შესწავლილია, თუ არა „ბათუმი რივიერას“ რისკები?

პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხორციელების ადგილი

ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორს ვერ ხედავს. ამ პროექტით, ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. შპს „რივიერა ბათუმმა“ მერიაში წარადგინა ზღვის სანაპიროსთან მდებარე 9 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიჩნია, რომ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ სჭირდება. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო პროექტის წარმოდგენის ეტაპზე გაირკვევა, მიეკუთვნება თუ არა იგი მეხუთე კატეგორიის ობიექტს. ამ შემთხვევაში, სამშენებლო ნებართვის გაცემის საკითხი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.

რას მოიცავს პროექტი „ბათუმი რივიერა“?

ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს. ყველაზე მაღალი 56 სართულიანი უნდა იყოს. ხუთიდან ორი შენობა სასტუმრო იქნება, სამში კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია იახტ-კლუბის მოწყობა და ხმელეთზე ხელოვნური ლაგუნის გაჭრა, რომელიც არხით ზღვას დაუკავშირდება. პროექტს მილიონი ლარით აფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი.“

პროექტი "ბათუმი რივიერა"

რა არგუმენტებით იბრძვიან ბათუმელი აქტივისტები „რივიერას“ წინააღმდეგ?

„ბათუმი რივიერას“ მოწინაღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ. ეს ტერიტორია ისტორიული ქალაქის ნაწილია და დაცვის ზონაში შედის - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები. მეორე არგუმენტი ეკოლოგიური საფრთხეებია. გაეროს დაფინანსებით, სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა.“ ეს არის ამონარიდი „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიიდან,“ რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების ნაწილია.

პროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია

რატომ არ ენდობა ბათუმის მერი გაეროს მიერ დაფინანსებულ კვლევას?

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიაჩნია, რომ გაეროს დაფინანსებით ჩატარებული კვლევა არ ეყრდნობა სერიოზულ მეცნიერულ ნაშრომებს და სხვადასხვა წლის თეორიული მასალების ანალიზია. მერს საპირწონედ მოჰყავს „ბათუმი რივიერას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელიც ამ კომპანიის დირექტორის, გიორგი კაპანაძის თქმით, 100 ათასი დოლარი დაჯდა. „ჩვენ ჩავატარეთ კიდევ უფრო მასშტაბური კვლევა, ვიდრე ამას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ითვალისწინებს. შევისწავლეთ, თუ რა რისკებს მოიცავს. ყველა დასკვნა ამტკიცებს იმას, რომ ეს მშენებლობა არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული. ძალიან კვალიფიციურმა სპეცილისტებმა შეისწავლეს ეს საკითხი და უარყოფითი დასკვნა არ იყო, პირიქით. იტალიური კომპანია Colleselli-ის მიერ არის გაკეთებული ეს კვლევა, რომელიც მონაწილეობს უზარმაზარ პროეტქებში, ისეთში, როგორიც არის ვენეციის პორტის რეაბილიტაცია“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ეს კვლევა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ელექტრონული ფოსტით მიიღო. ამბობს, რომ დოკუმენტი დამაჯერებელია: „დოკუმენტში მითითებულია, რომ ქანების დათვალიერება მყვინთავების მეშვეობით მოხდა. ასევე, მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია შესწავლილი იქნა ჭაბურღილების გამოყენებით და ამ გზით აღებული მონაცემებით. ფაქტია, რომ კომპანიის სპეციალისტები იმყოფებოდნენ ადგილზე და შეისწავლეს.“

ლაშა კომახიძე

Colleselli-ის ინგლისურენოვან დასკვნაში მყვინთავები, ან კონკრეტულად იტალიელი სპეციალისტები მოხსენიებულნი არ არიან. ეს დასკვნა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა. მას თან ახლავს „რივიერა ბათუმის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის წერილი, რომელშიც მერს, ლაშა კომახიძეს ატყობინებს, რომ მის მიერ დამატებით ჰიდროლოგიური კვლევის მოთხოვნის გამო, დასკვნისთვის მიმართეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიას „Colleselli&Partners Ingegneria Geotecnica“-ს.

როგორც გიორგი კაპანაძე წერს: „მათ მყვინთავების გამოყენებით, საპროექტო ტერიტორიის გარშემო ჩაატარეს ბათიმეტრიული სამუშაოები, გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი და მოგვაწოდეს კომპეტენტური დასკვნა. კონსულტანტმა შეისწავლა ნიადაგი, რომელზეც უნდა განთავსდეს დაგეგმილი პროექტი და მისი მახასიათებლის მიხედვით დადგინდა, რომ ნიადაგის პირობების გათვალისწინებით კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.“

Colleselli-ს ინგლისურენოვან დასკვნაში საუბარია ნიადაგის მდგომარეობაზე, სეისმურ რისკებსა და გეოლოგიურ-გეომორფოლოგიურ ვითარებზე. ნიადაგის შეფასებისას იტალიური კომპანია ეყრდნობა ქართული კომპანიის Tuski Geology-ს მიერ 2018 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმად, საფუძვლის სისტემა შესაბამისად არის მიჩნეული.

ასევე ნახეთ ბათუმელები ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ

რაც შეეხება სეისმური რისკების ანალიზს, დასკვნაში ნათქვამია, რომ კვლევა 2018 წელს ჩატარდა. აღწერილია კვლევის მეთოდოლოგიაც, ხოლო დასკვნის მიხედვით, არსებულ პირობებში მიწისძვრის დროს ნიადაგის გათხევადების რისკი უმნიშვნელოა. კვლევის ავტორი მითთებული არ არის.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ რივიერას გრუნტის გამოსაკვლევად, „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით, გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ. მან გვითხრა, რომ ზოგადად, აჭარის რეგიონი სეისმურია, თუმცა კავკასიის სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებად. თეა გოდოლაძის განმარტებით, არსებული გრუნტის პირობებში კონსტრუქტორმა უნდა განსაზღვროს, რა ტიპის დატვირთვებზე უნდა ააგოს შენობა და რა სახის.

„ჩვენი მონაცემები, რაც აქვს გამოყენებული დასკვნაში, იქ წერია, რომ ეს საშიშროების რუკა რომ აიღო, არ აჩვენებს მაღალ მაჩვენებელს, სადაც შეიძლება მაგალითად, გრუნტის გათხელება მოჰყვეს, რომელიც სანაპირო ზოლისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ მე რომ მშენებელი ვიყო, ეს დამშვიდების საფუძველს არ მომცემდა. იმიტომ, რომ ცოტა მუხანათი რეგიონია ჩემთვის, ცოტა მძიმე რეგიონია ამ კუთხით. ახალგაზრდა მთათა სისტემაა. და როდესაც ჩვენ საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, მე მაგალითად, უფრო გავამკაცრებდი სამშენებლო პოლიტიკას“ - ამბობს თეა გოდოლაძე.

თუკი რაიმე მნიშვნელოვანი მშენებლობები განხორციელდა სანაპირო ხაზზე, ამან შეიძლება ისეთი მოვლენები გამოიწვიოს მომავალში, რომელსაც უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური ძალისხმევა დასჭირდება შეცდომის გამოსწორების და წონასწორობის აღსადგენად. ეს უნდა იყოს კომპლექსური კვლევა.
ზურაბ ჯანელიძე

Colleselli-ს ინგლისურენოვან დოკუმენტში საუბარია ადგილის გეოლოგურ- გეომორფოლოგიურ მდგომარეობაზეც. დასკვნის თანახმად, დატვირთვა, რომელიც საძირკვლიდან ნიადაგს გადაეცემა, არ იმოქმედებს მიწის ჩამოწოლაზე, თუმცა, ბათუმის კონცხის მორფოდინამიკა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აკონტროლონ.

რა საფრთხეები აღელვებს მეცნიერთა ნაწილს?

ბათუმის რივიერად წოდებული კონცხის ტერიტორიის მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ძველი კალაპოტი იყო, საიდანაც მდინარე შავ ზღვას უერთდებოდა. დღეს მისი გაგრძელებაა წყალქვეშ განვითარებული ბუნებრივი კანიონი. ბათუმის სანაპიროს ორი ღრმა კანიონი აქვს - რივიერას სანაპიროზე და ჭოროხის ახლანდელ შესართავთან. მეცნიერები განმარტავენ, რომ სწორედ ამ კანიონებში იყრის თავს მდინარეებიდან ჩამოტანილი ნატანი მასალა, რომელიც ბუნებრივად კვებავს ზღვის სანაპიროს. თუმცა, მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ გადაკეტა ზღვის სანაპიროს ბუნებრივი კვების წყარო, რის გამოც სანაპიროს ინტენსიური გარეცხვის პროცესი მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ რატომ იბრძვიან ბათუმელები „რივიერას“ გადასარჩენად

ამ მხრივ, ბათუმის სანაპირო ხაზი ფაქიზი და მოწყვლადია და ხელოვნური ჩარევა სანაპიროს კონფიგურაციას ცვლის, ასეთი სახის მშენებლობები კი, სარისკოა - ამბობს ზღვის სანაპიროს პროცესების მკვლევარი, გეომორფოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ჯანელიძე: „თუკი რაიმე მნიშვნელოვანი მშენებლობები განხორციელდა სანაპირო ხაზზე, ამან შეიძლება ისეთი მოვლენები გამოიწვიოს მომავალში, რომელსაც უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური ძალისხმევა დასჭირდება შეცდომის გამოსწორების და წონასწორობის აღსადგენად. ეს უნდა იყოს კომპლექსური კვლევა. რა თქმა უნდა, გეოლოგიც და ჰიდროლოგიც ჩართული უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა იყვნენ სანაპირო ზოლის სპეციალისტები. ეს არ არის თეთრი ფურცელი. სანაპიროს პრობლემები კარგად არის შესწავლილი. დევს უამრავი სამეცნიერო შრომა და თუ აინტერესებთ სერიოზულად, ეს უნდა გაითვალისწინონ.“

რას მოითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები?

„რივიერა ბათუმის“ მოწინააღმდეგეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს და გარემოზე ზემოქმედების რისკების სრულყოფილად შესწავლა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ „რივიერა ბათუმი“ თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას. მიმართვის ინიციატორები - ორგანიზაციები, „ბათომი“ და „მწვანე ალტერნატივა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ შესაბამისი კვლევების ჩატარებას მოითხოვენ.