ანგარიშის თანახმად, ფოთის პორტის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები და მათი ბიზნესპარტნიორები წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან; ხოლო ფოთის "თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან" კავშირში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იკვეთებიან. ნახსენებია ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ამჟამინდელი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი.
- რა ხდება ახალი ფოთისა და ანაკლიის პორტების გარშემო?
- რას უპირებს ხელისუფლება 2020 წელს შეჩერებულ სტრატეგიულ პროექტს?
- არის თუ არა სახიფათო ანაკლიის პორტისთვის ახალი ტენდერის გამოცხადება?
ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზა, წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. გეგმის მიხედვით, 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ახალი ტერმინალისთვის ზღვის ფსკერის 12 მეტრამდე გაღრმავდება და პორტი 253 მეტრამდე სიგრძის და 50,000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ვებგვერდის თანახმად, როცა PACE Group-მა პირველი ფაზისთვის საჭირო 93 მილიონი დოლარიდან 50 მილიონი დოლარის დაპირება აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციისგან (OPIC) მიიღო, 2019 წლის თებერვალში, სასტუმრო ბილტიმორში გამართული საზეიმო ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ: პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ხელისუფლების სხვა არაერთი წარმომადგენელი. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ანაკლიის პროექტის თავზე შავი ღრუბელი იკრიბებოდა.
ასევე ნახეთ ნათია თურნავას თქმით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე შენდება„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ანაკლიის პროექტის გაჩერების მთავარი მიზეზი ფოთის პორტი იყო... ლოგიკას თუ მივყვებით, ეს ალბათ უფრო გეოპოლიტიკური საკითხია და რუსეთის ფაქტორი გაითვალისწინა ალბათ საქართველოს მთავრობამ. მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასევე იყო ვიწრო მატერიალური ინტერესები, რომ ფოთის პორტის გაფართოება უფრო ხელსაყრელი და იოლი იქნებოდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებისთვის...
ერთი მხრივ, ამ ბიზნესში ჩართული პირები ასობით ათას ლარს სწირავენ „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს შეკითხვები, რომლებიც ფოთის პორტთან ახლოს მდებარე ინდუსტრიულ ზონას უკავშირდება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა პირდაპირ კავშირშია პორტის ტვირთბრუნვასთან“ - გვეუბნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, კვლევის ავტორი ბესო ნამჩავაძე.
შეწირული ფული და გამოკვეთილი კავშირები
TI-ის ანგარიშის მიხედვით, ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებელ Pace Group-ში შემავალი კომპანიის მფლობელებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2017-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს.
ხოლო 2020 წელს, პორტის გაფართოებისთვის აუცილებელი მიწათსარგებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, მათ „ქართულ ოცნებისთვის“ კიდევ 200 ათასი ლარის შეწირვა გადაწყვიტეს.
რაც შეეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, კვლევის თანახმად იკვეთება კავშირების მთელი ჯაჭვი:
- 2017 წლის იანვარში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი გახდა ჩინური კომპანია CEFC China Energy, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი 2017 წელს მძიმე დანაშაულებისთვის ნიუ იორკში დააპატიმრეს.
- 2018 წლის თებერვალში, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მაშინ ექსპრემიერი იყო, CEFC Energy Company Limited-ის წილების მმართველ კომპანიის - შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი გახდა;
- „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფიდან“ ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით 410,704 ლარი მიიღო.
- CEFC-ის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი;
- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩხარტიშვილის „საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრის” დააარსებული „საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის“ საპატიო პრეზიდენტად CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი იქნა არჩეული.
როგორც ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ჩინური კავშირების კვალმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კიდევ უფრო შორს წაიყვანა.
2020 წლის აპრილში, როცა შანხაის სასამართლომ CEFC-ი და მისი კომპანიები გაკოტრებულად გამოაცხადა, „სი ი ეფ სი ევრო-აზიურის“ აქტივების მმართველი საქართველოში გახდა შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“. ამ ჯგუფის 50%-ს ფლობს 2016 წელს დაფუძნებული „ევრაზიან ინვესტი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ისევ ვანო ჩხარტიშვილია.
ასევე ნახეთ მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს უპრეცედენტო დამოკიდებულებაშემდეგ ეს ჯაჭვი ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიებამდე მიდის და „ევრაზიან ინვესტის“ ორი მფლობელი კომპანიის კვალი ოფშორებში იკარგება.
ბესო ნამჩავაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, თავდაპირველად „ევრაზიან ინვესტის“ დირექტორი იყო "ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი". "აქედან გამომდინარე, ბრიტანული კომპანიები ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული" - ვკითხულობთ კვლევაში.
TI-ის ანგარიშში ერთმანეთთან არის შედარებული ფოთისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტების შესაძლებლობები, სადაც ამ უკანასკნელის უპირატესობა იკვეთება.
რა ელის ანაკლიის პორტის პროექტს
რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის მიმართა.
გვაინტერესებდა რა გაკეთდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 4 მარტს, პრემიერის პოსტზე ახლად დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამზადებელი პროცესი ეკონომიკის სამინისტროს წიაღში „უახლოეს მომავალში“ დაიწყებოდა.
სამინისტროდან 23 აპრილს მიღებული წერილობითი პასუხის თანახმად:
- "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში შეირჩევა";
- ხოლო ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს "სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აწარმოებს ფასგამოკითხვას, რაც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს".
რატომ დადგა დღის წესრიგში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავების საჭიროება?
ეკომიკის სამინისტროს თანახმად, "საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების განახლების პროგნოზებისა და ბიზნეს მოდელის მომზადება".
სამინისტრო ასევე გვატყობინებს, რომ ამის შემდეგ, "წლის ბოლომდე დაიწყება ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის პროცედურა".
ასევე ნახეთ მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადებას გეგმავსანაკლიის პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ 2019 წლის დასაწყისიდან დგას.
- პროექტის გარშემო ხმაური 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო, როცა „თიბისი“ ჯგუფის მაშინდელ ხელმძღვანელებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია გაუხსენა და ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი;
- მწვავე დაპირისპირების შემდეგ, 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება შეუწყვიტა და ოფიციალურ მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. მრავალჯერ ითქვა, რომ კონსორციუმმა ინვესტიციების მოზიდვა ვერ შეძლო;
- კონსორციუმი, რომელმაც პროექტს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაახარჯა, მუდმივად აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტს ხელოვნური პრობლემები შეუქმნა და ინვესტორებიც დაუფრთხო.
- პროექტის დამფუძნებელი, ამჟამად „ლელოს“ ლიდერი და დეპუტატი - მამუკა ხაზარაძე კი ხელისუფლებას და მათ შორის - პირადად ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის ინტერესების მიხედვით ანტიდასავლურ მოქმედებაში ადანაშაულებდა.
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი - "ლოგიკური დასასრული"
ყველაფერი სწორედ პროექტის შეჩერებით რომ დასრულდებოდა, ამას ექსპერტები ჯერ კიდევ 2019 წელს, პროცესების დასაწყისშივე ვარაუდობდნენ. „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორისთვის, გიორგი ისაკაძისთვის ძველი შეკითხვები და ეჭვები ისევ ძალაში რჩება და თითქმის დარწმუნებულია, რომ ვიდრე დავა არ დასრულებულა, ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები არ გამოუჩნდებიან.
„თემა არ არის ამოწურული და ვიდრე პრობლემა არ ამოიწურება შეთანხმებით მოდავე მხარეებს შორის, ანაკლიის პროექტს პერსპექტივა არ უწერია... ანაკლიის თემა ტოქსიკურია და არა მხოლოდ ახალი ტენდერის გამოცხადების ჭრილში. ეს ტოქსიკურია მთლიანად საინვესტიციო კლიმატისთვის...
არ დაგიმალავთ და ასეთ პირობებში ტენდერის გამოცხადება ჩემთვის პრობლემა იქნებოდა - მე ვხედავ შესაძლო დაინტერესებას ჩინური კომპანიების მხრიდან და რუსულ კაპიტალთან დაკავშირებული კომპანიების მხრიდან, რომელთა წარმომავლობის გარკვევა სულ უფრო რთული ხდება და მათ შორის ოფშორული სქემებიდან გამომდინარე, სულ უფრო რთული ხდება იმის გარკვევა, ვინ დგას მათ უკან“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ისაკაძე.
ასევე ნახეთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ - წლები საარბიტრაჟო სასამართლოშიგიორგი ისაკაძის შეფასებით, მათ შორის - მეტეოროლოგიური პირობებისა თუ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით, „ფოთის პორტის გამტარუნარიანობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი საქართველოსთვის“.
ისაკაძეს კარგად ესმის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ მოთხოვნილი ექსკლუზიურობა და ფინანსური გარანტიები მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, მთელი რიგი რისკების გათვალისწინებით, 2,5-მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ განვითარების შესაძლებლობა ფოთის პორტსაც უნდა მისცემოდა და ის ანაკლიის პროექტის გამო არ უნდა შეზღუდულიყო.
საერთაშორისო დაინტერესება
ბოლო წლებში ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივა იაპონიის მთავრობის ყურადღების არეალშიც მოექცა, ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობების ფონზე.
|
ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ შეთანხმებას უკავშირდება იაპონიის მთავრობის დაინტერესება ანაკლიის პორტის მიმართ და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის დაინტერესებასაც ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოში, მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შავ ზღვაზე ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეეხებოდა საუბარი 20 აპრილს შემდგარ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი წარმოადგენს ნაწილს საინვესტიციო სამოქმედო გეგმისა (TEN-T), რომელიც 2019 წელს ერთობლივად შეიმუშავეს ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა. იყო ევროკავშირის მზაობა პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების შესახებ. ანაკლიის პორტის თემა წლის დასაწყისში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ანგარიშშიც მოხვდა.
Your browser doesn’t support HTML5
ექსპერტები მოელიან, რომ ანაკლიის პროექტთან მიმართებით იქნება მეტი დაინტერესება აშშ-ის მხრიდანაც, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, როცა შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული ჩინეთის მიერ ლობირებული სატრანსპორტო დერეფნის საპირწონე გზების ძიებით.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ანაკლიის პორტთან მიმართებით აფრთხილებდა საქართველოს, რომ არ მოქცეულიყო რუსეთისა და ჩინეთის გავლენების ქვეშ. ანაკლიის ამბავი პომპეომ თბილისში ჩამოსვლის დროსაც მოიკითხა.