25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. თუმცა ჩეჩნეთის აეროპორტში დაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე აღმოსავლეთით გადაუხვია, კასპიის ზღვა გადაკვეთა და მის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ყაზახეთის ტერიტორიაზე ავარიულად დაეშვა.
თვითმფრინავის 38 მგზავრი, მათ შორის, პილოტები, დაიღუპა. 29 ადამიანი გადარჩა.
თავდაპირველად რუსული საავიაციო სამსახური ამბობდა, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჩიტების გუნდს შეეჯახა.
ასევე ნახეთ რუსეთის სამსახურებს კოორდინირებულად რომ ემუშავათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა - ალიევი ავიაკატასტროფაზეგადარჩენილები ჰყვებიან, რომ გროზნოს მიახლოებული თვითმფრინავი ბურუსში აღმოჩნდა. პილოტმა ორჯერ სცადა დაჯდომა, მაგრამ უშედეგოდ. მესამე ჯერზე უკვე აფეთქება იგრძნეს.
ამის შემდეგ, თვითმფრინავმა გროზნოსგან გადაუხვია და 450 კმ იფრინა, ვიდრე ავარიულად დაეშვებოდა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან.
რა მოხდა სინამდვილეში?
დიდი ალბათობით, თვითმფრინავს რუსული საჰაერო თავდაცვის ნასროლი ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა, რომელიც უკრაინული დრონებისთვის იყო გამიზნული.
დრონების თავდასხმის მოსაგერიებლად, რუსები GPS სიგნალს ახშობენ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს ავტომატური ნავიგაცია დაეკარგათ და ამიტომ ვერ მოეხერხებინათ თვითმფრინავის გროზნოში დასმა.
ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში ბოდიში მოიხადა პირადად ვლადიმირ პუტინმა. კრემლის განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ თვითმფრინავის რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას რუსეთის ქალაქებს, გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს „თავს ესხმოდნენ უკრაინული უპილოტო საფრენი საშუალებები, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი ეს თავდასხმები მოიგერია“.
ასევე ნახეთ ჩამოგდებული აბრა „რუსული სახლის“ თავზე - ბაქო მოსკოვის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ?რუსული ჰაერი
რუსული საჰაერო სივრცე სახიფათოა და ამ ხიფათისგან დაცული არც საქართველოდან შესრულებული ფრენებია. რადიო თავისუფლებამ 2024 წლის ივნისში დაითვალა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის იმ თვეში 400-ზე მეტი რეისი იყო დაგეგმილი.
რუსეთ-საქართველოს შორის დაფრინავენ როგორც რუსული ავიაკომპანიები Red Wings-ი და „აზიმუტი“, ისევე „საქართველოს ავიახაზები“. რეისები სრულდება თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მიმართულებით.
აზერბაიჯანულმა ავიახაზებმა 25 დეკემბრის კატასტროფის შემდეგ ათ რუსულ ქალაქში შეწყვიტა ფრენა, მაგრამ მათ უმეტესობაში ძველებურად დაფრინავენ საქართველოდან.
25 დეკემბრის ავიაკატასტროფა პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა კერძო ავიაკომპანიებს რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ძნელად განჭვრეტად რისკებს უქმნის.
2014 წლის მარტში დონეცკის რეგიონში რუსეთის მოკავშირე სეპარატისტების ნასროლმა რაკეტამ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ, გაზრდილი ხარჯებისა და ფრენების ხანგრძლივობის მიუხედავად, კერძო ავიაკომპანიებს უკრაინისა და რუსეთის საჰაერო სივრცის დიდ ნაწილზე უარის თქმა მოუხდათ.
ასევე ნახეთ მალაიზიური Boeing-ის 2014 წლის კატასტროფაზე გამოძიება: პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრებასამი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებას საერთაშორისო სანქციები მოჰყვა, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა დასავლური ქვეყანა შეუერთდა. სასანქციო რეჟიმმა ავიაციაზეც იქონია გავლენა - დღეს რუსეთში დასავლური ავიაკომპანიები აღარ დაფრინავენ.
ამისდა მიუხედავად, რუსეთში ფრენა არ შეუწყვეტიათ ისეთი ქვეყნების ავიახაზებს, რომლებსაც რუსეთისთვის მკაცრი სანქციები არ დაუწესებიათ. შესაბამისად, რუსეთში ფრენას კვლავინდებურად აგრძელებენ, მაგალითად, Turkish Airlines-ი და Qatar Airways-ი.
აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) მე-60 გრძედის აღმოსავლეთით, ყველა სიმაღლეზე, რუსეთის ხუთ რეგიონში ყველანაირი ფრენის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა. ეს ხუთი საფრენი რეგიონი მოიცავს მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, სამარას, ეკატერინბურგსა და როსტოვს. როსტოვის გარდა, საქართველოდან ოთხივე დიდ ქალაქში სრულდება პირდაპირი რეისები.
EASA-ს რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავაც შეიცავს სამოქალაქო ავიახომალდებზე წინასწარგანუზრახველი თავდასხმების რისკს, 31 ივლისს გადაიხედება.
ასევე ნახეთ რუსეთი ვეღარ იფრენს?შეიძლება, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში რისკისგან თავი დაიზღვიონ?
რუსეთის თავზე ფრენის საფრთხეს კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზეც, იქ „ომი არაა“ - კრემლის ოფიციალური ვერსიით უკრაინაში ხომ მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს.
ამიტომაც, რუსულ საავიაციო უწყებებს უწევთ თავი მოიკატუნონ, რომ ცხოვრება ძველებურად გრძელდება. ბუნებრივია, ისინი ვერ აღიარებენ, რომ რუსულ საჰაერო სივრცეში ფრენა უსაფრთხო არაა და, შესაბამისად, უსაფრთხოებისკენ ნაბიჯებსაც ვერ გადადგამენ.
გარდა ამისა, ავიაკომპანიებისთვის რისკის შემცირებას ისიც ართულებს, რომ შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო, რომელ გეოგრაფიულ მონაკვეთში შეიძლება ისე გამწვავდეს სიტუაცია, რომ სავალალო შედეგი დადგეს. ბოლო თვეები თითქმის არ ყოფილა ისეთი დღე, როცა ორივე მიმართულებით დრონებით შეტევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულიყოს. ამ პირობებში, ყველაზე გარანტირებული პრევენციული ზომა ავიაკომპანიებისთვის, რუსეთის მიმართულებით ფრენების შეწყვეტაა.