რუსეთმა „გადაჭრით დაგმო“ პალესტინელთა მოძრაობის, ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული) პოლიტიკური ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მოკვლა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში.
31 ივლისს ჰამასმა გამოაცხადა, რომ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.
„გადაჭრით ვგმობთ ამ თავდასხმას, ვთვლით, რომ ამგვარი მოქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის აღდგენის მცდელობის წინააღმდეგ და შეუძლია არსებითი დესტაბილიზაციის გამოწვევა ისედაც დაძაბულ ვითარებაში“, - თქვა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
უფრო ადრე, რუსეთის მედიასთან საუბარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა თავდასხმას უწოდა „სრულიად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჰანიეს ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის განსახილველად კრემლში უმასპინძლა 2022 წლის სექტემბერში.
მოსკოვი ცდილობდა ახლო აღმოსავლეთის ყველა ძალასთან ჰქონოდა თბილი ურთიერთობები, მაგრამ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჩამოშორდა ისრაელს და უფრო ირანისა და ჰამასისკენ გადაიხარა.
„ეჭვი არ არის, რომ ისმაილ ჰანიეს მოკვლა უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს ჰამასსა და ისრაელს შორის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებაზე“, - ნათქვამია კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და არ გადადგან შემდგომი ნაბიჯები, „რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს რეგიონში უსაფრთხოების მკვეთრი გაუარესება და პროვოცირება გაუკეთოს ფართომასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციას“.
ფორუმი