Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს


საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხდა.

"ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის მომენტს დავიწყებთ უახლოეს მომავალში, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყება ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ინვესტორის შერჩევის პროცესში", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში.

საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი დღემდე არ ჩაუტარებია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს და პროექტში თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG