Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა


კიევში, უკრინის სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. იანუკოვიჩი დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფოს ღალატისა და უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და ომის წარმოებისათვის ხელის შეწყობის, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დახმარების ბრალდებებით.

„იანუკოვმა ჩაიდინა დანაშაული უკრაინის სახელმწიფო უშიშროების საძირკველის წინააღმდეგ“, გამოაცხადა მოსამართლე ვლადისლავ დავიატკომ კიევის ობოლონის სარაიონო სასამართლოში 24 იანვარს. დავიატკომ ასევე თქვა, რომ იანუკოვიჩის ქმედებამ თანამდებობაზე ხელი შეწყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კონფლიქტს ქვეყნის აღმოსავლეთში.

იანუკოვიჩი თანამდებობიდან ჩამოაგდეს კიევში მაიდანის სახელით ცნობილი გამოსვლების შედეგად 2014 წლის თებერვალში. გამოსვლები მოჰყვა იანუკოვიჩის მცდელობას, ჩაეფუშა ევროკავშირთან უკრაინის მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება და განაცხადა, რომ მოსკოვთან ახლო ურთიერთობის დამყარება სურს.

იანუკოვიჩი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მან შარშან ნოემბერში უარი თქვა, სკაიპის საშუალებით მიეცა ჩვენება. მოსამართლე დავიატკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის მიმართ აგრესიული ომის წარმოებაში ხელშეწყობა იანუკოვიჩს დაუმტკიცდა. მას ბრალად დასდეს ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში ხელისშეწყობა. ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევენ იანუკოვიჩის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი თხოვნით, რომ ჯარი შეიყვანოს უკრაინაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტია უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის“.

როგორც ტელეარხი 112.UA იტყობინება, მისი ადვოკატის თანახმად, იანუკოვიჩს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სულ, უკრაინის მედიის ცნობით, იანუკოვიჩს გაეგზავნა სასამართლოს 70 შეტყობინება. პროკურატურა ითხოვდა მისთვის 15 წლიან პატიმრობას.

2014 წელს იანუკოვიჩი რუსი სამხედროების დახმარებით გაიქცა რუსეთში, სადაც დროებითი თავშესაფარი მიიღო.

XS
SM
MD
LG