წყალმა კედლები მეოთხე სართულზეც დაასველა და იატაკზე დაგუბდა. კორპუსის მცხოვრებთ დაუსველდათ ავეჯი და პირადი ნივთები. დღეს ქუთაისში გამოიდარა, თუმცა, საცხოვრისის მობინადრეები ამბობენ, რომ ხელახლა გაწვიმებას შიშით ელოდებიან:
„მეხუთე სართული სულ დაცლილია, ჭერები ჩამოცვივდა და წყლები დგას, უარეს დღეში ვართ ჩვენც, ვითხოვთ შველას, გადაყვანას არა სასტუმროში, არამედ დაბინავებას. ყველას ყავს პატარა ოჯახში, პატარაც რომ არ მყავდეს და 100 წლის ვიყო, სიცოცხლე მინდა. ჩემთან ჭერი დაბზარულია და ჩამოწეულია“, – ამბობს ინეზა სანიკიძე.
„ორი წუთის გაყვანილი გვყავდა ბავშვები, ჭერი რომ ჩამოვარდა. ჩვენ ბევრი ვართ მრავალშვილიანი ოჯახები“, – ამბობს იზოლდა, რომელიც საცხოვრისის მეხუთე სართულზე ცხოვრობს.
„გაუსაძლისი მდგომარეობაა, მთელი ღამე არ უძინიათ ბავშვებს, დღეს ბაღში და სკოლაში გავუშვი, აქ რომ რამე მოხდეს, იქ უსაფრთხოდ მაინც იქნებიან“, – გვითხრა თეა სანთელაძემ, რომლის ოჯახი 8 წევრისგან შედგება.
სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა ინფორმაციით, წვიმის წყალი მეხუთე სართულზე მდებარე ერთ ბინაში ჩადიოდა, ამხანაგობის თავმჯდომარემ შეკეთება მოითხოვა და რამდენიმე დღის წინ სახურავის რემონტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოს დასრულებამდე გაწვიმდა და წყალი სხვაგანაც ჩავიდა. კორპუსის მცხოვრებთა ნაწილმა ზარალის აღწერასა და ზიანის ანაზღაურებაზე დღეს უარი თქვა და მერიის წარმომადგენელს შეფასების შესაძლებლობა არ მისცა. როგორც მობინადრეები ამბობენ, სხვადასხვა პრობლემა შესახლებიდან მალევე შეექმნათ და არაერთხელ მოითხოვეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 2017 წელს გახსნილ სოციალურ საცხოვრისში მარტოხელები და მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ. მათი განცხადებით, კორპუსი ავარიულია და მისი შეკეთება შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი 300-ზე მეტი მობინადრის განსახლებაა.
მარინე კვიცარიძე სამი შვილის დედაა და, როგორც თავად ამბობს, ბავშვები ძირითადად სახლში ჰყავს გამოკეტილი, რადგან შენობა ავარიულია და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს: „ეზოში ვერ ვუშვებ ბავშვებს, ლიფტი და კიბეები ავარიულია, ჭერიც რა დროს ჩამოვარდება, არ ვიცით, ფანჯრებში აწვიმს და ტილოები მიდევს, რომ ავწმინდო, ქარის დროს ზანზარებს ფანჯრები და არ დაგვეცეს, მეშინია, მთლიანად შენობა ირყევა, როდესაც ძლიერი ქარია. იატაკი დასკდა და მტვერი ამოდის, გაუსაძლისია ცხოვრება, თავიდან რომ შემოვედით, სასწაულად მომეჩვენა, მაგრამ თანდათან, ხან კედელი გასკდა, ხან წყალი ჩამოვიდა, დენი ხშირად იწვება, გაზი ჩვენ არ გვაქვს“.
საცხოვრისში შვილსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს ინეზა სანიკიძე, რომელიც შშმ პირია. მისი თქმით, სურს, დახმარების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართოს, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ყურადღებას არ აქცევს: „მინდა მივაწვდინოთ ხმა, გადაგვიყვანონ სხვაგან, ვიდრე აქ ამოვწყდებით. ფანჯარა ისე მაღლაა დატოვებული, ხელჯოხით უნდა გავაღო. მერიაში იციან, რომ არ ვარგა საცხოვრებლად და ყურადღებას არ გვაქცევენ“.
რვა შვილის დედის, ნათია ბიბილეიშვილის თქმით, შესახლებიდან მალევე დაიწყო პრობლემები და მეექვსე წელია ითხოვენ გადაყვანას, თუმცა უშედეგოდ: „ბავშვების გაზრდა და მით უფრო აღზრდა აქ შეუძლებელია. ახლა მით უფრო, როცა დიდი საშიშროების წინ დავდექით. ვიდრე უბედურება არ მოხდება, ალბათ არ გაგვიყვანენ“.
სოციალური საცხოვრისის სახურავის შემკეთებელი კომპანია „ტუკას“ ხელმძღვანელმა გაგა თოთაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქუთაისის მერიამ კომპანიას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაუფორმა ხელშეკრულება 12-13 იანვარს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად. კომპანიამ რამდენიმე კორპუსის სახურავი უკვე შეაკეთა, სოციალურ საცხოვრისში კი დაზიანებულ პარაპეტებსა და სახურავს შორის დარღვეული იყო ჰიდროიზოლაცია და დაზიანებული იყო ბრტყელი გადახურვის მასალა. თოთაძის თანახმად, კომპანიამ რამდენიმე დღეში სამუშაოების ნაწილი შეასრულა:
„კვლევები, კონსტრუქციული ნახაზი ან დასკვნები, არაფერი გვაქვს, რადგან აქ კონსტრუქციას ჩვენ არ შევხებივართ. დაზიანებული იყო სახურავი, რაც დასურათებულიც გვაქვს. პარაპეტები ნაწილობრივ აყრილი იყო, ნაწილობრივ ტოლიც იყო ამძვრალი და წყალი ჩამოდისო, გვითხრეს, რომ დაგვეხურა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მოვჭიმეთ ბეტონის საფარი, რასაც დრო სჭირდება გასაშრობად, ბუნებრივია, რისკი არის, რომ ბეტონის საფარის დასხმის შემდეგ წყალი ჩავიდეს, და კიდევ საჭიროა ორი ფენა ტოლის გადაგება, მასალა დასაწყობებული გვაქვს და შეგვიძლია მუშაობა ხვალ დავიწყოთ“, – განმარტავს კომპანია „ტუკას“ ხელმძღვანელი გაგა თოთაძე და დასძენს, რომ მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან სამუშაოების გასაგრძელებლად და გადახურვის მოსაწყობად, რისთვისაც კიდევ ხუთი დღე დასჭირდებათ.
ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მობინადრეების მოთხოვნის პასუხად გამოგვიგზავნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ საცხოვრისში სრულად განახლდება სახურავი და შეკეთდება წვიმისგან დაზიანებული შენობის ჭერი. მერიამ 12 ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობა ოჯახებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ბინის ქირას, 500 ლარს გადაუხდის, ვიდრე საცხოვრისში რემონტი დასრულდება. „სამუშაოების დასრულებისთანავე ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან“, –ნათქვამია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან მიღებულ განცხადებაში.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.
2018 წელს, სოციალური საცხოვრისის მობინადრეების განცხადების საფუძველზე შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შენობა ავარიულად მიიჩნია. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის სოციალურ საცხოვრისად რეკონსტრუქციისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობა შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2019 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ, შენობა არ შეესაბამება საცხოვრებლის ფუნქციებს და მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი სათანადო პირობები. ამავე დასკვნის მიხედვით, მერიამ სოციალური საცხოვრისი არასაბაზრო ფასად შეისყიდა. დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობა 83 კვადრატული მეტრია, ხოლო ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზით დადგენილ ღირებულებას შორის სხვაობა ორ მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე ნახეთ ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში: ვინ და რატომ ხდება უსახლკარო?