Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, კვლავ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია


უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეებმა კვლავ დაიკავეს „მაიდან ნეზალეჟნოსტი“ - დამოუკიდებლობის მოედანი მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც 1 დეკემბრიდან კრძალავს ამ ადგილზე აქციების ჩატარებას საახალწლო და საშობაო სამზადისის გამო. ეს ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციაა მაიდანზე, მას მერე, რაც საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო ერთი კვირის წინ. სხვადასხვა მონაცემებით, მასზე რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. დემონსტრანტთა მოახლოებისას მილიციამ სწრაფად დატოვა მოედანი. აქციის მონაწილეებმა დაშალეს კონსტრუქცია, რომლითაც შემოღობილი იყო მოედანი და საახალწლო ნაძვის ხისთვის განკუთვნილი ადგილი. ისინი სკანდირებენ: „რევოლუცია!“. მანიფესტანტები მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ისმის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტალი ზახარჩენკოს გადადგომის მოთხოვნებიც. დღეს ზახარჩენკომ ბოდიში მოუხადა უკრაინელებს მაიდანზე მილიციის მიერ შაბათს გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის. გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკას თქმით, გამოძიებულ იქნება მაიდანზე სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედებების „ყოველი წუთი“. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის ქვეყანას ევროკავშირს დაუახლოვებს. კვირას გაკეთებულ განცხადებაში იანუკოვიჩმა თქვა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, „რათა დაჩქარდეს ევროპის კავშირთან უკრაინის დაახლოების პროცესი.“
XS
SM
MD
LG