უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენ

ვლადიმირ პუტინი

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ ახსენა უკრაინის ტერიტორიაზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის იდეა.

თავდაპირველად ეს იდეა, სხვა ტერმინით - „სანიტარული ზონა“ - რუსეთის ლიდერის ლექსიკონში გასული წლის ივნისში, უკრაინის მხრიდან რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ გაჩნდა.

„შესაძლოა შეიქმნას აუცილებლობა უსაფრთხოების ზონის შექმნისა, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნებოდა იმ გამანადგურებელი, პირველ ყოვლისა, უცხოური წარმოშობის საშუალებებისთვის, რომელთაც მოწინააღმდეგე იყენებს“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა 17 მარტს დასმულ შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად რუსეთთან ხარკოვის ოლქის მიერთებას იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეებში კვლავ გაძლიერდა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის დაბომბვა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა დეტალებზე პუტინს არ უსაუბრია, კიევში ფიქრობენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა სხვა არაფერია, თუ არა ათეული ან ასეული კილომეტრის სიღრმეში მდებარე უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია, რისთვისაც რუსეთის არმიას არც ადამიანური რესურსი გააჩნია და არც ტექნიკური.

„სიტყვაზე, ავიღოთ ავდეევკა, რომელიც რუსებმა მიწასთან გაასწორეს. იქ რა უსაფრთხოების ზონაზეა საუბარი, არ მესმის. რეალურად თუ შევხედავთ სამხედრო მოქმედებების რუკას და შევადარებთ, თუ სად იყო ბრძოლები ერთი კვირის წინ, გუშინ და სადაა დღეს, - დავინახავთ, რომ გარკვეული მცოცავი წინსვლა რუსეთის ფედერაციას გააჩნია. მაგრამ იმასთან შედარებით, რა ტერიტორიასაც იპყრობენ და რა დანაკარგებსაც ამისთვის განიცდიან, - არა მგონია, რომ რუსეთს ბრძოლის გაგრძელების ძალა, ენერგია და ხალისი დიდხანს ეყოს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლკოვნიკმა არჩილ ცინცაძემ, 2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველმა.

"სანიტარული" თუ "უსაფრთხოების" ზონა? კრემლი ტერმინებში აირია

რუსეთის ხელისუფლება, ჩანს, იმდენად შეაშფოთა დივერსიული ჯგუფების ბოლოდროინდელმა რეიდებმა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში, რომ მზად არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) მიზნებს - „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“, კიდევ ერთი, უკრაინის სიღრმეში ბუფერული ზონის შექმნის ამოცანაც დაუმატოს.

კრემლში ამისათვის ორი სამუშაო ტერმინი აქვთ „სანიტარული ზონა“ და „უსაფრთხოების ზონა“. ერთიც და მეორეც გულისხმობს მოწინააღმდეგის შევიწროებას მისსავე ტერიტორიაზე ისე, რომ ვერ შეძლოს ზიანის მიყენება რუსეთის მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობისთვის.

„რუსეთის ტერიტორიების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული დერეფნის, გარკვეული ბუფერული ზონის შექმნით, ისე, რომ ნებისმიერი საშუალება, რომლითაც მტერს შეუძლია დარტყმის მოყენება, წვდომის ზონის მიღმა აღმოჩნდეს“, - ასე განმარტა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული იდეა.

პესკოვმა დააზუსტა ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასეთ საშუალებებში გულისხმობდა უკრაინის ხელთ არსებულ არტილერიას და დრონებს, რომლებიც ბოლო ხანს სულ უფრო და უფრო ღრმად იჭრებიან რუსეთის ტერიტორიაზე და დიდ ზიანს აყენებენ კრიტიკული მნიშვნელობის სამრეწველო ობიექტებს, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე, 13 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, 16 მარტს კი - რუსეთის სამარის რეგიონში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ასევე ნახეთ

დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამავე წყარომ დაასახელა შეტევის მიზანიც. მისი თქმით, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე. ქალაქ ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის თანახმად, 18 მარტს დილით ქალაქის დაცხრილვის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
ხოლო იმავე დღეს ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ერთ კვირაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 11 და დაიჭრა 82 ადამიანი.

ასევე ნახეთ

" ცეცხლოვანი ბიულეტენები"- რუსეთში შეჭრილი მოხალისეები არჩევნებში იარაღით მონაწილეობენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.

კიევში მიაჩნიათ, რომ რუსეთი იმდენად სასოწარკვეთილია მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რომ ტერმინებში აირია და საკუთარ საზოგადოებას დასამშვიდებლად სთავაზობს ისეთ იდეებს, რომელთა არც შესაფერისი განმარტება შეუძლია და არც - რეალიზება.

„მანამდე ის [პუტინი] ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნად უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ასახელებდა. ახლა კი უცებ ის საუბრობს რაღაც სანიტარულ ზონებზე. გამოდის, რომ ის უარს ამბობს დენაციფიკაციაზე, დემილიტარიზაციასა და უკრაინის სახელმწიფო განადგურებაზე, და შეეცდება რაღაცნაირად მოაწყოს გაუგებარი სანიტარული სარტყლები, რომლის განმარტება თავადაც არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ პუტინის ამ განცხადებას წმინდა წყლის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაფორმების ფონზე, პირველ ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა. მისი თქმით, არის მეორე მიზანიც - ზეწოლა დასავლეთზე: „პუტინი ერთდროულად მესამე მსოფლიო ომითაც იმუქრება, ანუ პუტინის მთავარი ამოცანაა, რომ მიაღწიოს იმას, რომ ევროპამ და აშშ-მა შეწყვიტონ უკრაინის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ვერ შეძლებს ამ ომის გაგრძელებას, რაც აშკარაა“.

სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი

პირველად უკრაინის ტერიტორიაზე „სანიტარული ზონის“ შექმნის შესახებ იდეა პუტინმა გასული წლის ივნისში გაახმოვანა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვასა და რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებზე გააკეთა კომენტარი.

მას შემდეგ, კრემლი არ აკონკრეტებს, თუ რომელ გეოგრაფიულ წერტილში და უკრაინის ტერიტორიის რა სიღრმეში აპირებს ასეთი „სანიტარული“ თუ „უსაფრთხოების“ ზონის შექმნას, მაშინ როდესაც რუსეთს ფრონტის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება დაემუქროს საფრთხე უკრაინის არმიისგან, რომელიც დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო მეტი თანამედროვე შეტევითი საშუალებებით იარაღდება.

„ცხადია, განცხადება სანიტარული ზონის შექმნის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება პუტინისგან, რომ მის მიერ დაწყებული ომი გაგრძელდება. უბრალოდ საკითხავი ისაა, სად აპირებს ამ ზონის შექმნას? საიდან დაიწყება ეს ზონა და სად დამთავრდება? 3000 კილომეტრზეა გადაჭიმული რუსეთ-უკრაინის საზღვარი და რა სიღრმეში აპირებენ ამ უსაფრთხოების, სანიტარული თუ კიდევ სხვა ზონის შექმნას - გაუგებარია. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას დაემატება ასევე ბელარუსის, როგორც რუსეთის მოკავშირის საზღვარიც. მე მაინც მგონია, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი [სანიტარული ზონის იდეის წამოყენება] ბელგოროდის მიმართულებით დივერსიული ჯგუფების შესვლამ განაპირობა. სწორედ დივერსიული ჯგუფების ქმედებას მოჰყვა პუტინის მხრიდან „სანიტარული ზონის“ შესახებ განმარტების გაკეთება. მათ სურთ ბელგოროდის მოსახლეობა დააიმედონ იმით, რომ იქმნება რაღაც ბუფერული ზონა, რომელიც თქვენ დაგიცავთ უკრაინული დივერსიებისგან“, - ამბობს პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე 1998 -2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო.2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველი

პუტინი თავისი მუქარით შედეგს ვერ მიაღწევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყალბი ისტორიული და გეოპოლიტიკური არგუმენტების გამოყენებით, 2022 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ომი 2 წელიწადზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე ფრთხილი შეფასებითაც, ორივე მხრიდან დაიღუპა ათიათასობით ჯარისკაცი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთმა მოახერხა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, რომლის ანექსია გამოაცხადა. უკრაინამ შეძლო რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, მაგრამ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს უკრაინული მიწების ნაწილს და მასიური კონტშეტევებითა და დიდი დანაკარგებით ხელთ იგდო დონეცკის ოლქის ქალაქები ბახმუტი და ავდეევკაც.

2023 წელს უკრაინის კონტრიერიშმა მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას მიაღწია და ვერ მოახერხა, როგორც კიევის მოკავშირეები ფიქრობდნენ, ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ე.წ. სახმელეთო დერეფნის შექმნა.

ასევე ნახეთ

აშშ ამზადებს უკრაინის მხარდასაჭერ სტრატეგიას: 2024 წელს პრიორიტეტი იქნება თავდაცვა და არა კონტრშეტევა - WP

2024 წელს შეიცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი და შეიცვალა უკრაინის არმიის სტრატეგიაც რუსეთთან ომში: ესაა კონტრშეტევის ნაცვლად აქტიური თავდაცვა, რაც გულისხმობს მოქანცვას მოწინააღმდეგისა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ზაფხულში გაააქტიურებს შეტევით ოპერაციებს.


„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა - რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე წლის თავზე გამართულ პრეკონფერენციაზე.

უკრაინის ხელისუფლება ამ გეგმის დეტალებზე არ საუბრობს. ასევე უცნობია უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული/უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებული კრემლის გეგმები.

მაგრამ იმ უწყვეტი მუქარისა და ყოველდღიური შეტევების ფონზე, რომლის მიმართაც უკრაინის დამცველებს ორი წლის განმავლობაში მძლავრი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ, კიევში არც ყბადაღებული სანიტარული ზონის შესახებ გაკეთებული განცხადების ეშინიათ.

„როცა ბირთვულ იარაღზე იყო საუბარი და პუტინმა მეშვიდედ თუ მეცხრედ გააკეთა ეს განცხადება, რომ ბირთვულ იარაღსაც გამოვიყენებ, თუ დამჭირდაო, - მის ამ განცხადებას ხალხი უკვე ყურადღების ღირსადაც აღარ თვლის. ახლა საუბარი იმაზეა, თუ რა მასშტაბებით მოხდება და რა ძალებს მიმართავს რუსეთი ამ სანიტარული ზონის შესაქმნელად. ამიტომ, როგორ ინტერპრეტაციაშიაც არ უნდა გააგრძელოს პუტინმა შემდგომში თავისი მუქარები, ის ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან უკრაინაში ამ მუქარების არავის ეშინია“, - ამბობს პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე.

Fox News-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა 2024 წელს გეგმავს არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ახალი კონტრშეტევითი ოპერაციების მომზადებას, თუ დასავლეთი დროულად მიაწვდის სამხედრო დახმარებას.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარების დეფიციტმა შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და შეზღუდვები ასეთი ოპერაციების მსვლელობაში.

ISW-ს მოჰყავს ამერიკელი მოხელეების შეფასებები, რომლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები 2024 წლის მარტში საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების „კრიტიკულ დეფიციტს“ იგრძნობენ, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში დეფიციტი უფრო შესამჩნევი გახდება.