უკრაინა „ევრომაიდნის“ მეექვსე წლისთავზე

კიევი, 21 ნოემბერი, 2013 წ.

ექვსი წლის წინ, 2013 წლის 21 ნოემბერს, კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში დაიწყო „ევრომაიდნის“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო აქციები, რაც ოთხ თვეში ხელისუფლებიდან მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოშორებითა და პროევროპული ძალების გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა „ღირსების რევოლუციის“ მეექვსე წლისთავზე იმდროინდელი ბობოქარი მოვლენების ბევრი აღიარებული ლიდერი ან საერთოდ არ ჩანს, ან ვერანაირ გავლენას ვეღარ ახდენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წლის დასაწყისში უკრაინაში მომხდარი „ელექტორალური გადატრიალების“ შემდეგ, რომელიც რევოლუციურ ისტებლიშმენტს მოუწყო პოლიტიკურად სრულიად გამოუცდელმა შოუმენმა და კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა „ხალხის მსახურმა“.

მთავარი მსჯავრდებული - პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი

ექვსი წლის წინ, 2013 წლის 20 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაიწყეს ქუჩაში გამოსვლები ქვეყნის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც კიევი, ფაქტობრივად, უარს ამბობდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ვინაიდან მოვლენების ეპიცენტრი იყო კიევის ცენტრალური „მაიდან ნეზალეჟნოსტი“ (დამოუკიდებლობის მოედანი) უკრაინის ისტორიაში ეს მოვლენა შევიდა „ევრომაიდნის“ სახელით.

2013 წლის 30 ნოემბრის დილით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, „ბერკუტმა“, სასტიკად დაშალა სტუდენტთა მიტინგი კიევის ცენტრში.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ზახარჩენკომ ბოდიში მოუხადა უკრაინელებს მილიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის, ხოლო პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თქვა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, „რათა დაჩქარდეს ევროპის კავშირთან უკრაინის დაახლოების პროცესი“.

ასევე ნახეთ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, კვლავ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია

მაგრამ ეს რეაქცია დაგვიანებული აღმოჩნდა. 1 დეკემბერს დედაქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. პროტესტი გადაიზარდა სამთვიან პოლიტიკურ კრიზისში, რომლის კულმინაციაც გახდა 18 თებერვალი.

ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და სამთავრობო უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კიევის დამოუკიდებლობის მოედნის, „ევრომაიდნის“, მახლობლად. თვითმხილველთა თანახმად, გამოყენებულ იქნა საბრძოლო ტყვიები. თებერვლის მოვლენების დროს დაიღუპა ასზე მეტი აქტივისტი, „ზეციური ასეული“, როგორც მათ ხალხმა უწოდა.

Your browser doesn’t support HTML5

შეტაკებები ევრომაიდნის მახლობლად

რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთში გაიქცა. უკრაინის სასამართლომ 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯა 13-წლიანი პატიმრობა უმძიმესი ბრალდებებით, როგორიცა: სახელმწიფოს ღალატი, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობა და ომის წარმოებისა და, აგრეთვე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელის შეწყობა.

ასევე ნახეთ ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პოროშენკო საბრალდებო სკამზე?

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ „ევრომაიდნის“ მეექვსე წლისთავზე საბრალდებო სკამი ემუქრება „ღირსების რევულუციის“ შემდეგ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ პეტრო პოროშენკოს. მან პრეზიდენტობის პირველსავე ვადაში მნიშვნელოვნად დაკარგა ელექტორატის მხარდაჭერა და დიდი სხვაობით წააგო მეორე საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკაში გამოუცდელ შოუმენ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 21 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 73 %-ზე მეტით გაიმარჯვა.

ასევე ნახეთ აშშ-მა ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა

„ღირსების რევოლუციის“ მეექვსე წლისთავამდე ორი დღით ადრე უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ (DBR), რომელიც რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა მოსთხოვა გენერალურ პროკურატურას.

ასევე ნახეთ უკრაინის საგამოძიებო ბიურო პოროშენკოსთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

უწყების 18 ნოემბრის განცხადებაში, რომლის ადრესატიც ქვეყნის გენერალური პროკურორია, პოროშენკო ეჭვმიტანილია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო გენერალური პროკურორის აპარატს მიმართავს თხოვნით, ინიცირებული იქნეს „ვერხოვნა რადას“ წინაშე პოროშენკოსთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის პრივილეგიის გაუქმება.

ევროკავშირში შეშფოთება გამოხატეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნის გამო. ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის - „ევროპის სახალხო პარტიის“ - ახლად არჩეულმა ლიდერმა, დონალდ ტუსკმა, „ოპოზიციის ლიდერების დაშინებაზეც“ კი გააკეთა მინიშნება.

„ყოველთვის, როდესაც ხელისუფლება ანდა ხელისუფლებაში მყოფი ხალხი მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაიქცევა ტრაგედიად არა მხოლოდ დევნის მსხვერპლისთის, არამედ თავად ქვეყნისათვის“,- განაცხადა ტუსკმა ზაგრებში, სადაც 21 ნოემბერს „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესი გაიმართა.

როგორც ირკვევა, თავის დროზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს, ანდრეი ერმაკს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მინიშნებით ესაუბრა აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის საკითხებში აშშ-ის რწმუნებულის, ელჩ უილიამ ტეილორის მიერ კონგრესში გამართულ დახურულ მოსმენებზე მიცემული ჩვენების გასაჯაროების დროს.

მაგრამ კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა და დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმება ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის მსახურმა“ უმრავლესობა მოიპოვა, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის 1 იანვრიდან.

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ

ამ დოკუმენტის თანახმად, უკრაინის დეპუტატები შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ და მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ უმაღლესი რადის თანხმობის გარეშე. კანონში არ არის დაშვებული არანაირი გამონაკლისი დეპუტატის მანდატით აღჭურვილი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა უმრავლესობის მიერ ინიცირებული ღია მოსმენების გამო უკრაინა, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულმა გამოძიებამ, კერძოდ, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, შეუჩერა თუ არა დონალდ ტრამპმა 390 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაცემა კიევს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება, მისი დაჟინებული მოთხოვნით, არ დაიწყებდა გამოძიებას ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ ენერგოკომპანია „ბურისმის“ საქმის გარშემო.

საიმპიჩმენტო გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია და, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში ღია ჩვენებების დასრულების შემდეგ სენატის ჯერი დადგება.

ასევე ნახეთ როგორ მუშაობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ში?

მაგრამ იმპიჩმენტის გარშემო გამართული დებატები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ უკრაინა მნიშვნელოვანი მიმართულებაა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, ხოლო კიევსა და ვაშინგტონს ჰყავთ საერთო სტრატეგიული მოწინააღმდეგე, მოსკოვის სახით, რომელმაც 2014 წლის უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი ყოველგვარ დახმარებას უწევს დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებულ ამბოხს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ვაშინგტონმა კიევს გადასცა არაერთი დასახელების აღჭურვილობა, მათ შორის გასულ წელს - თანამედროვე ანტისატანკო სარაკეტო შეიარაღება, „ჯაველინები“.

ასევე ნახეთ უკრაინა მორიგი ამერიკული იარაღის მოლოდინში

კიევმა 2018 წლის აპრილში დაადასტურა, რომ აშშ-ისგან მიიღო „ჯაველინის“ 37 მართვადი გამშვები დანადგარი და 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.

ერთ-ერთ პოლიგონზე იარაღის გამოცდას დაესწრო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ „ჯაველინი“ თავდაცვის საშუალებაა და მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეუტევს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს.

ურთიერთობა რუსეთთან

მაგრამ „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ ეს არის პირველი წელი, როდესაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რამდენჯერმე გაიმართა აქციები ლოზუნგებით „არა კაპიტულაციას“.

მასში მონაწილე უკრაინელი ვეტერანები და სამოქალაქო აქტივისტები ეწინააღმდეგებიან დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის დაწესებას, რასაც ითვალისწინებს უკრაინის ხელისუფლების მიერ „შტაინმაიერის ფორმულის“ მხარდაჭერა.

ასევე ნახეთ შტაინმაიერის თუ ლავროვის „ფორმულა“?

უკრაინის „ნაციონალური კორპუსი“ და ვეტერანთა სხვა რამდენიმე გაერთიანება წინააღმდეგია კონფლიქტის ზონაში გამყოფ ხაზებზე მყოფი უკრაინული დანაყოფების გაყვანისა. პოლიტიკური ოპონენტები და ბრძოლაგამოვლილი ვეტერანები ვოლოდიმირ ზელენსკის ეროვნული ინტერესების ღალატსა და რუსეთის წინაშე კაპიტულაციაში ადანაშაულებენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირებაა და მის შესასრულებლად უკრაინის ლიდერი მზად იყო საკუთარი პუპულარობაც კი გაეწირა.

მაგრამ ახლა, როცა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, ზელენსკი რუსეთის წინაშე არავითარ კაპიტულაციაზე წასვლას არ აპირებს.

20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იმყოფებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც საველე სამოსში მყოფმა ქვეყნის უმაღლესმა მთავრსარდალმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს ჯერ დონბასის დეოკუპაციას და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ‘შტაინმაიერის ფორმულასთან“.

ვოლოდიმირ ზელენსკი არც სხვა პუნქტებში აპირებს უკან დახევას.

20 ნოემბერს, აღმოსავლეთ უკრაინის სტანიცა ლუგანსკოეში ყოფნის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლედ ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომლებსაც წამოჭრის „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრაზე:

  • ყველა უკრაინელი პატიმრის უპირობო გათავისუფლება;
  • ცეცხლის ნამდვილი და არა მოჩვენებითი შეწყვეტა გამყოფ ხაზზე;
  • ქვეყნის მთელ საზღვარზე - მათ შორის რუსეთთან მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთზე - კონტროლის აღდგენა;
ასევე ნახეთ პირველი ხმამაღალი პროტესტი ზელენსკის მთავრობაში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ უკრაინის არმია გულხელდაკრეფილი არ იქნება, თუ მოწინააღმდეგის მხრიდან კვლავ გაგრძელდება კონფლიქტის ზონაში მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა.