ფოტოებში ჰამასის ლიდერთან ერთად - საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტების დაკრძალვასა და ინაუგურაციაზე

ბოლო ორ თვეში, ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ ჩავიდა თეირანში.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ლიდერი,  ისმაილ ჰანიე, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. მის გვერდით იდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს".

ბოლო ორ თვეში, ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ ჩავიდა თეირანში. 22 მაისს - ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის - ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე; ხოლო 30 ივლისს - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 31 ივლისს.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს ოპოზიცია სამარცხვინოსა და მძიმედ სანახავს უწოდებს; ექსპერტები კი - დასავლეთისთვის გაგზავნილ მკაფიო მესიჯს, რომელიც საქართველოს შეცვლილ საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს აშიშვლებს.

დგომა ჰამასის ლიდერის სიახლოვეს

ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტმა საქართველოში უკმაყოფილება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხილვამ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით. მათ შორის ერთი ადამიანი იდგა.

ამავე ინაუგურაციას ესწრებოდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც. ორივე ეს ჯგუფი ტერორისტულად არის გამოცხადებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

ასევე ნახეთ ჰამასის თანახმად, თეირანში მოკლულია მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე

ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს, რამაც ინაუგურაციის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალებში, ჰამასის ლიდერთან ერთად ხშირად ჩანს ირაკლი კობახიძეც. ერთი ასეთი ფოტო საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზეც არის გამოქვეყნებული.

„ივანიშვილის ხელისუფლებამ გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები, ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებით და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა, როგორიც არის რუსეთი, ირანი და ჩინეთი“, - თქვა 31 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. ის ირანს, ჩინეთს, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას აშშ-ს დაპირისპირებული „ბოროტების ღერძის აქტორებს“ არქმევს, და ამატებს: „ივანიშვილის მთავარ პარტნიორებად, სწორედ ეს აქტორები გვევლინებიან და არა აშშ და ევროპა“.

ასევე ნახეთ კობახიძე: ირანი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი

„რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. რეგიონი იყო თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი“, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში“ და საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ ინაუგურაციას ესწრებოდნენ ჟოზეპ ბორელისა და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელები.

თეირანში ჩასული ევროკავშირის წარმომადგენელი ენრიკე მორაა - საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და კოორდინატორი ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების საკითხებში. მედია ეყრდნობა ოფიციალური პირების განმარტებებს, რომ მორა ირანში არა პოლიტიკური, არამედ „დიპლომატიური" სტატუსით იყო.

თუმცა ამ ვიზიტმა უკმაყოფილება მაინც გამოიწვია - განსაკუთრებით ევროპარლამენტარების.

„გამოცდილმა დიპლომატმა 65 წლის ასაკში უნდა იცოდე - როდის მიიღო მიწვევა და როდის არა“, - მიმართავს ენრიკე მორას მწვანეების წარმომადგენელი დეპუტატი ჰანა ნოიმანი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში; მეორე დიდ შეცდომად - საერთო „ოჯახური ფოტოს“ გადაღებას უთვლის და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგს უთხრის ძირს.

თეირანში გადაღებულ "ოჯახურ ფოტოზე" მხოლოდ კაცები ჩანან. წინა რიგში, მარცხნიდან მესამე - ირაკლი კობახიძეა.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ - ერთია, საჭირო დიპლომატიური ურთიერთობები გქონდეს ირანთან, რასაც საქართველოს არავინ უშლის, მაგრამ მეორეა - შენი ქვეყნის პირველი პირი იდგეს ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაციების ხელმძღვანელების გვერდით.

„ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ დასავლეთი მტრად მიგაჩნია და ისეთ მტრადაც კი, რომ შეგიძლია ტერორისტებად ერთად გამოხვიდე მის წინააღმდეგ“, - ბატიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსაც შეეძლო - "ევროკავშირის მსგავსად, მხოლოდ წარმომადგენელი გაეგზავნა თეირანში" და არა სახელმწიფოს უმაღლესი პირი.

რაც შეეხება სომხეთს, ანალიტიკოსის თქმით, "სომხეთი ირანის უშუალო სახმელეთო მეზობელია“, ხოლო აზერბაიჯანიდან არა პრეზიდენტი, არამედ სახელმწიფოს მეორე პირი - პრემიერ-მინისტრი ჩავიდა; თურქეთს ინაუგურაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა.

ირანის მედიის ცნობით, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70-ზე მეტი ქვეყნის 300 სტუმარი ესწრებოდა; მათ შორის: რუსეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ერაყი, თურქეთი, საუდის არაბეთი, სუდანი, კუბა, ბრაზილია.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა".

30 ივლისს, ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტმა მიიღო. ამავე დღეს, მასუდ ფეზეშქიანმა ჰამასის ლიდერს - ჰანიესაც გულთბილად უმასპინძლა, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე.

გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჰანიეს მკვლელების მიმართ თეირანი შურისძიებას წინასწარ აანონსებს. დაუძინებელი მტრის - ჰამასის ლიდერის მკვლელობა საკუთარ თავზე არ აუღია ისრაელს; თუმცა ჰამასი დამნაშავედ სწორედ ისრაელს მიიჩნევს.

ჰამასის ლიდერის მკვლელობაზე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

"არ გამიკვირდება, ესეც გლობალური ომის პარტიას რომ დააბრალონ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე ნახეთ „საქართველოს შეტრიალებით ბედნიერი მხარე რუსეთია“ - აშშ-ის სენატში საქართველოზე იმსჯელეს

"პატრონებმა დაავალეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას ინაუგურაციაზე ჰამასის ლიდერთან ერთად ყოფნაზე.

„მე როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას [ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი - რ.თ.] ჰქონია დავალებული ამ თემის 'აწევა', თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს. 'ლომჯარიები' არიან სომხეთშიც, მაგრამ 'სომეხ ლომჯარიებს' სომხეთში არ 'აუწევიათ', იმიტომ რომ 'სომეხ ლომჯარიებს' არ დაავალეს ის, რაც დაავალეს 'ქართველ ლომჯარიებს'“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ... კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო“, - უპასუხა ნინო ლომჯარიამ ირაკლი კობახიძეს, ფეისბუკზე.

"მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს“, - აღნიშნავს ლომჯარია.

მანამდე, ნინო ლომჯარიამ, ასევე ფეისბუკზე, დაწერა, რომ ინაუგურაციის „გუშინდელ ვიდეოში, სადაც დარბაზი სკანდირებს - “სიკვდილი ისრაელს”, “სიკვდილი ამერიკას” - კობახიძე ჰამასის (აწ უკვე მოკლული) ლიდერის გვერდით ზის“.

რუსეთთან დაახლოების გეგმა

ვიდრე ირანის პრეზიდენტად აირჩევდნენ, მასუდ ფეზეშქიანს „რეფორმისტად“ ახასიათებდნენ. ის ქვეყნის პოლიტიკური და სასულიერო მმართველობის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მომავალს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში ხედავდა, მათ შორის - აშშ-სთან კონფრონტაციის შემცირებით.

მაგრამ, ინაუგურაციაზე, მასუდ ფეზეშქიანმა აუდიტორიას უთხრა, რომ დასავლეთი ირანის ღირსებას უგულებელყოფს. „როიტერის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა, დაამყარონ ურთიერთობები "ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე".

69 წლის მასუდ ფეზეშქიანი - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია.

ასევე ნახეთ ირანის ახალი პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მხედველობაში არ იღებს მათ ღირსებასა და მდგომარეობას

ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე - მთავარი ამბების განყოფილებაშია გამოტანილი შეხვედრა რუსეთის დუმის თავმჯდომარესთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან, რომელიც ინაუგურაციაზე ჩავიდა და მასუდ ფეზეშქიანს პირისპირაც შეხვდა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა არასოდეს დაივიწყებს მძიმე დღეების მეგობრებს და გააგრძელებს და განავითარებს ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან ძლიერად და ენერგიულად“, - უთხრა მას ფეზეშქიანმა და „სერიოზული“ უწოდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების განზრახვას:

„თუკი ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს საერთო პოტენციალზე დაყრდნობით და შესაძლებლობების გაძლიერებით, ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები ვეღარ შეძლებენ სანქციების ტაქტიკის გამოყენებას ჩვენ წინააღმდეგ“, - ირანის პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ფეზეშქიანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, მათ შორის - ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც "სასარგებლო იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“ .

პუტინის გულითადი მილოცვა ირანის პრეზიდენტს ვოლოდინმა გადასცა:

„ბატონმა პუტინმა დამავალა გადმოგცეთ, რომ რუსეთი მზად არის - ითანამშრომლოს ისლამურ რესპუბლიკასთან [ირანი] დიდებული მიზნების მიღწევის გზაზე“.

ასევე ნახეთ რუსეთი თვლის, რომ ჰამასის ლიდერის მოკვლა „მშვიდობის“ წინააღმდეგ არის მიმართული

2022 წლის სექტემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჰამასის ლიდერს - ისმაილ ჰანიეს მოსკოვში უმასპინძლა.

ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა, წლების განმავლობაში, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული გეგმებით მჟღავნდებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, არაერთხელ დადასტურდა, რომ ირანი სამხედრო შეიარაღებას [უპირატესად - დრონებს] უგზავნიდა მოსკოვს და სამხედრო წარმოების გამართვაშიც ეხმარებოდა.

ისრაელთან ჰამასის ომში ირანის ჩართულობამ კიდევ უფრო მკაფიო წითელი ხაზები გაავლო დასავლეთსა და თეირანს შორის. პარალელურად, კვლავ რჩება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბოლო ორ თვეში ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ ჩავიდა ირანში. მაისში, როდესაც ის ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო, ექსპერტები ამბობდნენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იქ ჩასვლა „სილის გაწვნა“ იყო ისრაელისთვისაც.

ირანი მაშინაც მასპინძლობდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებს. ჰამასის ლიდერმა - ისმაილ ჰანიემ კულუარული შეხვედრა გამართა ირანის უზენაეს ლიდერთან - აიათოლა ალი ხამენეისთან.

ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლება ირანის ჭირისუფლებში - რას ამბობს პრემიერის ვიზიტი