Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - გამოკვლევა


ფოტო არქივიდან: ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში
ფოტო არქივიდან: ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, ასახავს ევროკავშირის შესახებ განწყობებს აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში. (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის გამოკვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის მთავარი მიგნებებია:

  • ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%);
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%);
  • გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს;
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%);
  • მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში;
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, რომლებშიც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ

მოცემული გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ

EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას, 2016 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ატარებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის შესახებ

ვებსაიტს, რომელზეც გამოკვლევა გამოქვეყნდა, მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანია B&S-ის ევროპის კონსორციუმი.

XS
SM
MD
LG