Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლანოვიცის ტყეში მკვლელის და პრაღის უნივერსიტეტში მკვლელის იარაღი ერთმანეთს დაემთხვა - ექსპერტიზა


პოლიციელები პრაღის უნივერსიტეტის აივანზე, საიდანაც ისროდა მკვლელი. 21 დეკემბერი. 2023 წელი
პოლიციელები პრაღის უნივერსიტეტის აივანზე, საიდანაც ისროდა მკვლელი. 21 დეკემბერი. 2023 წელი

ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც ჩეხეთში, პრაღის მახლობლად, კლანოვიცის ტყეში მოკლეს კაცი და ჩვილი ბავშვი, ემთხვევა იმ პირის იარაღს, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში 21 დეკემბერს სროლა ატეხა და 14 ადამიანი მოკლა.

ამის შესახებ ჩეხეთის პოლიცია იტყობინება 22 დეკემბერს. ამ ცნობით დადასტურდა პოლიციის პრეზიდენტის, მარტინ ვონდრაშეკის ვარაუდი, რომელიც მან გამოთქვა პრაღის ტრაგიკული მოვლენის შემდეგ. პრაღის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა 22 დეკებერს განაცხადა, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს უნივერსიტეტში, კლანოვიცის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს შორის იყო.

პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ით გაავრცელა ცნობა, რომ ბალისტიკური ექსპერტიზამ აჩვენა თანხვედრა კლანოვიცის ტყეში გამოყენებულ და ეჭვმიტანილის ბინაში მიკვლეულ იარაღს შორის.

მისი თქმით, 21 დეკემბერს კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა სტუდენტმა, რომელიც ეჭვმიტანილებს შორის ფიგურირებდა 15 დეკემბერს ტყე-პარკში მამა-შვილის მკვლელობის საქმეში.

კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმის გამომძიებელმა ალეშ შტრახმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიცია ეძებდა კლანოვიცის ტყე-პარკში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მათ, ვისი გამოსახულებაც პოლიციის ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანდა. მათ შორის იყო სტუდენტი დავიდ კ., რომელმაც 21 დეკემბერს პრაღის ცენტრში მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა.

„სამწუხაროდ, ჩვენ სულ რამდენიმე დღე დაგვაკლდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გუშინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენა“, - განაცხადა გამომძიებელმა.

15 დეკემბერს პრაღის კლანოვიცის ტყე-პარკში 32 წლის კაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი დახოცეს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ დავიდ კ.-ს კანონთან პრობლემები არასდროს ჰქონია და იარაღს ლეგალურად ფლობდა.

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, დავიდ კ. რომელიც ადგილზე დაიღუპა, 12 ერთეულ სხვადასხვა სახეობის იარაღს ლეგალურად ფლობდა. თავდასხმის დროს ის შეიარაღებული იყო ავტომატური შაშხანით, რომელსაც ოპტიკური სამიზნე ჰქონდა. სროლა 21 დეკემბერს იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში მოხდა. პოლიციამ 22 დეკემბრის დილით განაცხადა, რომ დაღუპული 14 ადამიანიდან 13 ამოცნობილია. დაჭრილებს შორის სამი უცხოელია, მათგან ორი საუდის არაბეთის მოქალაქეა, ერთი კი - ნიდერლანდის. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა განაცხადა 22 დეკემბერს.

ეს ჩეხეთის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა სასწავლო დაწესებულებაში.

XS
SM
MD
LG