ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ექვსი ადამიანი იქნა მოკლული ქალაქ ოსტრავაში საავადმყოფოში სროლისას. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.
ჩეხეთის პოლიციის თანახმად, შემთხვევა პრაღიდან 350 კილომეტრზე, აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოსტრავის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა.
„ეს ტრაგედიაა, არ მესმის, რა მოხდა“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა სატელევიზიო გამოსვლაში.
ბაბიშის თქმით, მოსაცდელში, დაახლოებით დილის 7 საათზე, ეჭვმიტანილმა ხალხს თავში ესროლა ახლო მანძილიდან და შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა.
პოლიცია იტყობინება, რომ მან ვერტმფრენების გამოყენებით აღმოაჩინა ეჭვმიტანილის მანქანა. საქმე ეხება 42 წლის მამაკაცს, რომელმაც, პოლიციის ცნობით, თავი მოიკლა, როცა მას მიუახლოვდნენ.
ეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმაა 2015 წლის შემდეგ, როცა მამაკაცმა ქალაქ უჰერსკი ბროდის რესტორანში რვა ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.