ფაქტების გამოსაძიებლად და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დასასჯელად კიევი სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. ითხოვს უშუალოდ ვლადიმირ პუტინის დასჯასაც. ამ იდეას მხარს უჭერენ ევროპარლამენტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოში. ის მოიწონა მრავალი ქვეყნის ლიდერმა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
როგორ უნდა ჩატარდეს მსგავსი ტრიბუნალი და არის თუ არა შანსი პუტინი გასამართლდეს?
ამერიკის ელჩი სისხლის სამართლის საერთაშორისო საკითხებში ბეტ ვან შააკი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ეს მართლაც მოხდება. „ბევრ ყოფილ ლიდერს, მაგალითად, სლობოდან მილოშევიჩს, აუგუსტო პინოჩეტს ჩილედან ან ჰისენ ჰაბრეს ჩადიდან არ ეგონათ, რომ როდესმე სასამართლო დარბაზს ნახავდნენ. ფიქრობდნენ მუდმივად სადმე, უსაფრთხო სამოთხეში იქნებოდნენ, მაგრამ სამივე შეცდა“, - ამბობს ვან შააკი.
- უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი 70 ათასზე მეტი დანაშაული დაააფიქსირა. რას გრძნობთ, როდესაც ხედავთ, თუ რამდენ დანაშაულს სჩადიან უკრაინაში? თან, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, როდესაც დანარჩენ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებსაც აღრიცხავენ.
- მართლაც ძალიან საგანგაშოა. რაოდენობა მუდმივად იზრდება, რადგან რუსეთი უკრაინაში ისევ ომობს. ჯერ კიდევ წინა კვირაში 65 ათასი შემთხვევა იყო. რაც უფრო მეტი ტერიტორია თავისუფლდება რუსეთის კონტროლისა და ოკუპაციისგან, მით უფრო იზრდება რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობაც. ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელი პრობლემაა.
- ახლა როგორ იძიებენ ამ დანაშაულებს? ვინ აკეთებს ამას?
- მთავარი უწყება უკრაინის გენპროკურატურაა და ასევე ეროვნული პოლიცია. ისინი იძიებენ. ერთად მუშაობენ, რომ დანაშაული დააფიქსირონ და მტკიცებულებები შეაგროვონ, გაარკვიონ რა მოხდა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის ჩამდენზე არ არის საუბარი, მათზეც, ვინც ან ბრძანება გასცა, ან დაუშვა, რომ ასე მომხდარიყო, ქვეშევრდომები ვერ გააკონტროლა.
რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო სასამართლოც, რომელსაც ეს საშინელი კონფლიქტი აბარია. პროკურორი კარიმ ხანი რამდენჯერმე ჩავიდა უკრაინაში, იქ ოფისიც გააკეთა. იმ საქმეებზე მუშაობს, რომლებსაც შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცემს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი და უკრაინის გენპროკურორი შეთანხმებულად მუშაობენ.
და ბოლოს ევროპა - ევროპის იურიდიული უწყებები სულ უფრო ხშირად ათანხმებენ გამოძიებებს ერთმანეთთან. მათ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად ერთობლივი ჯგუფი შექმნეს. ევროკავშირის სააგენტოსთან ერთად მუშაობენ. ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ, რომ საბოლოოდ ის ევროპის სასამართლოში წარადგინონ, როდესაც რუსეთის დამნაშავეები თავიანთ ქვეყანას დატოვებენ და საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.
- ერთი შეხედვით, თითქოს ჩახლართული სქემაა, რამდენიმე სასამართლო, სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა იურისდიქცია. ეს პროცესი უკვე სისტემატიზებულია თუ ყველაფერი ჯერაც ქაოტურად ხდება?
- უფრო ვიტყოდი, რომ დეცენტრალიზებულია, რადგან ბევრი სხვადასხვა პროცესი ხდება პარალელურად. მაგრამ ეს უწყებები ერთმანეთთან კორდინაციაში არიან და შეხვედრებიც რეგულარულად იმართება. ევროკავშირის სააგენტომ უკვე შექმნა ცალკე პლატფორმა პროკურატურისთვის, რომ ეს პროცესები მართოს.
ეს მართლაც რთული ამოცანაა, მაგრამ ამდენი დანაშაული და გამოსაძიებელი საქმე, რა თქმა უნდა, კოორდინაციის მხრივ გამოწვევას წარმოადგენს.
- ცალკეულ სასამართლოებზე რომ ვისაუბროთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რამდენადაც ვიცი, განაჩენის დაუსწრებლად გამოტანა არ შეუძლია. სანამ დამნაშავეები რუსეთში არიან, რამდენად შესაძლებელია ისინი პასუხისგებაში მიეცნენ?
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მართლაც არ ძალუძს სრულმასშტაბიანი სასამართლო პროცესის გამართვა, თუკი ეჭვმიტანილი ფიზიკურად ადგილზე არ ჰყავთ. მაგრამ მათ შეუძლიათ გამოძიება წამოიწყონ, დაკავების ორდერი გასცენ, რომელსაც შემდეგ ინტერპოლი მიიღებს და მთელ მსოფლიოში ექნება ძალა.
უკრაინის სასამართლოებს განაჩენის დაუსწრებლად გამოტანა შეუძლიათ. უკვე არის მსგავსი შემთხვევები, როდესაც დანაშაულში ბრალდებული პირები დაადგინეს და სასჯელი დაუსწრებლად მიუსაჯეს.
- დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი, ფიქრობთ, საკმარისია მსხვერპლისთვის?
- დაუსწრებლად გამართულ სასამართლოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. რა თქმა უნდა, დაზარალებულებს სურთ დამნაშავეები ციხეში ისხდნენ, პასუხისგებაში მიეცნენ, ბრალი წაუყენონ, თავს იცავდნენ ბრალდებებისგან... მაგრამ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები მაინც შეიძლება მათთვის სასარგებლო აღმოჩნდეს - ჭეშმარიტების დასადგენად. ეს მათ საშუალებას აძლევთ, თავიანთი ამბები მოჰყვნენ და ის დოკუმენტურად გააფორმონ, რომ სასამართლომ თქვას, რომ ეს მათ არასდროს არ უნდა დამართნოდათ.
თუ თქვენ საერთაშორისო დანაშაულის მსხვერპლი ხართ, კომპენსაციას იმსახურებთ. სამართალს იმსახურებთ. ამიტომ, სასამართლო დაუსწრებლად შეიძლება არასრულფასოვანი იყოს, მაგრამ შესაძლოა სარგებლობა მოიტანოს.
- მინდა ვლადიმირ პუტინზე გკითხოთ. ახლა მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, იმუნიტეტი იცავს სასამართლოსგან. რუსეთს ნებაყოფლობით ალბათ არ დატოვებს. ვიხილავთ მას და რუსეთის სხვა მეთაურებს სასამართლო დარბაზში?
- ეს მართალია, სანამ პუტინი რუსეთში იქნება, ის დაუსჯელობით დატკბება, ისევე, როგორც რუსეთის სხვა სამხედრო მეთაურები და ხელმძღვანელი პირები. ბევრი ყოფილი ლიდერი, მაგალითად, სლობოდან მილოშევიჩი, აუგუსტო პინოჩეტი ჩილედან ან ჰისენ ჰაბრე ჩადიდან არ ფიქრობდა, რომ როდესმე სასამართლო დარბაზს ნახავდა. ეგონათ, მუდმივად სადმე, უსაფრთხო სამოთხეში იქნებოდნენ, მაგრამ სამივე შეცდა.
რასაკვირველია, პასუხისგებაზე საუბრისას, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამე შეიცვლება თუ არა რუსეთში. ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი იქ უსაფრთხო სამოთხით ვეღარ დატკბება. სადმე სხვაგან მოუწევს თავშესაფრის ძებნა. სწორედ ამის დროს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ მტკიცებულება არსებობდეს. სადაც უნდა წავიდნენ, ეს მტკიცებულებები მათ ყველგან დაეწევათ. „წითელი ორდერი“, რომელსაც ინტერპოლი გასცემს, ყველგან გამოიყენება. ყველა ქვეყანას შეეძლება მათი დაპატიმრება, დატყვევება და სასამართლოსთვის გადაცემა.
- აშშ მხარს უჭერს თუ არა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოსაძიებლად?
- უკრაინამ და სხვა ბევრმა ქვეყანამ ინიციატივა წამოაყენეს, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი. ძირითადად, აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია მსგავსი აგრესია ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიძიოს. სასამართლოს აქვს იურისდიქცია, მაგრამ, რადგან რუსეთს არ გაუკეთებია ამ კონკრეტული დებულებების რატიფიკაცია, სასამართლო უძლურია. ამის გამო გაჩნდა წინადადება სპეციალური ტრიბუნალის შესახებ.
რუსეთმა პასუხი უეჭველად უნდა აგოს აგრესიის იმ საშინელ ფაქტებზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. ვფიქრობ, ახლა მხოლოდ ერთი კითხვაა, რომელი მეთოდია ამის განსახორციელებლად უკეთესი. საერთაშორისო საზოგადოება აქტუალურად განიხილავს სხვადასხვა მოდელს. მოლაპარაკებებს მართავს, რომ უმჯობესი გამოარჩიოს.
- რა დრო შეიძლება დასჭირდეს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას?
- ეს მთელი თაობის ამოცანაა. მაგრამ უნდა ითქვას, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას არაფერი ზღუდავს. ამის გამო სამართლებრივი დევნა შეიძლება ცხოვრების ბოლო დღეებამდე გაგრძელდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დანაშაულებზე არიან პასუხისმგებლები. ნაციზმის დანაშაულებზე სასამართლოები დღემდე მთელ მსოფლიოში გრძელდება. ეს ის მომავალია, რომლის წინაშეც რუსეთის ბევრი ჩინოვნიკი აღმოჩნდება.