- მოხალისეები აპირებენ, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გახსნან 15/16 მარტის ღამესაც [გამთენიის 7 საათამდე].
ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ დატოვონ სიცოცხლისთვის სახიფათო ზონა, რადგან „კრემლი მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო ობიექტების ფარად იყენებს“.
„რუსეთის თავისუფლება“ დილიდან მოუწოდებდა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტსაც - აქტიურად ჩაერთოს ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებასა და ბელგოროდისა და კურსკის ოლქებისთვის ჰუმანიტარული მისიის ფორმირებაში. შუადღისას ლეგიონმა განაცხადა, რომ მიიღო დადებითი პასუხი საერთაშორისო წითელი ჯვრისგან.
„მადლობას ვუხდით მათ დიალოგში შემოსვლისთვის“ და „იმ ყველაფერის გაკეთების მზადყოფნისთვის, რისი უნარიც არა აქვთ პუტინის ტერორისტებს - მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა“, - აცხადებს „რუსეთის თავისუფლება“.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
2023 წლის ზაფხულში ევაკუაცია საჭირო გახდა რუსეთის ქალაქ შებეკინოდან. რეიდში მონაწილეობდნენ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ (РДК) და ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“.
როგორც აცხადებენ, რუსი მოხალისეები კურსკის ოლქში წელს პირველად შეიჭრნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, მოხალისე მებრძოლების შეჭრის ფაქტებს რუსეთის ხელისუფლებაც ადასტურებდა.