Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას დაუჭირა მხარი


ბუჩა, რუსული სამხედრო ძალების მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ
ბუჩა, რუსული სამხედრო ძალების მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, დანაშაულებზე, რომლებზეც პასუხისმგებელია რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება, მოკავშირეებთან ერთად. რეზოლუციას 472-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 წინააღმდეგი იყო, 33-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი სიმხეცე ომის სისასტიკეს და საერთაშორისო კოორდინირებული მოქმედების საჭიროებას უსვამს ხაზს, დამნაშავეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად პასუხისგებაში მისაცემად.

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ სპეციალური ტრიბუნალი, ნიურბერგის პროცესის ანალოგიით, უკრაინასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასურველია, გაეროს მეშვეობით შეიქმნას. მსგავსი ტრიბუნალები გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნებოდა ომის დამნაშავეთა გასასამართლებლად ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში.

ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ტრიბუნალის შექმნა შეავსებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში არსებულ ვაკუუმს და დაეხმარება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამოძიებო ძალისხმევას, რადგან მას არ შეუძლია გამოიძიოს აგრესიული დანაშაული, უკრაინის შემთხვევაში.

„რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

სპეციალური ტრიბუნალის შემადგენლობა და პირობები ჯერ შესათანხმებელია, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მის იურისდიქციაში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულების გამოძიება, არამედ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და ბელარუსში მისი მოკავშირეების საქმეებიც.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრული.

XS
SM
MD
LG