პარალელურად, მთავრობამ „დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებად უნდა იქცეს, მაგრამ დოკუმენტს ამ დრომდე არ იცნობენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
„პარტიასთან ერთად შევთანხმდით, პარლამენტთან ერთად, რომ მომავალ კვირაში, ყველა ამ პუნქტზე, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ [ჟოზეპ] ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ექნება მმართველ პარტიას რეაგირება“, - განაცხადა 15 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასაიდუმლოებული გეგმა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა“ არ გაუსაჯაროებია. მისი შინაარსი, როგორც არაერთმა დეპუტატმა უთხრა რადიო თავისუფლებას, არც საპარლამენტო ოპოზიციაში იციან. არადა, მთავრობა მასზე დაყრდნობით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს და, როგორც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა - „მაქსიმუმ თვის ბოლომდე“ ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხი უნდა „ჩაიხუროს“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 8 სექტემბერს, როცა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ჟოზეპ ბორელს ხვდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ მას „დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა“ გადასცა; თუმცა მას შემდეგ - საჯარო დადებითი გამოხმაურება არც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან ყოფილა.
გეგმის შინაარსი არც არასამთავრობო სექტორში იციან. გვითხრეს, რომ დოკუმენტის გამოთხოვას გეგმავენ.
ასევე ნახეთ მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღომწირია ინფორმაცია, რაც მთავრობამ „დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესახებ ამ დრომდე საჯაროდ განაცხადა:
- შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე;
- დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს;
- გაწერილია კონკრეტული ვადები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად;
- დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას და მათ შორის: ანტიკორუფციულ, ანტიმონოპოლიურ, ფულის გათეთრებისა და მედიაპლურალიზმის საკითხებს და მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
14 სექტემბერს, გეგმის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისცეს მითითება, რომ გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან.
დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია იმთავითვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო იყო ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორის. საერთაშორისო პარტნიორების საწინააღმდეგო მოწოდებების მიუხედავად, საკუთარი პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, მაგრამ შემდეგ გვერდზე გადადო.
ივნისში, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას კანონზე უარის თქმა ურჩია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით, დანერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება ოლიგარქიზაციის პრობლემას.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ახალ დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებობდა.
შეკითხვაზე - ვის შეეხება ეს კანონი? - „ოცნების“ ხელისუფლებიდან ისევ ოპონენტებს ასახელებენ. კალაძის მსგავსად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომანია „ფორმულის“ დამფუძნებელი - დავით კეზერაშვილი მოიყვანა მაგალითად განათლების მინისტრმა - გიორგი ამილახვარმაც.
„[დეოლიგარქიზაციაში] იგულისხმება ყველა ის, ვისაც ეხება და განსაკუთრებით - ოპოზიციური არხის [„ფორმულა“] დამფუძნებელი და მეხოტბე, დავით კეზერაშვილი რომ იგულისხმება, ეს ნამდვილად ფაქტია. დანარჩენს კანონი და შესაბამისი რეგულაციები დაადგენს“, - თქვა ამილახვარმა 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
დეოლიგარქიზაციის გარდა
„ქართული ოცნება“, უკვე თვეებია, აცხადებს, რომ რაც მასზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი შესრულდა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და თუკი ევროკომისია უარს ეტყვის, ეს კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.
„მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს - თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე, როცა, პარალელურად - ჟოზეპ ბორელთან განხილულ „ყველა პუნქტზე“ რეაგირების მზადყოფნაზე ლაპარაკობდა.
თბილისში ყოფნის დროს, 8 სექტემბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გაიმეორა ევროკომისიის ივნისის ზეპირი შეფასება, რომ სრულად შესრულებულია სამი რეკომენდაცია.
უკვე 11 სექტემბერს, საქართველოსთან დაკავშირებულ ბლოგში, ბორელი აღნიშნავს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა მიაღწიოს „არსებით პროგრესს“ შემდეგი მიმართულებებით:
- პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაცია;
- „ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების“ დეოლიგარქიზაცია;
- მართლმსაჯულების რეფორმა;
- საარჩევნო რეფორმა;
- მედიაპლურალიზმი;
- ადამიანის უფლებები.
„ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული მისწრაფებაა, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ყველა ინსტიტუციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. საქართველოს ლიდერებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს ისტორიული შესაძლებლობა“, - წერს ჟოზეპ ბორელი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ძლიერ სურვილსაც უსვამს ხაზს.
1 სექტემბერს, როდესაც ბრიუსელში პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დარჩენილ რეფორმებს შორის დაასახელა: მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის განვითარება.
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, პრაგმატულად, კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი არა აქვს. შეუსრულებელ რეკომენდაციებთან ერთად, ექსპერტი ასახელებს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას - „რაც არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას უწყობს ხელს“.
კახა გოგოლაშვილისთვის ცუდი ნიშანია, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები პროგრესის შეფასებამდე ერთი თვით ადრე კვლავ ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა; რადგან ვარაუდობს, რომ - დადებითი გადაწყვეტილების წინ, ბრიუსელის რიტორიკა და ტონი სულ სხვაგვარი იქნებოდა.
„თუკი საქართველოს მიმართ მაინც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება ძალიან მაღალ დონეზე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ, ტექნიკურად, ჩვენ არ გვეკუთვნის, მათივე შეფასებით... ეს არის დონე, სადაც მოლაპარაკებებს მართავს სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები. თუ ისინი გადაწყვეტენ, ბუნებრივია, გავლენა ექნება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მიუხედავად ყველაფრისა, სასწორი მაინც სტატუსის მინიჭებისკენ იხრება და ასეთ პოზიციას საფუძვლად უდევს რუსეთისთვის კარტბლანშის მიცემის საფრთხე.
ახლახან, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ ბრიუსელში პირველად მოისმინა მოსაზრება, რომ „[საქართველოს] მთავრობა შეიძლება შეგნებულად ცდილობდეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას, რათა შემდეგ ბრალი ბრიუსელს წაუყენოს და ამომრჩევლებს აჩვენოს, რომ ევროკავშირი სანდო არ არის და საქართველოს მიღებას არც არასოდეს აპირებდა“.
ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან ასევე ნახეთ ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას
ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მონიტორინგის ანგარიშში [სტატუსმეტრი], რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აქვეყნებენ, თვიდან თვემდე, ბევრი არაფერი იცვლება.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ეგიდით მომზადებული და 15 სექტემბერს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად: სრულად შესრულებულია - 1 რეკომენდაცია, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 7, ხოლო კვლავ შესასრულებელია - 2 რეკომენდაცია.
ყველაზე პრობლემური ორი რეკომენდაცია: დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციას უკავშირდება.
ხელშესახები წინსვლა არ არის წინა თვეებთან შედარებით:
- აპრილის ანგარიში: სრულად შესრულებული - 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 4, კვლავ შესასრულებელია - 5.
- მაისის ანგარიში: სრულად შესრულებული - 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 4, შესასრულებელი - 5.
- აგვისტოს ანგარიში: სრულად შესრულებული - 1, მეტწილად - 2; ნაწილობრივ - 7; შესასრულებელი - 2.
„ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. მანამდე კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ასევე ნახეთ რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - გამოკვლევა