Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს უპრეცედენტო დამოკიდებულება


„არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მთელ სამთავრობო სტრუქტურებს ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ, სადაც ხაზარაძე განმარტავს, რომ ფოთის პორტის მშენებლობის საკითხი საფრთხეშია.

„რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გვაქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც. ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას“.

29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე, სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კონსორციუმს მოუწოდა, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება და მშენებლობა დროულად დაიწყოს.

XS
SM
MD
LG