ამ ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სახლი ვალების გამო დაკარგა. თითქმის ვერავინ მუშაობს. მათი უმრავლესობა - ქალია. შემოსავალი - საარსებო მინიმუმს დაბლა. ყველას აქვს ჯანმრთელობის, სულ ცოტა, ერთი პრობლემა. ხოლო საცხოვრისი, სადაც ისინი დღეს ცხოვრობენ, მხოლოდ თავშესაფარია. მათ დიდი ხანია აღარ იციან, რა არის სახლი.
სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა ქეთი სართანიამ იკვლია - ღია საზოგადოების ფონდმა კი ეს გამოკვლევა 21 დეკემბერს გამოაქვეყნა. მასში აღწერილია თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები თბილისის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში. აღწერილი სურათი კი ორივე ადგილას მცხოვრები 151 ოჯახიდან ყოველი მეორე ოჯახის გამოკითხვას ეყრდნობა.
უსახლკარობის მიზეზი
უსახლკარობის ყველაზე ხშირი მიზეზი ჯანმრთელობისთვის საჭირო სესხი და საბანკო დავალიანება აღმოჩნდა - ასეთი გამოკითხულთა 34.5%-ია.
გამოკითხულთა უმრავლესობა - 94.5% ქალია - და ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ქალები ხშირად რჩებიან უსახლკაროდ - მემკვიდრეობით სახლის მამაკაცისთვის გადაცემის ტრადიციის ან ოჯახური ძალადობის გამო.
ადამიანების უსახლკაროდ დარჩენას, რის გამოც ისინი ასეთ საცხოვრისებში ხვდებიან, სხვა მიზეზებიც აქვს.
- ბუნებრივი და ეკოლოგიური კატასტროფები;
- ომები;
- თვალთმაქცური გარიგებები;
- კულტურული და სოციალური ფაქტორები.
შემოსავალი საარსებო მინიმუმს ქვემოთ
სოციალური საცხოვრისის ბინადრების უმრავლესობა არ მუშაობს - გამოკითხულ რესპონდენტთა 85.4% თავს უმუშევრად მიიჩნევს.
30.9% ისეთი პროფესიისაა, დღეს რომ ამ საქმეს ვერაფერში გამოიყენებენ. 43.6% ვერ მუშაობს განსაკუთრებული საჭიროებებისა თუ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
ხოლო 10.9% - ძირითადად, 50 წელს გადაცილებული ხალხი, ამბობს, რომ ისინი სამსახურს ასაკის გამო ვერ შოულობენ.
საცხოვრისის ბინადართა 16.3% ვერ მუშაობს იმიტომ, რომ შვილების დამტოვებელი არ ჰყავს.
ამ ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი - საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
გამოკითხულთა 74%-ს აქვს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, მაღაზიის ან აფთიაქის ვალი.
მაღალი კომუნალური გადასახადების გამო, ამ ხალხის ნაწილი ზამთარში მხოლოდ თბილი ტანსაცმლის იმედადაა.
სოციალურ საცხოვრისში ბუნებრივი აირი არ არის.
ამას ისიც ემატება, რომ გამოკითხულთა 30.9%-ის ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პირი მაინც ცხოვრობს.
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა, 78.2%, სოციალურად დაუცველის სტატუსთან ერთად, ჯანმრთელობის ან სოციალური მოწყვლადობის სხვა სტატუსითაც სარგებლობს.
რა პირობებია საცხოვრისში?
გამოკითხულთა 85.4% საცხოვრისში არსებულ განუწყვეტელი ხმაურს უჩივის, რაც მათივე თქმით, მძიმედ მოქმედებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
- ორხევის სოციალურ საცხოვრისში ერთ ოჯახზე 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი - აქ სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და ბავშვების სამეცადინო სივრცე გაერთიანებულია.
- ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
- თბილისის სოციალურ საცხოვრისში, ეტლით მოსარგებლეთა სპეციალური ლიფტი ხშირად გაფუჭებულია და შშმ პირებს ოჯახის წევრთა დახმარებით უწევთ გადაადგილება.
შენობების ინფრასტრუქტურის შეფასებისას, რესპონდენტთა 80% მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი არ არის უსაფრთხო; გამოკითხულთა 49% კი საკუთარ ბინას საშიშ, დაბინძურებულ და ხმაურიან ადგილად მოიხსენიებს.
გამოკითხულთა 85%-სთვის ბაზარი, ბანკი, საავადმყოფო, სარეკრეაციო სივრცე ხელმიუწვდომელია.
47.2% ვერ იყენებს ტრანსპორტს - გაჩერების სიშორის და ზოგადად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
რას აკეთებს სახელმწიფო?
ქეთი სართანია წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, ერთ-ერთი სამოქმედო გეგმით, აიღო ვალდებულება, რომ 2020 წლის დეკემბრისათვის ქვეყანას საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი ექნებოდა. თუმცა, სამუშაო ჯგუფს ამ დრომდე არ შეუმუშავებია სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი პროექტი.
კანონმდებლობით, საქართველოში უსახლკარობის პოლიტიკის წარმოებაზე პასუხისმგებელი ცენტრალური უწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
თუმცა, ძირითადი ფუნქციები მაინც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკისრება. მაგრამ როგორც სახალხო დამცველის ანგარიშებშიც წერია, ვალდებულების მიუხედავად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უსახლკარო პირებს არ აღრიცხავს.
რადგან არ არსებობს არც ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უსახლკაროებისათვის არსებული სერვისებიც განსხვავებულად ხელმისაწვდომია.
უალტერნატივო გამოსავალი
ქეთი სართანია წერს, რომ სოციალურ საცხოვრისში გატარებული წლები იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იზოლაციის და სოციალური გარიყულობის მწარე გამოცდილებაა და არა სახლში ყოფნის განცდა.
ეს სერვისი აცდენილია უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის მიზანს და იქ მცხოვრებ ხალხს მუდმივად დახმარებაზე დამოკიდებულ პირებად აქცევს.
მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული მაინც ის არის,რომ თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალური სოციალური საცხოვრისები, იქ მცხოვრები ოჯახებისა და პირებისათვის ერთადერთ მხარდაჭერაა, რაც მათ საერთოდ გააჩნიათ.