შეკითხვები და საფრთხეები პრაღაში მოწყობილი მასობრივი მკვლელობის შემდეგ

შეიარაღებული პოლიცია კარლის უნივერსიტეტის შენობის აივანზე პრაღაში, 2023 წლის 21 დეკემბერი

საშობაო დღესასწაულამდე 4 დღით ადრე პრაღის ცენტრში, ქვეყნის უძველესი და უდიდესი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ შეიარაღებულ თავდამსხმელს მიმდევრები გამოუჩნდნენ.

22 დეკმბერს ჩეხეთის პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა ორი პირი, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პრაღელი მსროლელით შთაგონებულნი ასევე აპირებდნენ ადამიანების დახოცვას.

21 დეკემბერს კარლის უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტმა დავიდ კ-მ უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში 14 ადამიანი მოკლა, 25 დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.

იმავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ მასობრივ მკვლელობამდე, სახლში პრაღელმა თავდამსხმელმა საკუთარი მამა გამოასალმა სიცოცხლეს.

22 დეკემბერს ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 15 დეკემბერს პრაღის განაპირას, კლანოვიცის ტყე-პარკში მომხდარი საზარელი მკვლელობაც დავიდ კ-ს სახელს უკავშირდება.

პოლიციამ განაცხადა, რომ 32 წლის მამაკაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი იმავე იარაღით არიან დახოცილნი, რომელიც თავდამსხმელის, 24 წლის სტუდენტის, დ.კ.-ს სახლში ჩატარებული ჩხრეკისას იპოვეს.

ასევე ნახეთ

კლანოვიცის ტყეში მკვლელის და პრაღის უნივერსიტეტში მკვლელის იარაღი ერთმანეთს დაემთხვა - ექსპერტიზა

მსხვერპლი შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო

21 დეკემბერს მომხდარი მასობრივი მკვლელობის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

თუმცა ჩეხეთში გლოვა 22 დეკემბრის დილიდან დაიწყო.

ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ადამიანები დანთებულ სანთლებსა და ყვავილებს ტოვებენ სტიქიურად მოწყობილ გლოვის ადგილებზე და მდუმარედ მიაგებენ პატივს 21 დეკემბრის თავდასხმის დროს დაღუპულ თანამემამულეებს.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტ რაკუშანის ცნობით, დაღუპულთა შორის არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ აღმოჩნდა. სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ 25 დაჭრილს შორის კი ორი საუდის არაბეთის მოქალაქე და ერთი ნიდერლანდელია.

ჩეხეთის პოლიციის უფროსმა მარტინ ვონდრაშეკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში პოლიციამ მსროლელის კუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის "მთელი არსენალი" იპოვა.

რომ არა პოლიციის სწრაფი ქმედებები, მსხვერპლი შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყოო.

ვონდრაშეკის თქმით, იან პალახის მოედანზე სროლის შესახებ სიგნალის მიღებიდან მსროლელის დაღუპვამდე 21 წუთი გავიდა, პოლიციის პირველი ჯგუფი კი სროლის დაწყების შემდეგ შემთხვევის ადგილზე 4 წუთში მივიდა და შეეცადა ცეცხლი საკუთარ თავზე აეღო.

22 დეკემბერს, პოლიციამ სამხრე კამერებით გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, სადაც უნივერსიტეტზე თავდასხმაზე რეაგირება დეტალურადაა ასახული.

პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც დილით კლადნოში მოკლული მამაკაცი იპოვეს, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უნივერსიტეტში აპირებდა თვითმკვლელობას.

პოლიციამ თავდაპირველად უნივერსიტეტის ის შენობა შეამოწმა, სადაც თავდამსხმელი სემინარს უნდა დასწრებოდა, და მაშინ გაიგო ფილოსოფიის ფაკულტეტზე თავდასხმის შესახებ.

ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რაც სამართალდამცველების მისამართით ისმის ჩეხეთში, არის ის, თუ როგორ მოახერხა ერთმა სტუდენტმა ამდენი იარაღის შეტანა უნივერსიტეტის შენობაში.

"სტუდენტები ხშირად მოდიან შენობაში დიდი ჩანთებით. ჩვენთან მთელი რესპუბლიკიდან სწავლობს ხალხი. ახლა, შობის წინ, ისინი ზოგჯერ ლექციებზე მოდიან მთელი თავიანთი ბარგით, რათა შემდეგ დაუყოვნებლად შეეძლოთ სახლში, თავიანთ ოჯახებში გამგზავრება", - ამბობს პრაღის კარლის უნივერსიტეტის რექტორი, მილენა კრალიჩკოვა.

ამასთან, მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ კითხვას წააწყდებით იმის შესახებ, ნორმალურია თუ არა ასეთი სიტუაცია და შეესაბამება თუ არა ჩეხეთის უნივერსიტეტებში უსაფრთხოების რეჟიმი რეალურ გამოწვევებს.

მასობრივი მკვლელობებიდან ე.წ. სქულშუთინგამდე

პრაღის კარლის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედია, ე.წ. სქულშუთინგის, ანუ სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის პირველი შემთხვევაა ჩეხეთში.

თუმცა იგივე არ შეიძლება ითქვას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მომხდარ მასობრივ მკვლელობაზე.

2015 წლის 24 თებერვალს აღმოსავლეთ ჩეხეთის ქალაქ უჰერსკი ბროდში სროლას რვა ადამიანი ემსხვერპლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის მედიის ცნობით, პრაღიდან 300 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ უჰერსკი ბროდის ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი შევიდა და ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით თავდამსხმელმა, რომელიც აცხადებდა, რომ მძევლებიც ჰყავდა აყვანილი, თავი მოიკლა.


2019 წლის 10 დეკემბრის დასაწყისში კი ჩეხეთი კვლავ შეძრა მასობრივი მკვლელობის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ქალაქ ოსტრავაში, რომელიც პრაღიდან 250 კილომეტრით არის დაშორებული, 4 წლის წინ ექვსი ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოში მომხდარი სროლისას. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას სავარაუდო მკვლელმა იქაც თავი მოიკლა.

ასევე ნახეთ

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავის საავადმყოფოში მამაკაცმა ექვსი ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ორივე შემთხვევაში თავდამსხმელების მოტივად ფსიქიკური ხასიათის პრობლემები დასახელდა. ხოლო იარაღი, რომლითაც ადამიანები დაიხოცნენ, ლეგალურად შეძენილი აღმოჩნდა.

პრაღაში, 21 დეკემბრის თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა განაცხადა, რომ დ.კ.-ს კანონთან პრობლემები არასდროს ჰქონია და იარაღს ლეგალურად ფლობდაო.

დ. კ.-მ 2022 წლის ივნისში დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, 1846 წლის კრაკოვის აჯანყების თემაზე, რისთვისაც ჯილდო გადაეცა, ცნობა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ოფიციალური გვერდზეა გამოქვეყნებული და 2023 წლის მაისით თარიღდება.

დ. კ. იღებს ჯილდოს საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომისთვის. კარლის უნივერსიტეტი, 2023 წლის 4 მაისი

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პრაღელ მსროლელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა,


რაც შეეხება დ.კ.-ს მიერ კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში შეტანილ და მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ არსენალს, ჩეხეთის პოლიციის ცნობით, დ.კ. 12 ერთეულ სხვადასხვა სახეობის იარაღს ლეგალურად ფლობდა.

21 დეკემბრის თავდასხმის შემდეგ ჩეხეთის პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში იმ კომენტარების მონიტორინგი, რომლებიც ამართლებენ პრაღელი მსროლელის ქმედებებს. ერთ-ერთი ასეთი "სკრინშოტი" ჩეხეთის პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) თავის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

ჩეხეთის პოლიციის უფროსის, მარტინ ვონდრაშეკის თანახმად, პოლიციამ სახლში მიაკითხა ოლომოუცის რაიონში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს, რომელიც ამტკიცებდა, რომ სკოლაში სროლის ატეხას აპირებდა.

ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, 1 იანვრამდე გააგრძელოს „უსაფრთხოების პრევენციული ზომები“, რომელიც უმთავრესად „რბილ სამიზნეებზე“ სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების გაძლიერებულ დაცვაზე იქნება ორიენტირებული.